ომის 74-ე დღე ახლო აღმოსავლეთში
ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას კიდევ უფრო აძლიერებს. გუშინ ღამით „ცაჰალის“ ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით, ქალაქ ბეიტ ჰანუნში დაჯგუფების მთელი შენაერთი გაანადგურეს და მათი სამეთაურო პუნქტი დაიკავეს. ღაზის სექტორის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სამხრეთ ნაწილის დაბომბვისას სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.
ასევე, ადგილობრივმა სამედიცინო წყაროებმა მედიასთან განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ანკლავში ალ-ალჰის საავადმყოფო დაარბიეს. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანკლავში, ჯაბალიას თავშესაფარში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.
„ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად, ისრაელს „ჰეზბოლასთან“ გამკლავებაც უწევს. ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვართან დაჯგუფების ობიექტებზე ავიაგამანადგურებლებით მიიტანა იერიში.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოვან გალანტი კი ამბობს, რომ ღაზაში ოპერაციის შემდეგ , ისრაელი ეტაპობრივად გადავა ახალ ფაზაზე.
„ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშაობა დავიწყოთ“, – აღნიშნა იოვან გალანტმა.