ქართველ მხატვართა ნამუშევრები – ფერეიდნელებისთვის
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის გალერეაში სამ დღეს იყო გამოფენილი საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მხატვართა ნამუშევარები. ექსპოზიცია სახელწოდებით „საქართველოს ცის ქვეშ“ საქველმოქმედო გახლდათ და ფერეიდნელ ქართველებს მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო 80-ზე მეტი ქართველი მხატვრის მიერ 2024 წელს შესრულებული კომპოზიციები. აღნიშნული საქველმოქმედო ექსპოზიცია მთლიანად ფერეიდანში გადაიგზავნება, კერძოდ, ქალაქ მარტყოფის მუზეუმში.
– სასიხარულოა, რომ ასეთი სახის გამოფენა მოეწყო და რომ ნამუშევრები ფერეიდანში იგზავნება. საერთოდ, მე ფერებით „ვიკვებები“. ხანდახან ნახატი იმაზე მეტს მეუბნება, ვიდრე თავად მხატვარი. ხელოვანი ნახატში საკუთარ თავს ამჟღავნებს, ისევე, როგორც მე ჩემ თავს – ლექსებში. სადაც ეს ნახატები ჩავა, იქ ჩვენი მესიჯიც მივა – ჩვენი გული, მაჯისცემა, სიყვარული… ვფიქრობ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, რადგან იმოგზაურებს დროში, სივრცეში, ეპოქაში… არაფერი უდგას სიყვარულს წინ, ეს ნახატები სიყვარულითაა შექმნილი და ამას აუცილებლად იგრძნობენ ფერეიდნელები, – აღნიშნა პოეტმა ბელა ქებურიამ.
– ასეთივე გამოფენის მოწყობას თურქეთის სოფელ ინეგოლშიც ვაპირებთ, რათა იქაურმა ჩვენებურებმაც იგრძნონ სამშობლოს გულისცემა. ეს პირველი იქნება თურქეთის ისტორიაში, რომ ქვეყნის ერთ-ერთ სოფელში ქართველი მხატვრების 100 ნამუშევარი იფინება, – გვითხრა ჩვენებურმა თურქეთიდან თემურ ქათამაძემ.
– ფერეიდანში ყოფნის შემდეგ სულ ვამბობ, რომ საქართველოს ცის კაბადონზე უზარმაზარი კითხვის ნიშანი ჰკიდია – რა გველოდება ხვალ, რას ვითხოვთ მსოფლიოსგან, ან რას ვაძლევთ მას? ჩახვალ ფერეიდანში და ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. 400 წელია, რაც ფერეიდანში ქართველები ცხოვრობენ და ამ ხნის განმავლობაში იქ ქართველს ქართველი არ მოუკლავს. ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ვაზი ვერ ხარობს, მაგრამ…. ფერეიდნელი ახარებს ვაზს და ზამთარში მიწაში მარხავს, რომ არ მოიყინოს. მათთვის ყველაზე დასაცინი სიტყვა არის პროკურატურა, პოლიცია, რადგან იქ, ფაქტობრივად, დანაშაული არ ხდება, იქ, ბალიშზე თავს დადებ და… ბალიში ქართული ასო-ბგერებითაა შემკული, მაგიდაზე გადაფარებულია ქართულორნამენტებიანი სუფრა. იქ ნებისმიერი ასაკის ადამიანი დადის სკოლაში და სწავლობს ქართულ ენას. თორმეტ ქართულ სოფელში ვიყავი. ძნელია იქ ცხოვრება, ხეც კი არ ხარობს. იცით, ამ რამდენიმე ხნის წინ, თავსაბურავის გადახდის გამო, ახალგაზრდა გოგონას როგორ მოექცნენ. ეს არის ქვეყანა, სადაც ფეისბუქი აკრძალულია, ბევრი რამაა აკრძალული, მაგრამ იქ ყველაზე დიდი ქართველები ცხოვრობენ. ასეთი ნამუშევრები მათთვის დიდი საჩუქარი იქნება, – აღნიშნა მწერალმა ნიაზ ზოსიძემ.
დამთვალიერებელს სამი დღის განმავლობაში ჰქონდა საინტერესო გამოფენის ნახვის შესაძლებლობა. ამ ტიპის საქველმოქმედო გამოფენა ორგანიზატორებმა ხარაგაულსა და ჩოხატაურში მოაწყვეს და რამდენიმე ათეული ნამუშვარი იქ დარჩა.
– ჩვენი მიზანი ის არის, რომ ნამუშევრები ადგილზე გამოიფინოს და ნახოს რაც შიძლება ბევრმა ადამიანმა, როგორც ასაკოვანმა, ისე ახალგაზრდამ. რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას, ეს ნამუშევრები საქართველოს ყველა კუთხიდანაა წარმოდგენილი. გამოფენა თბილისში, საქართველოს ეროვნული ფოლკლორის ცენტრში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს გაიხსნა. მის სანახავად სპეციალურად ჩამოვიდნენ ფერეიდნელი ქართველები, დაახლოებით 30 კაცი. იყო სიხარულის ცრემლები, სითბო და სიყვარული, – გვითხრა პროექტის ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძის სახელობის ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელმა, მხატვარმა, მოქანადაკე მამუკა ცუცქირიძემ.
![სულ ნანახია](http://gazetiajara.ge/wp-content/plugins/author-and-post-statistic-widgets/assets/img/icon-stat.gif)
![დღეს ნანახია](http://gazetiajara.ge/wp-content/plugins/author-and-post-statistic-widgets/assets/img/icon-stat-today.gif)