ვისთვის – ქვეყნისთვის სასარგებლო და ვისთვის – არაპოპულარული გადაწყვეტილება
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის, რომელმაც ქვეყნის მთავარსარდალს მსჯავრდებულების შეწყალება არ მოუწონა, თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილმა უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება საგანგებო ბრიფინგზე ასე ახსნა:
– მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად მისაღები ვერ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიონ. სანამ ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს ავხსნი, კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შემდეგ და წინა ხელისუფლების მიერ ასობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების შემდეგ, დღეს, საბედნიეროდ, დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ. პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი ვერ იქნება. ის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას, ამდენად, სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს! – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ის არ იწყალებდა უდანაშაულო ადამიანებს.
– შეწყალება არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა – დანაშაულისგან. ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავის გამართლებას! არავის, არც მანამდე და არც ახლა, არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე! პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე „უნდათი” არავინ უნდა საუბრობდეს! მით უმეტეს, არ ვიწყალებ ჩემ გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა, დამნაშავეების ბედი, პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა ადამიანს შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გადაწყვეტილება მიიღო არა როგორც სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს და დღეს, მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე ვერ დააყენებდა საქართველოს.
– პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და, მაშასადამე, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს – სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.
ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას, თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხრივ, ისიც არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, – თქვა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ორი დამნაშავის გამო, ის ვერ დაუშვებდა ქვეყანაში სიტუაციის გამწვავებას, ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ვერც იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს.
– სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს! რადაც უნდა მიღირდეს, მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება – მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და, ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის! – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მართალია, პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა – „მთავარი არხის” დამფუძნებელი.
– გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტა გახსნის ბოლომდე კარს, რომ ოპოზიცია დაესწროს სხდომას და ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
– პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ქვეყნისთვის სასარგებლო იყო, – ასე აფასებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე. მისივე თქმით, გაუგებარი იყო „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ „ტელევიზიებიდან ღვარძლის, ბოღმის ნთხევა და არასახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთება”.
– გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება ის საკითხი იყო, ჩვენი ქვეყანა შეხვდებოდა თუ არა ოქტომბრის არჩევნებს პოლიტპატიმრებით და ქვეყანაში ჩატარდებოდა თუ არა ნორმალური არჩევნები, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დეპუტატმა.
– ბატონო გია, მართალია, პრეზიდენტმა უგულავა-ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა განმარტა, რომ პოლიტპატიმრები კი არა, დამნაშავეები გაათავისუფლა. რა იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი?
– გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საფუძველი, პირველ რიგში, იყო საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა, პოლიტიკური პარტიების ერთიანობა და ჩვენი უცხოელი მეგობრების მხარდაჭერა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების დაპატიმრება. ამასთან, იმედი მაქვს, მხარეების მიერ ხელმოწერილ 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებენ და ვაჭრობას არ გამართავენ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის განცხადება, თითქოს მან არა პოლიტპატიმრები, არამედ დამნაშავეები შეიწყალა, არ ასახავს რეალობას. შეთანხმება იმიტომ შედგა, რომ პოლიტპატიმრები არსებობდნენ ჩვენს ქვეყანაში. ამას ადასტურებს ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, მხარდამჭერების განცხადებებიც. ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და არც პრეზიდენტის ინსტიტუცია. ისე, სხვა განცხადებებს ველოდებოდი მათი მხრიდან, თუმცა, არაადეკვატურები იყვნენ.
– როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო?
– არა, რა თქმა უნდა. ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილი აიძულეს, დათმობაზე წასულიყო. პრეზიდენტის განცხადებებიდან ჩანდა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორები და მეგობრები სანქციებს დაუწესებდნენ.
– ანუ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა უცხოეთმა მოახდინა?
– პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პირველ რიგში, ქართველი მოსახლეობის მოთხოვნამ, პარტიების ერთიანობამ და პრინციპულობამ იქონია გავლენა და დიდი როლი ითამაშა პარტნიორების მხარდაჭერამ.
– თუ არ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას?
-ასეთ შემთხვევაში 8 მარტის შეთანხმება არ იქნება შესრულებული, რაც ხელმოწერილია და შესაბამისი რეაქციებიც მოჰყვება ამას.
– დაუჭერს ოპოზიცია მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს?
– ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეასრულებს მმართველი გუნდი შეთანხმების ორივე პუნქტს, თუმცა, როგორც ჩანს, მოუწევთ შეთანხმების ბოლომდე შესრულება.
– როგორი მოლოდინი გაქვთ, ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება?
– ერთი, რაც წარსული გამოცდილებიდან დავინახე – ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ბოლომდე აჩვენა საკუთარი სახე. ისინი არიან მატყუარები. მათი საჯარო დაპირებები ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებას, თუმცა, შეუძლიათ აქაც მოიტყუონ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოსთვის არ ეცალათ. პრინციპში, მოსინჯეს, რამდენად გაუვიდოდათ მორიგი ტყუილი. რეაქციებმა ცხადყო, რომ იძულებულები გახდნენ, მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს.
გია აბულაძისგან განსხვავებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რაც თავად სალომე ზურაბიშვილმა აუხსნა საზოგადოებას, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვერაფერს იტყვის.
– თავისი გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა ახსნა იმით, რომ, როგორც პრეზიდენტი და არბიტრი, შეეცადა პოლიტიკური ვითარების განმუხტვას, – გვითხრა ლადო მგალობლიშვილმა.
– ბატონო ლადო, თუ ხელისუფლება უცხოელი პარტნიორების მოწოდებას 8 მარტის შეთანხმებაზე არ გაითვალისწინებდა, რა მოხდებოდა?
– ჩვენ მსგავსი წერილები 2012-13 წლებშიც გვახსოვს, რასაც დიდი გართულება არ მოჰყოლია. ვფიქრობ, ამ ერთგვარი შემოტევის ტალღას გადავიტანდით. პრეზიდენტმა თავისი პოზიციიდან მიიღო გადაწყვეტილება, რომ განემუხტა ვითარება და სადღაც მისიც მესმის, მაგრამ, მიმაჩნია, რომ კრიმინალების ადგილი ციხეშია.
– სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ შესაძლოა, დახმარება, რომელსაც საქართველო ელოდება უცხოეთიდან, ეჭვქვეშ დამდგარიყო. როგორ ფიქრობთ, იყო მსგავსი რამ მოსალოდნელი უცხოელი პარტნიორებისგან?
-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაოსტატებულია ქვეყნის შიგნით მავნებლობაში და ბოლო წლებია, ეს ქვეყნის გარეთაც კარგად გამოუვიდათ. ყველაფერი იყო მოსალოდნელი, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებით შეძლო აბსოლუტური სიცრუე სიმართლედ გაესაღებინა. არ გამოვრიცხავ, ზეწოლის კასკადი წამოსულიყო საქართველოს ხელისუფლებაზე.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და ამ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
– ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შეთქმულების თეორიაა, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტებთან ერთად ოქტომბრის არჩევნებს გარანტირებულად წააგებს. მათი მთავარი ამოცანაა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება და რევოლუციის მოხდენა, მაგრამ ეს პროექტი განწირულია. 31 ოქტომბერს დამარცხდებიან! ქვეყნის შიგნით ქართველი ამომრჩეველი როცა არ გიჭერს მხარს, ქვეყნის გარეთ რა დოზითაც უნდა მოიპოვო მხარდაჭერა, ხელისუფლებაში ვერ მოხვალ, არჩევნები კი ღიად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება.
შეგახსენებთ, 2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი კი 2020 წლის 14 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.