ბადრი ნაკაშიძე: კანონპროექტი შეიცავს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად საფუძვლებს
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
კომპიუტერთან მიჯაჭვულობის სინდრომი კიდევ უფრო გააღრმავა მსოფლიო პანდემიის დროს შემოღებულმა შეზღუდვებმა, რაც თავისთავად გულისხმობს როგორც ვირტუალურ მუშაობას, ისე სწავლებას. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პანდემიის დასასრულს, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი რეალური გზა სპორტია.
რას გულისხმობს პარლამენტში მომზადებული კანონპროექტი სპორტის შესახებ, რა ვითარებაა აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კუთხით, რა პერსპექტივები აქვთ სპორტსმენებს თუ მათ მწვრთნელებს, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე.
– 2020 წელი სპორტისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. . .
– დიახ, ყველამ ვიცით, რომ ეს წელი ურთულესი იყო პანდემიის გამო, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები სპორტს შეექმნა, რადგან დისტანციურად არც სპორტის სწავლებაა შესაძლებელი და მით უფრო, შეჯიბრებებისა და ჩემპიონატების ჩატარება, იშვიათი გამონაკლისების გარდა (ჭადრაკი, კიბერსპორტი). მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის პირობებში პროფესიონალური სპორტის დროებითი პროტოკოლი, რამაც ათობით სპორტის სახეობას მისცა შესაძლებლობა, განეახლებინა წვრთნები და შეჯიბრებები. ჯერ კიდევ თებერვალში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ჩვენმა მოჭიდავეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ახლახან, ჩვენმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა ესპანეთის ტურნირზე. ამ და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, მიმდინარე წელს, ჩვენმა სპორტსმენებმა, ჯამურად, მოიპოვეს 98 საპრიზო ადგილი, მათ შორის – 27 ოქრო!
– რა ბედი ელის სპორტს სკოლებში?
– ყველა სკოლა დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული, შესაბამისად, ვერც სპორტის გაკვეთილები ტარდება. კარგი იქნება, თუ მოსწავლეები თვითონ დაუთმობენ დროს ფიზიკურ აქტივობებს. რაც შეეხება სამინისტროს, სპორტი სკოლებში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. თანმიმდევრულად ხორციელდება სკოლებში სპორტის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები. კერძოდ, ბოლო წლებში აშენდა 10 ახალი სპორტული დარბაზი, ხოლო რეაბილიტირებულია 30-ზე მეტი, მოეწყო 15 ღია სპორტული მოედანი. ამ დროისათვის მიმდინარეობს 7 სკოლის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზებით, ასევე, ორი ცალკე მდგომი სპორტული დარბაზის მშენებლობა ქედასა და ხელვაჩაურში. ხორციელდება პროგრამა სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვის მიზნით. პერიოდულად ტარდებოდა სასკოლო ჩემპიონატები, სპორტული ოლიმპიადები, რაც ცხადია, წელს ვერ მოვახერხეთ გასაგები მიზეზების გამო. გვქონდა წარმატებებიც – ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებმა იასპარეზეს მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადებზე მაგიდის ჩოგბურთში, ბათუმის მე-5 სკოლის მოსწავლეთა გუნდმა კი წელს ფრენბურთში მოიპოვა საგზური ბრაზილიაში მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, თუმცა არსებული შეზღუდვების გამო ჩემპიონატი გადაიდო.
– პანდემიის პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხომ არ შეჩერებულა?
– სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს ახორციელებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული პროექტების მართვის სააგენტო. ეს საქმიანობა არ შეჩერებულა. როგორც იცით, ექსპლუატაციაში შევიდა უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების მოთხოვნით აშენებული საფეხბურთო სტადიონი, რომელსაც ბათუმელი გულშემატკივრები წლების განმავლობაში ელოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ, 2023 წელს, ჩატარდება ევროპის ჩემპიონატის 24-ე ფინალური მატჩი ახალგაზრდებს შორის. დასრულების სტადიაშია ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელიც 20-მდე სპორტულ სახეობას მოემსახურება. ჩაქვში დაიწყო ძალოსნებისათვის თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის პროექტში გათვალისწინებულია სასტუმრო და კვების ბლოკი. ეს საშუალებას მოგვცემს, ადგილზე ვუმასპინძლოთ არა მარტო შეჯიბრებებს, არამედ სპორტსმენთა შეკრებებსაც, რაც სპორტული ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.ზამთრის სპორტის განვითარების მიზნით, გრძელდება სათხილამურო გზების მოწყობა კურორტ გოდერძიზე, მზად არის კურორტ გომარდულის სპორტული ბაზის კომპლექსის კონცეფცია-პროექტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები, რომლებიც წელს წარმატებით გამოვიდნენ საქართველოს ჩემპიონატზე – მოიპოვეს 5 საპრიზო ადგილი, მათ შორის 2 ოქრო, ამ ოლიმპიადაზეც ღირსეულად იასპარეზებენ.
– მასობრივი სპორტის განვითარებისათვის რა კეთდება?
– ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული მასობრივი სპორტის მნიშვნელობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. საქართველოში სპორტის სფეროს საყოველთაო კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 83.3%-სათვის მასობრივი სპორტის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა. იმავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 36% – ია სპორტით რეგულარულად დაკავებული, საშუალო ევროპული მაჩვენებელია 41%. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა და წარუდგინა საქართველოს მთავრობას მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია და გეგმა, რაც მოიცავს ოთხ დონეს: სკოლამდელ ფიზიკურ აღზრდას, სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აღზრდას, საუნივერსიტეტო სპორტს და სპორტს ყველასათვის. სწორედ სპორტი ყველასათვის არის სპორტული ან ფიზიკური აქტივობა მოსახლეობის ყველა ჯგუფისათვის. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გაიზარდოს სპორტზე ხელმისაწვდომობა. ამიტომაც ვითარდება ინფრასტრუქტურა, იგეგმება ბათუმში საცურაო აუზის, მძლეოსნობის მანეჟის მშენებლობა, ყინულის სასახლის რეაბილიტაცია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სპორტული აქტივობა შესაძლებელია არა მხოლოდ სპორტულ ობიექტებზე, არამედ თავისუფალ ურბანულ სივრცეებში, ბუნებაში, პარკში. ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არა აქვს. სხვათა შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიცოცხლის ხანგრძლივობას 50%-ით განსაზღვრავს ცხოვრების წესი, 20% – გენეტიკური ფაქტორია, 20% – ცხოვრების პირობები (ეკოლოგია), 10% – ჯანდაცვის სისტემა. ეს პროპორცია ცხადყოფს ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის მნიშვნელობას.
– სპორტული ტურიზმის განვითარებას თუ გეგმავთ და როგორ?
– რა თქმა უნდა. ჩვენი რეგიონი, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეულია. ბუნებრივი მიმზიდველობა, ტურისტული პოტენციალი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რესურსები, აჭარას კარგად წარმოაჩენს სპორტული ტურიზმით დაინტერესებულთათვის. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გრძელდება მუშაობა სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტრის განვითარებისათვის როგორც მაღალმთიან აჭარაში, რაც ძირითადად, ეხება სპორტის ზამთრის სახეობებს (გოდერძი, გომარდული), ასევე ზღვისპირა მუნიციპალიტეტებში. იმედს გამოვთქვამთ, რომ პოსტპანდემიური პერიოდი მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და სრულად დავტვირთოთ არსებული სპორტულ-ტურისტული ინფრასტრუქტურა.
– როგორც მიხეილ ჩხენკელმა საპარლამენტო მოსმენისას თქვა, მომზადებულია კანონპროექტი სპორტის შესახებ. ხომ არ გვეტყვით, რა სიახლეებს გვთავაზობენ?
– ეს, ალბათ, უფრო ცალკე საუბრის თემაა. მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ კანონის პროექტი, რომელიც უკვე გადაეცა საქართველოს პარლამენტს განსახილველად, სამართლებრივად ადგენს, თუ რა არის სპორტი, განასხვავებს მასობრივ სპორტს მაღალი მიღწევების სპორტისაგან, განსაზღვრავს მოყვარული სპორტსმენისა და პროფესიონალი სპორტსმენის, ასევე მწვრთნელისა და მსაჯის სამართლებრივ სტატუსებს. გარდა ამისა, შემოდის ე.წ. „სამართლიანი თამაშის“ ტერმინი, რაც ნიშნავს პატიოსანი კონკურენციის პრინციპს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, გუნდურ სულისკვეთებას, სოლიდარობას, ტოლერანტობას, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოქმედი შესაბამისი თამაშის წესების დაცვას, ეწინააღმდეგება სპორტში გამოვლენილი ნებისმიერი ფორმის ძალადობას, დისკრიმინაციას და დოპინგის მოხმარებას. კანონპროექტის თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკებში სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულებები. მნიშვნელოვანია, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში სპორტული ფედერაციების აღიარება ან აღიარების შეწყვეტა ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რაც გამორიცხავს ამ სფეროში არსებული დუბლირების ცალკეულ შემთხვევებს. კანონპროექტი შეიცავს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად საფუძვლებს. განსაზღვრავს ეროვნული სპორტული ფედერაციების უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც უფრო მოწესრიგებულს გახდის სახელმწიფოსა და სპორტული ფედერაციების ურთიერთობებს. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სპორტში ჩართული ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოს, რაც ნიშნავს, რომ შესაბამისი სპორტის სახეობა ან ფიზიკური აქტივობა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი გენდერული თუ სხვა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში.
– როგორია სპორტის ბიუჯეტი 2021 წელს და რა პროგრამების დაფინანსებას გეგმავთ?
-აჭარაში სპორტის ხელშეწყობისათვის 2021 წლის ბიუჯეტით, გათვალისწინებულია 2,535,960 ლარი. ამ თანხით გაგრძელდება სპორტული ღონისძიებების, სათამაშო და ინდივიდუალურ სახეობათა განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება, აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა, მთავარ და პირად მწვრთნელთა მიერ მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გაცემა, მწვრთნელთა, მსაჯთა და სპორტსმენთა სოციალური მხარდაჭერა და წახალისება. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაფინანსდება სპორტის 37 ფედერაცია, ჩატარდება აჭარის ჩემპიონატები, პირველობები, საერთაშორისო ტურნირები, ასევე, აჭარის სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რანგის გასვლით ღონისძიებებში. სპორტული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, პრიორიტეტული იქნება ქვიშის სპორტის სახეობები და სათხილამურო სპორტი. ის სპორტსმენები, რომლებიც წარმატებით იასპარეზებენ ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში, წახალისდებიან ფულადი ჯილდოებით. ასევე, განხორციელდება საპენსიო ასაკის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების, პრიზიორების, სპორტის დამსახურებული მუშაკების, მოღვაწეების და მწვრთნელების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა, არასაპენსიო ასაკის საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა (187.50 ლარი). გარდა ამისა, გაგრძელდება საპენსიო და არასაპენსიო ასაკის სპორტის მუშაკთა, სპორტის დამსახურებულ მუშაკთა, მოღვაწეთა და მწვრთნელთა მატერიალური მხარდაჭერა.
– სხვა რა გეგმები გაქვთ?
– პირველ ყოვლისა, მინდა იცოდეთ, რომ მიუხედავად ურთულესი ეპიდემიოლოგიური გამოწვევისა, რომელთან გამკლავება დღეს ხელისუფლების ნომერ პირველი საზრუნავია, სპორტი არის და რჩება მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად. ამას აქვს თავისი ლოგიკა: ჯერ ერთი, სპორტი არის ჯანმრთელობა. მიმდინარე ეპიდემიამაც აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ორგანიზმისა და მაღალი იმუნიტეტის ქონა; მეორე – სპორტი არის სოციალური ჩართულობის კარგი ალტერნატივა ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომლებიც საკმარისი არაჯანსაღი გამოწვევების წინაშე დგანან (კრიმინალი, ნარკოტიკი და ა.შ.); მესამე – სპორტს აქვს ადამიანების გაერთიანების უნარი ეროვნების, რელიგიური შეხედულებების, სოციალური მდგომარეობის, სქესის ან პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად; მეოთხე – საყოველთაოდ ცნობილია სპორტის გავლენა ქვეყნისა თუ მისი რეგიონის ეკონომიკაზე. სპორტული ტურიზმი ბიუჯეტის გაზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ შეიძლება იქცეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ისეთ რეგიონში, როგორიც აჭარაა; დაბოლოს, რაც ასევე მნიშვნელოვანია – სპორტი გავლენას ახდენს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე, ზრუნავს მისი იმიჯის შექმნაზე მსოფლიო ასპარეზზე. დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში სპორტსმენების გამარჯვება ამაღლებს ქვეყნის ავტორიტეტს. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებს თავისი ღირსეული წვლილი შეაქვთ ამ პატრიოტულ საქმეში. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ჩვენ გვაქვს უკეთესის მოლოდინი და თუ ეპიდსიტუაციამ მოგვცა საშუალება, მომავალ წელსაც ვგეგმავთ ბათუმში მკლავჭიდსა და ნიჩბოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარებას. მსოფლიო ფედერაციების შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. თავის მხრივ, ადგილობრივი სპორტული ფედერაციები გეგმავენ ბათუმში უკვე ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო შეჯიბრებებს. წელიწადში, საშუალოდ, 30-მდე ასეთი ტურნირი იმართება, მათ შორის, 10-ზე მეტი, მაღალი რანგის ტურნირი. ჩვენ გვაქვს მასშტაბური საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების კარგი გამოცდილება.
– რას უსურვებდით საახალწლოდ ჩვენს მკითხველს?
– რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას და კარგ საახალწლო განწყობას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. . .