აქცია – ბინიდან გამოსახლებულთა მხარდასაჭერად
თამარ ლამპარაძე 595858006
დღეს, 15 საათზე ბათუმში, მერიის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის სახლის წინ გაემართნენ ადამიანები, რომლებმაც გამოხატეს თავიანთი სოლიდარობა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ორი დღის წინ იპოთეკური სესხის გამო გამოსახლებული ოჯახის და მის მხარდამჭერ პირთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა მიმართ. ,,არა გამოსახლებას!“, არა უსახლკარობას !“ – ამგვარი პლაკატებით გამოხატავდნენ აქციის მონაწილეები პროტესტს ზემოაღნიშნული გამოსახლების და მისი შედეგების გამო. აქციის მთავარი მიზანი იყო, იპოთეკით დაზარალებულებს ხელისუფლებისთვის შეეხსენებინათ, რომ საბანკო დავალიანების მქონე პირებს გამოსახლება და ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ. ისინი ხელისუფლებისგან თანადგომას მოითხოვდნენ, რათა არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ.
ჩვენ გავაესაუბრეთ უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია:
– ხელისუფლებამ უნდა აღიაროს უსახლკაროთა სტატუსი და ასევე, უნდა შეასრულოს დანაპირები, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე მისცა ხალხს – დაბალპროცენტიანი კრედიტები იმ ოჯახებისთვის, ვისაც იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული. მაშინ მსგავს ოჯახებს ხელისუფლება ჰპირდებოდა, რომ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ისეთ პროექტს განახორციელებდნენ , რომ არცერთი მხარე არ დაზარალდებოდა. დღეს აქ შეკრებილმა მოსახლეობამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ გვერდში დაუდგეს მათ და აუცილებლად დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროა, რომ მთავრობისგან არავინ გამოვიდა მათთან სასაუბროდ, – გვითხრა მან.