ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ.
,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მე ორჯერ მომიწია პრემიერ-მინისტრის უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში ყველაზე მეტ ხანს – 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, მითუმეტეს რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭოსთან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს“ -განაცხადა ღარიბაშვილმა.