დილიდან მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვს
თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-ს აღწევს, დაბაში კი 5-7 სანტიმეტრია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანისპარაულში, ბაკიბაკოში, თხილვანასა და სხვა სოფლებში შიდასაუბნო გზები უკვე იწმინდება.ცენტრალურ გზაზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, თუმცა ხულოს სამ და შუახევის სამ საბავშვო ბაღში აღსაზრდელები არ გამოცხადდნენ. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხებებია ხიხაძირისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტროსადენები და დილიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, უმოკლეს დროში აღდგება დაზიანებული მონაკვეთები. დიდთოვლობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გოდერძის უღელტეხილიდან ახალციხის მიმართულებით.
უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესები განვითარდა. კერძოდ, ჩაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან მიწის მასა ჩამოწვა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩაიმეწყრა. სოფელში ამ დროისთვის მოძრაობა შეზღუდულია. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ხალას შიდასასოფლო გზაზე და მოძრაობა შეზღუდულია, მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობს. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური გზების გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია საგზაო დეპარტამენტის რამდენიმე ერთეული ტექნიკა, შიდასასოფლო გზები კი მერიის ტექნიკის დახმარებით იწმინდება.