შიდსი კოვიდინფექციის ფონზე
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
კოვიდის პანდემიამ თითქოს გადაგვავიწყა სხვა დაავადებები, მაგრამ ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს, მით უმეტეს, როცა არ ვიცით, რა ელით იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული დიაგნოზი უკვე დასმული აქვთ.
ამ შემთხვევაში ვგულისხმობ აივ ინფიცირებას, რომლის შემთხვევების შემცირება, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და აივ/შიდსით სიკვდილობის შემთხვევების დასრულება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა მსოფლიოსთვის.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებულია ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“, რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოებას და დაჩქარებას.
რა კეთდება ამ კუთხით აჭარაში, არის თუ არა დაფიქსირებული კოვიდინფექცია აივინფიცირებულებში და რატომ იკლო შიდსის შემთხვევებმა ამ ეტაპზე, ამაზე საუბრობს ბათუმის ინეფქციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ნარგიზ ბერიძე.
– ქალბატონო ნარგიზ, კოვიდინფექციის პირობებში ხომ არ იმატა აივინფიცირებულთა სიკვდილიანობამ?
– არა, ახალი კორონავირუსის შეყრის შემთხვევაში, აივინფექციით დაავადებულებს, საბედნიეროდ, ისეთივე მიმდინარეობა აღენიშნებათ, როგორც სხვა პაციენტებს. რაიმე განსაკუთრებული სირთულე აქამდე არ შეგვინიშნავს.
– იქნებ თავს უფრო იცავენ და არ ემართებათ ახალი კორონავირუსი?
– თავს, ცხადია, იცავენ, მაგრამ მაინც ემართებათ, რადგან დღეს, სამწუხაროდ, ამ კუთხით თავის დაცვა თითქმის წარმოუდგენელია.
-ანუ თქვენ გაქვთ ასეთი შემთხვევები დაფიქსირებული, თანაც, გართულებების გარეშე?
-კი, როგორ არა, აივინფიცირებულებს დაემართათ კოვიდი, მაგრამ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდათ.
-ამ ფონზე ხომ არ იმატა აივინფიციცირებულების რაოდენობამაც?
-არა, ამ მიმართულებით კლებაა დაფიქსირებული.
– გამოდის, ერთ პანდემიის პირობებში მსოფლიომ მეორე პანდემიას სძლია?
– არა, რას ამბობთ! უბრალოდ, მთელი ყურადღება გადატანილია კოვიდის გამოვლენაზე და იკლო აივინფიცირების გამოვლენის რიცხვმა, რამაც თავისთავად, მოიტანა კლება საერთო მაჩვენებელშიც. აქედან გამომდინარე, ვდგებით არა კლების, არამედ ახალი აფეთქების მოლოდინის წინაშე. აუცილებელია ვაკონტროლოთ აივინფექციის გამოვლენა, მიმდინარეობა და მისი მკურნალობა.
– თუ შეიძლება წარმოგვიდგინეთ აივინფექცია/შიდსი ციფრებში.
-2020 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8598 შემთხვევა, მათგან 6422 მამაკაცია და 76 – ქალი. ქვეყანაში აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4441 ავადმყოფს და 1781 გარდაიცვალა.
– რამდენი მკურნალობს?
-აივმკურნალობაზე იმყოფება 5379 (4799+600 აფხაზეთი), მათ შორის, 46 ბავშვი.
– წელს რამდენი შემთხვევაა რეგისტრირებული?
– წელს დარეგისტრირდა აივინფექციის 496 შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 141 ინფიცირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აივინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევები 600-700-ის ფარგლებში მერყეობს. აქვე გადავინაცვლებ ახლო წარსულში. კერძოდ, 2015 წლის დეკემბრიდან საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა ჯანმოს სტრატეგიას „ვუმკურნალოთ ყველას.“ დღეისათვის მკურნალობა უტარდება ყველა აივ/შიდსით დაავადებულს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად.
– დღეს რა პრობლემის წინაშე დგას თქვენი ცენტრი?
– დღეს, როცა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, იბრძვიან კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ და სამედიცინო რესურსის დიდი ნაწილი აქეთკენაა მიმართული, ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩნენ აივინფიცირებული და აივინფექციის მაღალი რისკის მქონე პირები. უნდა უზრუნველვყოთ შიდსის სამკურნალო მედიკამენტებითა და პრევენციის საშუალებებით მომარაგების უწყვეტობა, საჭიროების შემთხვევაში – სპეციალური დახმარება კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
-ამ კუთხით რაიმე სახის პრობლემა შეგექმნათ?
-არა, საქართველოში არსებული მძიმე ეპიდემიური სიტუაციის მიუხედავად, შიდსით დაავადებული პაციენტებისა და მაღალი რისკის პირებისთვის მოქმედებს მედიკამენტების მიწოდების მობილური სერვისები და ონლაინპლატფორმა აივტესტებისა და აივპრევენციის საშუალებების გამოწერისა და მიწოდებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, თავიდან აგვეცილებინა წყვეტა მკურნალობასა და პრევენციის მომსახურების მიწოდებაში. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოგიწოდებთ, შეუერთდეთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას გლობალური სოლიდარობისათვის აივინფექცია/შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ და მათთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის.
– როგორია რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით?
-36.3 % – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.2 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.2 % – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % -ის გადაცემის გზა დაუდგენელია;
– როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით?
-აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3216 შემთხვევა); სამეგრელოში 1172 -ია, იმერეთში- 1026, აჭარაში- 980, აფხაზეთში -530, კახეთში – 431, ქვემო ქართლში – 489, შიდა ქართლში-319, გურიაში -183, სამცხე-ჯავახეთში -113 და ა.შ. როგორც ხედავთ, უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელმა მიაღწია სტაბილურ ნიშნულს და შენარჩუნდა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა, უკვე გითხარით, მიმდინარე წელს კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად, შემცირდა რა აივტესტირების მსურველთა რაოდენობა, ამ ფაქტმა, შესაბამისად, გამოიწვია გამოვლენის მაჩვენებლის შემცირებაც.
– როგორც ვიცი, ყოველწლიურად ახალ ამოცანებს უსახავენ ცენტრებს. წელს რა ამოცანა უნდა შესრულებულიყო?
– აივინფიცირებულთა 90%-ს უნდა სცოდნოდა საკუთარი ინფიცირების შესახებ; ასევე, 90% -ს უნდა ემკურნალა, ხოლო მკურნალობაზე მყოფ აივინფიცირებულთა 90%-ში უნდა მიგვეღწია აივსუპრესიისთვის (სისხლში აივვირუსის ნულოვანი დონე).
– სტატისტიკის მიხედვით, წელს ნაკლებია ინტრავენური ნარკომანიის შედეგად გადადებულ შემთხვევათა რაოდენობა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ნარკომანების რიცხვი შემცირდა?
– არა, ეს ნიშნავს, რომ ნარკომანები ფრთხილობენ და ერთჯერადი შპრიცის ხმარებას მიანიჭეს უპირატესობა.
– ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გახშირდა ქორწინებები აივინფიცირებულთა შორის და მათ ჯანმრთელი შვილები უჩნდებათ.
– დიახ, არის მსგავსი შეთხვევები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აივინფექცია აღარ არის დმთრგუნავი, განუკურნებელი სენი, რომლის დადასტურება ადამიანს უკარგავს მომავლის რწმენას და ხვალინდელი დღის იმედს. დღევანდელმა ვითარებამ – მსოფლიო კოვიდპანდემიამ ერთხელ კიდევ შეგვახსენა, რომ არავინაა დაზღვეული, არ ვიცით, რა იქნება ხვალ, რითი გადავრჩებით ან რით დავიღუპებით. ამიტომ, უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს და გავუფრთხილდეთ სტიგმას, რაც არცთუ იშვიათად გვხვდება საზოგადოებაში აივინფექციით დაავადებულთა მისამართით.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ განუკურნებელი ვირუსი ჩვენს გვერდითაა, ხოლო ფართო საზოგადოება უკვე აღარ რეაგირებს მასზე ისეთივე სიფრთხილით, როგორც 1989 წელს, როდესაც საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. რატომღაც უკანა პლანზე გადასწიეს ეს სენი, მიივიწყეს და ჩათვალეს, რომ აღარც არსებობს, სოციალურ სარეკლამო რგოლებს, მასმედიის და ექიმების გაფრთხილებებს კი ისე მიეჩვია ყველა, რომ ერთ-ერთ რიგით, არასასიამოვნო მოვლენად მიაჩნიათ. დიახ, ეს ასეა, მანამ. . . სანამ თავად არ გადააწყდებიან ვირუსს და არ აღმოჩნდებიან ჩვენს ცენტრში აღრიცხვაზე.
– ძირითადად, რა გზით ინფიცირდებიან?
– ძირითადი მაჩვენებელი მაინც ჰომოსექსუალებზე მოდის, ასევე გადაიცემა დედიდან შვილზე პერიტანული ან მშობიარობის გზით, ხოლო დაინფიცირებული ინსტრუმენტებით სისხლში მოხვედრილი ვირუსით 100-დან 100-ვე ინფიცირდება.
– რომელ გრადუსზე ნადგურდება აივვირუსი?
-70 გრადუსიც ჰყოფნის. სწორედ ამიტომაა გულდასაწყვეტი, რომ ელემენტარული სისუფთავის ნორმებსაც არ იცავენ სალონებსა და კლინიკებში, იქ, საიდანაც შემდეგ ჩვენთან მოდიან ცხოვრებაზე ხელაღებული, გაუბედურებული ადამიანები.
– რა ღირს მედიკამენტები?
– ფასი არა აქვს, რადგან საქართველოში არ იყიდება, ანტივირუსული მედიკამენტები სააფთიაქო ქსელში არ შემოდის. პაციენტებს წამლებით მთლიანად უზრუნველყოფს სახელმწიფო და გლობალური ფონდი.
– ძალიან უჭირთ თქვენს პაციენტებს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად . ფსიქოლოგები თუ გყავთ მათთვის?
-არა, სამწუხაროდ, შტატი არ არის დაშვებული, არადა, ნამდვილად საჭიროა. როგორც აღნიშნეთ, ფიზიკურ ტკივილს ემატება მორალური მდგომარეობა. ყველა იცოდებს ონკოლოგიურ სნეულს, მაგრამ როგორც კი იგებენ აივინფიცირებულის შესახებ, მაშინვე წყვეტენ მასთან კავშირს და რიყავენ საზოგადოებისაგან. სწორედ ამიტომ, ავადმყოფი იძულებული ხდება დაფაროს თავისი სტატუსი, რაც თავისთავად, გაცილებით საშიშია. ეს ადამიანები მაინც არ რჩებიან პროფესიული დახმარების გარეშე, რადგან არის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ჰყავთ ფსიქოლოგები და უწევენ დახმარებას შიდსის ვირუსით ინფიცირებულებს.
– ხომ ვერ ჩამოგვითვლით შიდსის სიმპტომებს?
-ამ დროს დამახასიათებელია სხეულის მასის კლება 10%-ით და მეტით, თვეზე მეტი მაღალი ცხელება ან დიარეა, ლიმფური ჯირყვლების გადიდება, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი მთელ ტანზე, რომელსაც ვერ არჩენენ და ა.შ.
-ეს სიმპტომები ცალ-ცალკე შეიძლება იყოს თუ ყველა ერთად. . .
– შეიძლება ცალ-ცალკეც . . . ყველა ეს ნიშანი იმის სიგნალია, რომ ექიმმა პაციენტი დააკვალიანოს და სინჯი ააღებინოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ორსული გადის სკრინინგს. მოსახლეობას კი მივმართავ, თუ შეამჩნიეს ზემოთ ჩამოთვლილი სიპტომები, მაშინვე მოგვმართონ. გამოკვლევა უფასოა, რამდენიმე წუთში ეცოდინებათ პასუხი. ვირუსის დროული აღმოჩენა გადარჩენის ერთადერთი გზაა.