„იმიტომ შეწყვიტეს აქციებიც და შიმშილობაც, რომ უსაფუძვლო, ფუჭი, ტყუილზე აგებული დემარში იყო“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გააქტიურებას და აქციებს აანონსებს. როგორც ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ფრაქციის სხდომის შემდეგ განუცხადა, პარტია ისევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის იბრძოლებს როგორც საკანონმდებლო ორგანოებიდან, ისე სხვა მეთოდებითაც: „რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში“.
ოპოზიციის მიერ ბოიკოტის შეწყვეტაზე, შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და პანდემიის მიმდინარეობაზე საუბრობს „აჭარასთან“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე.
-„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იქნა, შეწყვიტა ბოიკოტი და დაუბრუნდება საკანონმდებლო ორგანოებს, მათ შორის აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?
-კი გადაწყვიტეს შემოსვლა, მაგრამ იმას თუ აკვირდებიან, რა ზიანი მიაყენეს ქვეყნის რეპუტაციას, საკუთარ თავს და მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს. მითი, რომ ეს ძლიერი პოლიტიკური გუნდია და გათვლებით დგამენ ყველა ნაბიჯს, ცივილიზებული სამყაროსთვის უკვე დამსხვრეულია. გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნების მთელი შემდგომი პერიოდი ფუჭად გაატარეს. ხმათა ბალანსი გადანაწილდა ისე, როგორც ეს ამომრჩეველმა მოისურვა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადეს დასკვნები არჩევნების შედეგების შესახებ, მათი ყველა ბრალდება უარყოფილ იქნა. პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეაფასო ეს მოცემულობა, აირჩიო სტრატეგია და წახვიდე იმ გზით, რომელიც შენ ამომრჩეველმა დაგისახა. დემოკრატია მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებაში არ გამოიხატება, თავისუფლებად არც მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებების და დღის წესრიგის მიხედვით მოქცევაა, თანაც აღვირახსნილად. ყველაფერი ეს აისახება ქვეყანაზე, მის რეპუტაციაზე. მოსახლეობის განწყობაც ხომ ნიშნავს რაღაცას?! როდესაც ტელევიზიების მეშვეობით განუწყვეტელ პროპაგანდას მიმართავ და ცდილობ სიცრუეში ამყოფო ხალხი, რა შედეგს უნდა ელოდო? ამ ხნის განმავლობაში ბოიკოტს აცხადებდნენ, არავის აზრი და რჩევა არ აინტერესებდათ, არც საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ საზოგადოების წინაშე და ახლა გადაწყვიტეს შემოსვლა? იქნებ მხოლოდ სააკაშვილის საქმის გამოსაძიებელი კომისიის ჩამოსაყალიბებლად შედიან პარლამენტში და ახლა იქიდან შეეცდებიან საკუთარი ლიდერის გათავისუფლებას, მის ციხეში მოსანახულებლად კი დეპუტატის მანდატს საჭიროებენ?
რა გითხრათ, პირადად მე მივესალმები მათ ამ გადაწყვეტილებას, ჩემთვის უალტერნატივოა დაწერილი თუ დაუწერელი კანონების დაცვა, ესაა პოლიტიკა. ამისთვის სივრცე გვაქვს გამოყოფილი. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა წარმოუდგენელია ოპოზიციური სპექტრის გარეშე, ოღონდ მთავარია, კონსტრუქციულ წინადადებებზე გადავიდნენ და აღარ შეეცადონ სახელმწიფოს ფუქციონირების შეფერხებას სხვადასხვა გზით. ცხადია, დემოკრატიულ სამყაროში განსხვავებული ფორმებითაცაა შესაძლებელი პოზიციის გამოხატვა – აქციები, მიტინგები, მსვლელობები, გაფიცვები, მაგრამ საფუძველი უნდა ჰქონდეს ყველაფერ ამას. თითიდან გამოწოვილი, უსაფუძვლო ბრალდებების არავის სჯერა. როდესაც არავინ გეთანხმება, პროტესტი არ არის რელევანტური.
-რატომ? ბევრს სჯერა. . .
-შესაძლოა, მაგრამ ბევრს არა, ძალიან ცოტას, რადგან კარგად ჩანს, როგორ რეაგირებენ მათივე მომხრეები მათ მოწოდებაზე. იმიტომ შეწყვიტეს აქციებიც და შიმშილობაც, რომ უსაფუძვლო, ფუჭი, ტყუილზე აგებული დემარში იყო. და რა გამოვიდა?! მთელი ეს პერიოდი ქვეყნის ლანძღვას მოანდომეს საგარეო სივრცეში, შიგნით არეულობის მუდმივი მცდელობა ჰქონდათ და შეწყვიტეს. მიხვდნენ, რომ ამას აზრი აღარ აქვს, უმჯობესია ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვა. თუმცა ვეთანხმები ჩვენი პარტიის ლიდერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ისინი შემოსვლის შემდეგაც კონსტრუქციულ სივრცეში არ დაბრუნდებიან. ალბათ, ახლაც აქვთ განსაკუთრებული გეგმა მომზადებული, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ნაკლებად წაადგება.
-რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ პრეზიდენტის წინადადება, რომელიც ეხება სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადებას. თუ შეასუსტებს ეს პროცესი პოლიტიკაში არსებულ ორპოლუსიანობას?
-ცხადია, მისაღებია პრეზიდენტის ეს ინიციატივა, რადგან, ზოგადად, არავის არგებს სიძულვილის ენა. ყველამ ვიცით, რომ არ არის ეს სწორი, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია შეისმენს ამას და გადაეწყობა კონსტრუქციულ პროცესებზე. მათი მოწოდება და სტილია ამ ენაზე საუბარი არა მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის დროს. ისინი მაშინაც, როდესაც ქვეყანას მართავდნენ, მოსახლეობას ამ ენით მიმართავდნენ და ასევე ექცეოდნენ. აქედან გამომდინარე, არა მგონია, მუდმივი სტრესი, ფეიქნიუსები და დაპირისპირებები მათი დღის წესრიგიდან ამოიშალოს. ცხოვრების სტილი აქვთ ასეთი და სხვაგვარად არ ძალუძთ. საჯარო განცხადებებში რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და რა ფასი აქვს მათ ნათქვამს, ყველამ კარგად შეისწავლა უკვე და არავინ იღებს სერიოზულად. სალომე ზურაბიშვილის მოწოდების არსი კარგია, მაგრამ რამდენად შესრულდება და რამდენად შეძლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შეისმინოს დარიგება, უკვე სხვა თემაა. მე პირადად ,არ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. იქნებ კიდეც შეიცვალოს რამე, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებით და სიამოვნებით გავუწევთ ოპონირებას კონსტრუქციულად ქცეულ „ნაციონალურ მოძრაობას“.
– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმაც განაცხადა, რომ სიძულვილის ენა თქვენგან მოდის და ყველა მათ შენიშნვას არასერიოზულად იღებთ.
-კი, ცუდ ტონად გვითვლიან იმას, რომ ფაქტების კონსტატაციას, განმარტებას ვცდილობთ და ციფრებით ვსაუბრობთ. ყოველთვის რეალურ მონაცემებს ვახვედრებთ მათ დესტრუქციულ ქმედებებს, რათა არავინ დაეჭვდეს ჩვენს სიმართლეში, თავად კი მუდმივად ცდილობენ დესტრუქციას და დესტაბილიზაციას ყველა მათთვის ხელსაყრელ მომენტში. ხომ ხედავთ, აქეთ გვაბრალებენ სიძულვილის ენას, სხვა რა უნდა ვთქვათ.
– NDკვლევის შედეგებით, მოსახლეობის 60% აცხადებს, რომ არცერთი პარტიის იმედი არ აქვს. ექსპერტების აზრით, ხალხი ცვლილებებს ელოდება.
-არანაირ ცვლილებას არავინ ელის. უმრავლესობა თვლის, რომ ავირჩიეთ ევროპული გზა. რაც უნდა არადემოკრატიულად მოიხსენიონ ოპონენტებმა ჩატარებული არჩევნები, ყველამ იცის, რომ ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე, გამჭვირვალედ და ღიად, რაც კონსტიტუციაშიც დავაფიქსირეთ. კარგი პარტიული ხელმძღვანელობა გვყავს, შეკრული გუნდი, ძლიერი პრემიერით და პარტიის თავმჯდომარით, რომელიც კონსტიტუციაში ამ ცვლილების ავტორია. ესაა ქვეყნის სწორი განვითარების გარანტი. თუ გვინდა ევროპა, უნდა ვიცოდეთ, რეალურად რა და როგორ ხდება იქ. ვთქვით და განვახორციელებთ, რომ საქართველოში 2024 წლიდან ჩატარდება სრულად პროპორციული არჩევნები. ყველას გვახსოვს, რა ამბავი ატეხეს და რამხელა აჟიოტაჟი მოაწყვეს, თითქოს, პროპორციული არჩევნები მათი მმართველობის პერიოდში დაწესდა და შემდეგ ჩვენ შევცვალეთ. რომ დავყოთ მარტივ მამრავლებად და გავიაზროთ მათი ნამოქმედარი, იმდენად აბსურდული და არათანმიმდევრულია, რომ ძალიან გასაკვირი იქნება ნორმალური, დაკვირვებული ადამიანისთვის.
ამიტომ ვამბობ, თუ გვინდა ევროპა და ევროპული გზა, უნდა ვიცოდეთ, რომ იქაური პარტიები წარმოადგენენ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, ვითარდებიან, ატარებენ მათ ინტერესებს, ამას კი სჭირდება ტრადიცია, წლები, ავტორიტეტი, რომელიც დაამკვიდრებს მათ ნიშას. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე სინანული გამოვთქვით პოლიტიკურ ორბიტაზე გამოჩენილი პატარა პარტიების გამო, რომლებიც იმ ნეგატიურ ნარატივზე წამოეგნენ, რასაც რადიკალური ოპოზიცია ავითარებდა. ამით დაკარგეს საკუთარი არსი, რითაც გამოირჩეოდნენ პოლიტიკური სპექტრის სხვა წარმომადგენლებისგან. როდესაც გაითქვიფნენ დესტრუქციულ ოპოზიციასთან, დაიღუპეს თავი და პოლიტიკურ პერსპექტივასაც გადაუსვეს ხაზი.
როდესაც გავაცნობიერებთ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, მივხვდებით, არაფერია საგანგაშო, არჩევნებში მოსახლეობის მხოლოდ 50% რომ მიიღებს მონაწილეობას. დანარჩენი, შესაძლოა, იმიტომ არ მოვა საარჩევნო ურნებთან, რომ უკმაყოფილოა, ან სულაც არ ინტერესდება პოლიტიკით. ეს პროცესი არც არის დასაძრახი ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში. პოლიტიკურად აქტიური 50% კი გამოხატავს საკუთარ მისწრაფებებს და ალაგებს პრიორიტეტებს.
N კვლევა ხანდახან მანიპულირებს საველე ნაწილში, რითაც ეჭვს იწვევს, თუმცა იმითაც, რასაც აკეთებენ, კარგად ჩანს – ნდობის კუთხითაც ლიდერობს „ქართული ოცნება“, ანუ ადამიანთა უმრავლესობა მაინც მმართველ გუნდს და ხელისუფლებას ენდობა, რადგან კარგად ხედავს, რასაც აკეთებს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის. ყველამ იცის, რომ უდიდესი მონდომება და მცდელობა აქვს გაწეული მმართველ პარტიას სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ცხადია, რაღაც შეცდომებიც ფიქსირდება. მავანს მოსწონს გატარებული პოლიტიკა, სხვები – აკრიტიკებენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც კმაყოფილები არიან იმ გეზით, რომლითაც დაიწყო ქვეყნის მართვა „ქართულმა ოცნებამ“ და დღემდე აგრძელებს გააზრებული, დახვეწილი და კარგად შემუშავებული პროგრამების რეალიზებით.
–პატიმარმა სააკაშვილმა დადო პოსტი, რომ თუკი რუსეთი დაარტყამს უკრაიანას, პარალელურ რეჟიმში შემოვა სამეგრელოშიც და დაიკავებს ფოთის პორტსო.
-ეს არის მათი სტილი, ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენონ ქაოსის ხელშესაწყობად და შიშის დასათესად. აქეთ უკრაინა რა დღეშია, იქით – ყაზახეთში ნახეთ, რაც მოხდა. რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს მსოფლიოში დესტრუქციული პოლიტიკის განსახორციელებლად. საინტერესოა, მაგრამ ამ კონტექსტში ჯდება სააკაშვილის ქმედებებიც. ის უსტარს აგზავნის ქვეყნის ასარევად, მოსახლეობაში შიშის, პანიკის დასათესად. ექსპრეზიდენტს სხვანაირად არ შეუძლია, მხოლოდ ასეთ მოტივებზეა ორიენტირებული.
–საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არ გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ნახსენები ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი.
-ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი, რომელიც ნათლად გამოხატავს საქართველოს პოზიციას. ეს არის მთავარი. ოპოზიციას, როგორც ყოველთვის, აინტერესებს აჟიოტაჟი და ხმაური. მათ გამო ნამდვილად ვერ შევცვლით დღის წესრიგს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება.
-ქვეყნის მოსახლეობა სოციალურად შეჭირვებულია, დიდია უმუშევრობის მაჩვენებელი, ინფლაციამ კიდევ უფრო დაძაბა უმწეოთა მდგომარეობა. რა კომენტარს გააკეთებთ ამ სიტუაციაზე?
-სოციალური პროგრამები ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ნორმალურია და ჩვენც ყოველ მხრივ ვცდილობთ დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს. თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდება, რომ ამ პირობებში არ იყოს სოციალური და ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები. პანდემიის ურთულეს პერიოდში სხვა პოლიტიკის გამტარებელი პარტია რომ ყოფილიყო ქვეყნის მართვის სადავეებთან, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მოსახლეობის უმეტესობა, არავინ იცის. მესმის, რომ გაჭირვებაა, პრობლემებია, მაგრამ რომ გადახედოთ ციფრებს, სტატისტიკას, ჩანს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიუჯეტიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დავეხმაროთ ყველას.
-როგორც ექიმი, როგორ შეაფასებდით პანდემიის მიმდინარეობას?
-მეექვსე ტალღის დროს კარგად გამოჩნდა, რომ პანდემიის სიმძიმის ცენტრი პიროვნებებზე გადმოვიდა. ომიკრონი გამოირჩევა სწრაფი გავრცელებით, რაც ითხოვს პირადი ჰიგიენის გაძლიერებულად დაცვას და პირბადის ტარებას განუწყვეტლივ, ოჯახშიც კი. აუცილებელია ვაქცინაცია და „ბუსტერ“ დოზა, რადგან სხვაგვარად ვერ შევძლებთ პანდემიის შეჩერებას. ახლა უკვე უდიდესი როლი ენიჭება მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. პირბადე შენგან ვირუსის გავრცელებას ზღუდავს – შესაძლოა გვქონდეს სიმპტომი, რომელიც არ ჩანს. ამან არ უნდა გაგვათამამოს, თუკი თავი აგვტკივდა, გვაქვს სურდო, ყელმა შეგვაწუხა ან ხველამ, ანუ მცირედი დისკომფორტის დროსაც კი პირბადე უნდა გავიკეთოთ და დისტანცია დავიცვათ. ერთი შეხედვით ყველაზე მსუბუქ ნივთსაც კი (პირბადეს) შეუძლია ბევრის სიცოცხლე გადაარჩინოს. უპასუხისმგებლობა ღუპავს და აფუჭებს ყველაფერს.
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მივმართო თქვენს მკითხველს: სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს პანდემიასთან მიმართებაში, ახლა პირადი პასუხისმგებლობით უნდა მივაღწიოთ პანდემიის შეჩერებას. ომიკრონი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ სამედიცინო ჰოსპიტალურ სექტორს მალე გაუჭირდება, ყველა ინფიცირებულს მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება. ამას მხოლოდ თითოეული პიროვნების ძალისხმევით თუ გადავუღობავთ გზას და არ მივცემთ ვირუსს გადადების არცერთ შანსს.