თორნიკე რიჟვაძე: მომავალი წლის გეგმები და ამოცანები კიდევ უფრო ამბიციურია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო თათბირები გამართა და 2024 წლის პრიორიტეტებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ეფექტიანად განხორციელებაზე ისაუბრა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა, ნაერთი ბიუჯეტი მილიარდ ლარს მიუახლოვდა.
გაიზარდა როგორც სამინისტროების, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა.
,,2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ყველა მიმართულებით იზრდება. მომავალი წლის გეგმები და ამოცანები კიდევ უფრო ამბიციურია. წელს პირველად, ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა მილიარდ ლარს. საკუთრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 700 მილიონ ლარზე მეტია. ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა ბიუჯეტი და შესაბამისად, გაორმაგდა სამინისტროების დაფინანსებაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროექტის ეფექტიანად განხორციელება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყალმომარაგება, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება, გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობის პროექტი, ჭვანის და მაჭახელას „ეთნოსოფლის“ განვითარების პროექტი. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 35 მლნ ლარი დაიხარჯება.
2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით იზრდება და 51 მლნ ლარს გადააჭარბებს. შედეგად, გაიზრდება გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტთა სამედიცინო მომსახურება, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაფინანსება და სხვა. ახალი პროექტები განხორციელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით.
იზრდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტიც. გაიზარდა ციტრუსის სუბსიდირება, გაგრძელდება საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის ფარგლებში მეწარმეების დაფინანსება, მიწის უფასოდ დამუშავება. იგეგმება პროექტების განხორციელება ეკოტურიზმის და აგრომეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით, განხორციელდება სატყეო რეფორმა.
სამუშაო შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის მთავრობის და სამინისტროების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.