,,ქრისტეს ამაღლების დღიდანვე კაცობრიობაში არსებობს უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინი“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
შობა — რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით, რაც გრიგორიანული კალენდრით 7 იანვარს ემთხვევა.
377 წლამდე, საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში, შობას აღნიშნავდნენ 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოყვეს და გადაიტანეს 25 დეკემბერს. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას. 1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე მესამის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისს, კათოლიკოს-პატრიარქ წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას, საქართველოს ეკლესიის სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბერს აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა ახალი სტილის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ. მღვდელ ილია ჭიღლაძის განმარტებით: „კალენდრის შესწორება პირველად რომის კათოლიკურმა ეკლესიამ განახორციელა პაპ გრიგოლ მეცამეტის მეთაურობით 1582 წელს, რადგანაც შობისა და აღდგომის დღესასწაულთა ასტრონომიული პარამეტრები, რომელიც დაადგინა და ჩამოაყალიბა წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეოთხე საუკუნეში და რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში მართლმადიდებლური ერთობიდან ჩამოცილებულმა რომის კათოლიკურმა ეკლესიამაც იმემკვიდრა, აღარ მოდიოდა შესაბამისობაში. კერძოდ, თუ ნიკეის პირველი მსოფლიო წმინდა საეკლესიო კრების პერიოდისთვის დღეღამსწორობად ითვლებოდა იულიუსის კალენდრით 21 მარტი (ხოლო აღდგომა აითვლებოდა 21 მარტის შემდგომი სავსე მთვარობის შემდგომ კვირა დღეს, იუდეველთა პასექის შემდგომ) და 25 დეკემბერი მზის მატების საწყისად მიიჩნეოდა (და ამიტომ დღესასწაულობდნენ შობას), მეთექვსმეტე საუკუნეში, ასტრონომიის და, ზოგადად, მეცნიერების შესამჩნევი განვითარების ხანაში, შენიშნეს, რომ გაზაფხულის დღეღამსწორობა იულიუსის კალენდრის 21 მარტთან შედარებით ათი დღით ადრე ხდებოდა, ხოლო დღის მატება – ამავე კალენდრის 25 დეკემბერზე ათი დღით ადრე, ამიტომ საეკლესიო კანონთა მიერ სადღესასწაულო დღეების პარამეტრთა ზუსტად დასაცავად, მათ შეასწორეს კალენდარი, თვეთა რიცხვები და უძრავი დღესასწაულები ათი დღით გადაწიეს. ამასთანავე, შევნიშნავთ, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ უგულებელყო საეკლესიო ტრადიცია აღდგომის იუდეველთა პასექის შემდგომ დღესასწაულობისა, რაც სასურველი იყო, კალენდრის რეფორმირების შემდგომ კვლავ დაეცვათ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, სერბმა ასტრონომმა, მილანკოვიჩმა, პაპ გრიგოლის მიერ ჩატარებული კალენდრის რეფორმის უკეთესი ვარიანტი წარმოადგინა, რომლითაც, თუ იულიუსის კალენდარში ერთდღიანი ცდომილება გროვდება ყოველ 128 წელში ერთხელ, ხოლო გრიგოლის კალენდარში – ყოველი 3333 წლის განმავლობაში, მის მიერ გაუმჯობესებული კალენდრით, რომელიც მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიათა უმეტესმა ნაწილმა – 40 000-ზე მეტი წლის განმავლობაში მოხდება 1-დღიანი ცდომილების დაგროვება. ამიტომაც, ძველ კალენდარზე რჩება ოთხი ავტოკეფალიური ეკლესია: იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის საპატრიარქოები, ასევე, ათონის მთის მონასტრები. თუ ისინიც არ განახორციელებენ კალენდრის შესწორებას, 2100 წელს დადგებიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული პრობლემის წინაშე, კერძოდ ის იულიუსის კალენდრის მიხედვით იქნება ნაკიანი, ხოლო “სამოქალაქო” კალენდრით – არა. ამგვარად, კალენდრებს შორის განსხვავება გაიზრდება 1 დღით და გახდება 14 დღე. შესაბამისად, 2100 წლიდან ყველა ჩვენი დღესასწაული ,,გადაიწევს” 1 დღით წინ, ანუ ქრისტეშობის დღესასწაულს ვიზეიმებთ 8 იანვარს, ნათლისღებას – 20 იანვარს, ახალი სტილით და ასე შემდეგ.“
სანამ უშუალოდ ქრისტეს შობის დღესასწაულზე ვისაუბრებდეთ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თავად წმინდა მარიამიც გაჩნდა უფლის ხელდასმით. „შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა“ ცალკე ისტორიაა, რომელიც ბევრმა მორწმუნემაც კი არ იცის. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა. „მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს, პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა). დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში. წმიდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. ანას უშვილობა წამოაყვედრა მისმა მხევალმაც: „უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელიანთა შორისო“. მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“. ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ. იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო. მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა. როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. „ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა“, – სიხარულით გალობდა წმიდა ანა. მარიამი სამი წლისა რომ გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა“. ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს. შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.“
რაც შეეხება თავად უფლის ამ ქვეყნად კაცის სახით მოვლინებას, ამაზე „აჭარასთან“ ინტერვიუში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი მამა იოანე გორელიშვილი საუბრობს, რომელთან საუბარიც ახალი კორონავირუსის და ტაძარში უსაფრთხოების დაცვის შესახებ დავიწყეთ.
– მამა იოანე, შობის ღამეს, ლიტურგიის დროს რამდენად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ნორმები?
– ჯერ კიდევ შარშან, აღდგომის დღეებში, გავითვალისწინეთ ჯანმოს რეკომენდაციები და ზედმიწევნით დავიცავით ყველა წესი. მრევლის ნაწილი ეზოშიც კი იდგა, მონიშნულ აგილებზე, პირბადეებით, რითაც ერთმანეთი დავაზღვიეთ ვირუსის გადატანისგან. მრევლმა კარგად მოახერხა რეგულაციების დაცვა, ამიტომ არავის გადაედო ახალი კორონავირუსი, ანუ ტაძრებიდან კოვიდის გავრცელება არ მომხდარა. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირებმა, მგალობლებმა, სტიქაროსნებმა თუ მესანთლეებმა გაიარეს ტესტირება. არცერთის პასუხი არ აღმოჩნდა დადებითი. ტაძრებში ისევაა შემოხაზული მრევლისთვის დასადგომი ადგილები, ყველანაირი სახის დეზინფექცია ჩატარებულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, მორწმუნეებიც გამოიჩენენ პასუხისმგებლობას და სიფრთხილეს, რათა შობის ღამე არ გახდეს ვირუსის დამატებით გავრცელების მიზეზი.
– რაც შეეხება პანდემიის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებას, როგორ ხსნით ვირუსის გამოჩენას, უფლის გაფრთხილებად თუ რიგით სენად?
– საკმაოდ რთული საკითხია. დავიწყოთ იქიდან, რომ უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე. ყველაფერი უნდა გვახსენებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოყვასის სიყვარული, მიტევება, მონანიება, ერთმანეთისთვის სიკეთის მიზღვევა და საერთოდ, ქრისტეს ათივე მცნების ზედმიწევნით შესრულება.
– ანუ პანდემია უშუალო მინიშნებაა, რომ ნაკლები რწმენა და სიყვარული გვამოძრავებს ერთმანეთთან ურთიერთობისას?
-ასე გამოდის. არავის განკიცხვას არ ვაპირებ, უბრალოდ, მუდმივად უნდა გვახსოვდეს – გვიყვარდეს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ღვთის მიერ ბოძებულ უზარმაზარ საჩუქარს – სიცოცხლეს. არც ის დავივიწყოთ, ოდესმე ყველანი გარდავიცვლებით. ამიტომ, ისე ვიცხოვროთ, სიკეთით და სიყვარულით დავამახსოვროთ თავი ჩვენს ახლობლებს ანუ ჩვენი სიცოცხლე უნდა იყოს მნიშვნელოვანი.
– რას გულისხმობს შობის დღესასწაული?
-შობის დღესასწაული უნიშვნელოვანესი დღეა მთელი კაცობრიობისთვის, რადგან მას ყველა ელოდა ადამის და ევას სამოთხიდან გამოდევნის შემდგომ. ღმერთმა აღთქმა დაუდო, რომ დედაკაცისაგან ნაშობის მიერ მოხდებოდა კვლავაც სამოთხეში დაბრუნება და ეშმაკის თავი და გველის თავი შეიმუსრებოდა. ეს აღთქმა სწორედ მაშინ ასრულდა, როდესაც 2000 წლის წინ ქრისტე იშვა ამ ქვეყანაზე, ჩვენ კი ამ დღეს დღესასწაულის სახე მივეცით და მისი აღნიშვნით ვიხსენებთ. ამით ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს ღმერთის ადამიანად შობა, რითაც ადამიანებს მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების საშუალება. შობით უფალმა გამოავლინა უდიდესი სიყვარული და თავმდაბლობა ადამიანების მიმართ. აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტორიც, რომ უფალი იბადება ბოსელში, ყოველგვარი სასახლეებისა და სიმდიდრის გარეშე. იზრდება, როგორც რიგითი ადამიანი, ფუფუნების და კომფორტის გარეშე. საბოლოოდ კი ჯვარცმითა და აღდგომით ასრულებს თავის ცხოვრებას.
-ეს ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ ფუფუნების საგნები უნდა უკუვაგდოთ?
– დიახ, რა თქმა უნდა, ეს მიგვითითებს, რომ ადამიანის ცხოვრებაში არა მატერიალური, არამედ სულიერი სიმდიდრე და ღვთისმსახურებაა მთავარი, რადგან უფალი ჩვენ გვემსახურა, დაკარგული რწმენა აღგვიდგინა და მთელი კაცობრიობა საკუთარი სიკეთით, სიყვარულით და მადლით გაათბო. შობით და გარდაცვალებით უფლის უზენაესობა დაგვიდასტურა. ისღა დაგვრჩენია, სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ და რწმენით აღჭურვილებმა ლიტურგიაზე მოსვლა, ლოცვა და სანთლების დანთება არ დავიზაროთ.
-ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დამდეგს ელოდნენ ახალ მესიას. ამბობდნენ, ქრისტეს შობიდან 2000 წლის შემდეგ, უფალი ისევ მოგვევლინება ამ ქვეყნადო. ეკლესია რას ამბობს ამაზე?
-ეკლესია დროს და სივრცეს არასოდეს საზღვრავს, მხოლოდ იმას, გრტყვით, რომ ქრისტე სიკვდილიდან მე-40 დღეს ზეცად ამაღლდა, რათა მეორედ განსაჯოს კაცობრიობა“. ამის შემდეგ, ანუ ქრისტეს ამაღლების დღიდანვე არსებობს უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინი კაცობრიობაში. თუმცა თარიღი უცნობია ყველასთვის.
-საახალწლო სურვილები?
-ჩემი საახალწლო და საშობაო სურვილია საქართველოს გამთლიანება, ამ ვირუსის დამარცხება და ხალხში სიყვარულის, ბედნიერების მატება.