ჯანდაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი პრევენცია, ასევე, საზოგადოებისთვის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების გაცნობა.
,,შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ.
კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.