უმაღლესს საბჭოში „ვიზიტების“ მონაწილეებს უმასპინძლეს
აჭარის საკანონმდებლო ორგანომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის – „ვიზიტების“ მონაწილე სტუდენტებს, „რუსთაველის“ კლუბის წევრებს უმასპინძლა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები, საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ბოლო წლებში ინსტიტუციური გაძლიერებისა და ღია მმართველობის მექანიზმების დანერგვის კუთხით გატარებული რეფორმები გააცნო. კლუბის წევრებს გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის, სამოქალაქო აქტიურობის, პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის როლზე, ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ასევე, ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად ქვეყნის სამოქმედო გეგმაზე, ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავების ხელშემწყობ პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.
ახალგაზრდების კითხვებს, რომელიც სხვადასხვა, მათთვის საინტერესო საკითხს ეხებოდა, დეპუტატებმა უპასუხეს. მათ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა, ჩართულობის ცენტრი და სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინეს, გააცნეს ახალი ვებპლატფორმის საშუალებით დანერგილი ონლაინსერვისები და სიახლეები.