წერტილოვანი შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, ინტენსიური შეხვედრები გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ისინი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ და უზრუნველყოფილი იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები როგორც სავაჭრო სფეროში, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. „იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი “, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრები ექნებათ არასასურსათო ვაჭრობისა და ბაზრობების წარმომადგენლებთან. პირველ თებერვლამდე უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება. ძალიან კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა და მუნიციპალური ტრანსპორტი არის ორი საკმაოდ სენსიტიური თემა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რათა ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და თებერვლიდან შევძლოთ შეზღუდვების შემსუბუქება, იყოს გამოსვლადი, რეალისტური და არ დააზიანოს ის სტატუს-კვო, რაც გვაქვს ეპიდემიოლოგიურად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა. აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.
საკოორდინაციო საბჭომ კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ამ კუთხით გაწეული სამუშაოს შესახებ. აღინიშნა, რომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, თუმცა ამის უპირველესი წინაპირობა ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა – ის უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. ამასთან, აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ვაქცინების შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს ვაქცინის დანერგვის გეგმაზეც, რომელიც შესაბამის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარების ეტაპებს განსაზღვრავს.