სოფიო ღლონტი: მთავარი არის, რომ გაჩნდი ქალად…
ახალგაზრდა პოეტი სოფიო ღლონტი ბათუმში სულ ხუთი წელია, რაც ცხოვრობს. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნიჭითა და გარეგნობით გამორჩეული ქალბატონი შეეყვარებინა ბათუმს გულწრფელი, მხატვრული სახეებითა და დასამახსოვრებელი მეტაფორებით მდიდარი პოეზიისთვის. სწორედ ამ სიყვარულის გამოხატულება იყო მისი შემოქმედებითი საღამო, რომელიც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ფილიალში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. აქ შეკრებილთა ნაწილისთვის, რომლებიც საღამოზე სოფოს პოეზიის სიყვარულმა და ინტერესმა მოიყვანა, სიურპრიზი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ ეს ახალგაზრდა შემოქმედი მრავალმხრივი საქმიანობითაც გამოირჩევა. დარბაზში ისხდნენ მისი დაარსებული თეატრალური სახელოსნოს აღსაზრდელები, რომლებიც თვალს არ აცილებდნენ სოფიოს და ალბათ ძალიან ეამაყებოდათ, რომ ეს ლამაზი პოეტი ქალი მათი მასწავლებელია.
პროფესიით მსახიობია, ეამაყება, რომ მსოფლიოში აღიარებული ხელოვანის ამირან შალიკაშვილის მოსწავლეა.
ეს ახალგაზრდა ქალბატონი საგამომცემლო საქმესაც ემსახურება, გამომცემლობას, რომელსაც ხელმძღვანელობს „ოდა“ ჰქვია და, როგორც თავად ამბობს, ღიაა ყველა ნიჭიერი შემოქმედისთვის, რათა მათ სამწერლო ასპარეზზე გზის გაკაფვაში დაეხმაროს.
როგორც შემოქმედებით საღამოებზე ხდება, აქაც ძირითადი დრო მთავარი გმირის პოეზიას დაეთმო. პუბლიკას საშუალება ჰქონდა, აზრითა და სილამაზით დატვირთული ლექსები თავად ავტორისგან მოესმინა. საღამო გაალამაზა პოეტის აღსაზრდელების მიერ თქმულმა ლექსებმაც.
სოფიო ღლონტის შემოქმედებაზე ისაუბრა პოეტმა ზურაბ ფირცხალაიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პოეზიით გალაღებულ საქართველოშიც თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სოფო ნამდვილი პოეზიის მსახურია. საღამოს გმირზე გულთბილად ისაუბრა ლალი ორმოცაძემ, ხოლო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთმა სახემ, ია ნინიძემ მისი მისამართით თქვა:
ჩვენთვის, გადაცემის ავტორებისა და წამყვანებისთვის, გამოწვევა იყო თოქ შოუს ფორმატი, რადგან სულ გვესმის, რომ ციფრულმა სამყარომ ნებისყოფა დაუკარგა ადამიანებს, აღარავის მოსწონს ბევრი საუბარი, არც მოსმენა საინტერესო, ინტელექტუალური საუბრებისა, თუმცა მაინც გავრისკეთ და ის, რომ შედგა ჩვენი პროექტი, არის სწორედ სოფოს მსგავსი რესპონდენტების დამსახურება. სოფოს მოსვლა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩვენთვის, მასთან ერთად შეიძლება ნებისმიერი თემის განვრცობა. ბოლოს კალანდობაზე გვყავდა მოწვეული და 30000-ზე მეტი ნახვაც აქვს ამ გადაცემას, ჰოდა, ვამბობთ: – დიახ, ინტელექტუალური საუბრები ისევ აქტუალურია, ისევ ჰყავს მაყურებელი და მსმენელი. ამაში დასარწმუნებლად დიდი როლი შეასრულა სოფიომ და მადლობა მას; კიდევ იმისთვის, რომ ასეთ ინვესტიციას დებს ახალ თაობაში. გამაოცეს მისი თეატრალური სახელოსნოს აღსაზრდელებმა. მესიამოვნა, რომ თავის ცოდნას უზიარებს ახალ თაობას, საოცრად ნიჭიერი, უკომპლექსო, თავისუფალი ბავშვები ჰყავს. ეს ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია.
სოფიოს ერთ-ერთ ლექსზე თავისი შთაბეჭდილება სოციალურ ქსელში გამოთქვა ცნობილმა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ. ჩვენ მას თავიდან ბოლომდე შემოგთავაზებთ, რადგან, ვფიქრობთ, ეს ლექსი ძალიან კარგად გამოხატავს ამ თავისთავადი შემოქმედის პოტენციალს, რასაც ასე ხატოვნად გაუსვა ხაზი როსტომ ჩხეიძემ მისდამი მიმართულ წერილში:
„ქარი, ვითარცა წიგნი
(ბარათად სოფიო ღლონტს)
სოფიო,
ის ლირიკული რკალი, რომელსაც „ლიტერატურული გაზეთის“ 12 მაისის ნომრიდან გაგვაცნობდი, თან აგრძელებს შენი პოეტური კრებულის – „გოლგოთის ღამე“ – სტილისტიკასა და განწყობილებებს, თან ცვლილებებსაც აგრძნობინებს მკითხველს, როგორც თვალნათლივ დასტურს პირველივე ლექსში გამოხატული სწრაფვისა ასე პირდაპირაც:
ველის შროშანებს შევავლე მზერა, თავბრუდამხვევი მომედო ჟინიო.
და
მეც განახლების დამიდგა ჟამი, ფერებ-ფერებით გავუყვე ბილიკსო.
და ორიგინალურ და მოხდენილ მეტაფორებში გამოხვეულადაც:
რა სურს ქარს ნეტავ, რას ფიქრობს იგი?
აფორიაქებს, რომ არხევს შროშანს?
მსურს გადავშალო, ვითარცა წიგნი,
ბოლო გვერდიდან, რომელიც შორს ჩანს…
იესო ქრისტეს მოლანდებას, შროშანებმა ისედაც რომ უნდა მიგვახვედროს, ძალდაუტანებლად უნდა შემოჰყოლოდა უშუალო მიმართვაც მასთან:
– ო, რაბი.
როგორც მოწყურება ღვთიური მადლით აღვსილი სამყაროსი, უეცრად რომ უნდა შენაცვლებოდა ღმერთდაკარგული სინამდვილის ხატი, გამჭვირვალედ მინიშნებული მიხაილ ბულგაკოვის რომანით „მასტერი და მარგარიტა“ („ოსტატის“ მაგივრად შენც „მასტერს“ რომ ამჯობინებდი, მიხეილ ანთაძის არჩევანისა არ იყოს), აფორიზმად გადაქცეული მისი იმ სიტყვებით:
– ხელნაწერები არ იწვის!
რომ უნდა შეგეკრა ლირიკული ქარგა.
ლილიტი – ევამდელი ქალი ადამის ცხოვრებაში – არაერთი მხატვრული ქმნილების პერსონაჟადაც რომ განმეორდებოდა, ამ რკალის ერთ-ერთ დამამშვენებლადაც უნდა ქცეულიყო მისი სახების შენეული გააზრება, მის არსებაში შეღწევასაც რომ მოინდომებდი და ლექსს ლილიტის მონოლოგად და თავისებურ აღსარებადაც აქცევდი, თავბრუდამხვევ სწრაფვად ქალისა, რომელიც არა ცნობს არაფერს შემოსაზღვრულს, თუნდაც ის ედემის ბაღი იყოს, – და ზღვის ქაფისაკენ მიუწევს გული, მასავით მგზნებარე ზღვის სარკისაკენ მიეშურება და ერთი სული აქვს, მასში გადაეშვას, რათა თავი დაკარგოს…
და ესეც ლტოლვა თავისუფლებისაკენ, რაც გულისხმობს:
გამომშვიდობებას ადამთან.
და თხოვნას უფლის ანგელოზისადმი:
– მიქაელ, გამიღე, გამიღე ჭიშკარი…
შენი ლირიკული ავტოპორტრეტი ბიბლიური სახეებითაც უნდა შეძერწილიყო, ეკლესიასტურ ამაოებათა ამაოებადაც რომ უნდა წამოგგონებოდა და კიდევ: ქარის დევნაც რომ წესია კაცთა, ვიქტორ ჰიუგოს ჟან ვალჟანიც უნდა გამოლანდულიყო ამაო ცხოვრების ფარდის მიღმიდან, ვიდრე… შვილის სახება ამოიზიდებოდეს ფინალურ აკორდად და განზოგადდებოდეს სამყაროს წრებრუნვის მარადიულობად და იმ მოვალეობის შეგნებად, რასაც ყველაზე მოხდენილი შტრიხით უნდა დაეგვირგვინებინა ავტოპორტრეტი:
და მიხვდი, ვინ ხარ, რა გინდა, სად ხარ…
ბოლოს და ბოლოს მისია შენი
და დანარჩენი არ გიღირს ჩალად…
მთავარი არის, რომ გაჩნდი ქალად…
მთავარი არის, რომ გაჩნდი ქალად…
ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო ღრმა შეგრძნებით რომ იტვირთება ის ლირიკული სწრაფვა:
დილით შროშანებს დავდინდე ნამად, ღამით მდინარის შევერწყა ლივლივსო…
და განახლების თავბრუდამხვევი ჟინი რომ დაგუფლებია, კიდეც ამიტომ შეჰყოლიხარ ფერებ-ფერებით პოეტურ ბილიკსაც, რათა ეძიო, რა სურს ქარს, რას ფიქრობს და რატომ არხევს და აფორიაქებს შროშანთ ველისა?!.
და ოდესმე შესაძლოა კიდეც გადაიშალოს ეს ქარი ვითარცა წიგნი, ბოლო გვერდიდან, რომელიც შორს ჩანს”…