მშობლიური ხეობის მოსახლეობას დაეხმარა
ოთარ ცინარიძე 599 85 2114 –
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით ყველას საქმე და საზრუნავი მოემატა. პრობლემების წინაშე დადგნენ სამშენებლო კომპანიებიც. ქვეყნის ყველა რეგიონში სამუშაოები დროებით შეჩერებულია. თითქმის თვეზე მეტია, უმოქმედოდაა ბათუმში არსებული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიები „ვვ ჯორჯია“ (დირექტორი – ვახტანგ ვასაძე) და „ჯეობეტონი“ (ზაზა გოგრაჭაძე). ასეთ ვითარებაშიც არ დაივიწყეს ქველმოქმედება ამ კომპანიების ხელმძღვანელებმა და დამფუძნებელმა -შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის მკვიდრმა ნუგზარ ჭაღალიძემ. ჭალის 92 ოჯახს საჩუქრად გადასცეს სასურსათო პროდუქტები. თითოეულ კალათაში 100 ლარის პროდუქტები – ხორბლის ფქვილი, შაქარი, ბურღულეული და მცენარეული ზეთი იდო. ქველმოქმედმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძის, მერის პირველი მოადგილის ომარ ტაკიძის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის გურამ ზოიძის, ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მალხაზ ტაკიძის, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ვაშაყმაძის თანხლებით, სასურსათო პროდუქტების ჩამორიგებას ერთი დღე მოანდომა.
აქციის დასრულების შემდეგ ნუგზარ ჭაღალიძეს გავესაუბრეთ.
-ჭალის უხვმოსავლიან ტერიტორიაზე ჩვენი წინაპრები იმერეთიდან, კერძოდ, ზესტაფონიდან საუკუნეების წინათ ჩამოსულან და დამკვიდრებულან იქ, სადაც დღესაც ცხოვრობენ ჭაღალიძეები. ჭვანის ხეობაში, ვარჯანაულში დასახლებული ჭაღალიძეების პირველ ოჯახში დაბადებული სამი ვაჟიდან ერთი იქვე დარჩა, მეორე ჭალაში წამოვიდა, მესამემ კი საცხოვრებლად შორეული ინწკირვეთი აირჩია. ისტორიის მიხედვით, გურიაში მცხოვრები ინწკირველების წინაპარები ჭაღალიძეები ყოფილან. მამულის სიყვარული, მოყვასის ჭირ-ვარამის გაზიარება და თანადგომა სანაქებო წინაპრებს ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი. ბაბუაჩემი ომერ ჭაღალიძე მიყვებოდა იმ ქველმოქმედებაზე, რაც შავი ჭირის მძვინვარებისას მის მადლიან წინაპარს გამოუჩენია. სოფელში, ჭვანის მთელ ხეობაში შიმშილი და სიკვდილი რომ მეფობდა, მას სიმინდით სავსე ნალიის კარები გაუხსნია და ხეობის გაჭირვებული ოჯახებისთვის დაურიგებია. წინაპრის ეს ნამოქმედარი ენერგიას მმატებდა, მსურდა, მეც ჩემი წილი გამეღო თანასოფლელების დასახმარებლად. სოფლის უხუცესებისგან, ისტორიკოსებისგან, პედაგოგებისგანაც არაერთხელ მომისმენია, რომ შავი ჭირის დროს რამდენიმე ოჯახი სოფელ ჭალის ტყეში გახიზნულა. იმ ტერიტორიას „ხიზნები“ უწოდა ხალხმა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით 30-მდე საფლავია – შავი ჭირის დროს დახოცილთა მუდმივი სამყოფელი. ხეობაში გვაქვს სოფელი ჟანივრი ანუ ჟამივრი. იქაც ბევრი დახოცილა, ბევრიც სამცხე-ჯავახეთში გაიხიზნა. ახლაც ყველას სიფრთხილე გვმართებს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ისეთივე ტრაგედია არ დატრიალდეს.
– უმეტესად, მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ოჯახებს ეხმარებიან, თქვენ კი განურჩევლად ყველას დაეხმარეთ, რატომ?
-რეალობიდან გამომდინარე. წელიწადის ამ დროს ხატოვნად „ჩიტიბუჯრობას“ უწოდებენ. სოფელი, ტყე და მდელო მწვანეში, ყვავილებშია ჩაფლული, მაგრამ ნალიასა და კიდობანში, მარანსა და ბოსელში ყველაფერი დაცოტავებულია. კომპანიის დირექტორებთან შეთანხმებით გადავწყვიტე, 92-ვე ოჯახს დავხმარებოდით. სოფელში ისეთი ცნობილი ადამიანები გვყავს, რომ მათი საქმეები ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებდა. ჭალაში აიდგეს ფეხი ცნობილმა მწერალმა, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ, მწერალმა რევაზ ჭაღალიძემ, შუახევის რაიონის ყოფილმა ხელმძღანელმა მურმან ჭაღალიძემ, პუბლიცისტმა, წიგნის „ჭვანის ხეობა მე-20 საუკუნეში“ ავტორმა ნოდარ შარაშიძემ, ცნობილმა ბიზნესმენებმა სანდრო, ხვიჩა, გოჩა შარაშიძეებმა, იურისტმა ვარდენ ვაშაყმაძემ, პოეტმა შოთა დიასამიძემ, ღირსეულმა პედაგოგებმა ალექსანდრე ჭაღალიძემ, ალექსანდრე შარაშიძემ, შუახევის რაიონის ყოფილმა კომისარმა ნოდარ ქათამაძემ. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მათ ეზოებში შესვლა და საჩუქრის გადაცემა, ყველა მადლიერებითა და ლოცვით გვაცილებდა.
– ეს დახმარება პირველი არ იყო. მეზობლები სხვა დროს თანადგომაზეც მადლობას გიხდიდნენ. . .
– ზედმეტი ხმაური ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელებს არ გვჩვევია, მაგრამ როგორც ჩანს, გაკეთებულზე უნდა ვთქვათ. ჭალაში ავიდგი ფეხი. ჩემი თანამეცხედრე ვარდო ვასაძე ცხმორისელია. იქაურია „ვვ ჯორჯიას“ დირექტორიც. იქ უკვე გავეცით სასურსათო პროდუქტები. ზაზა გოგრაჭაძის სოფელში 100-მდე სასურსათო კალათა ბიზნესმენმა ლევან (ასლან) მჟავანაძემ დაარიგა. სამივენი სოციალურად დაუცველებს, დაავადებულ ადამიანებს მატერიალურად ვეხმარებით. მონაწილეობას ვღებულობთ სოფლის ინფრასტრუქტურის, სარწყავი არხის მოწესრიგებასა და მოვლა-შენახვაში.
– მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება, თქვენი კომპანიების შესახებაც რომ გვიამბოთ.
– სამშენებლო მასალების წარმოებაზე ვართ ორინეტირებულნი. წელიწადში 6-7 მილიონი ლარის საქონელბრუნვა გვაქვს. ბიუჯეტში შენატანები ნახევარ მილიონს აჭარბებს. პანდემიამდე 45 ადამიანი გვყავდა დასაქმებული. ისინი ჩვენი მეზობლები, ახლობლები არიან, შრომით ანაზღაურებასაც არ ემდურიან. ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობის მიზანმიმართული ქმედებებით, უფლის ნებით, პანდემიას დავამარცხებთ და მუშაობას ჩვეულ რიტმში გავაგრძელებთ.
– უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ბიზნესი დაიწყეთ, რამ გიკარნახათ?
– თანასოფლელების, თანახეობელების სახით კარგი მაგალითები მყავს. სტუდენტი რომ ვიყავი, სანდრო შარაშიძეს, ამირან დარჩიძეს, ლევან მჟავანაძეს, ჯემალ მსახურაძეს, ემელიან შარაშიძეს, მურმან ტაკიძეს უკვე წარმატებული ბიზნესი ჰქონდათ. ასევე, ცხმორისელ ვასაძეებს.
– ახალი კორონავირუსის პანდემიამ სოფელი გააცოცხლა. ოჯახები სოფელს შეეხიზნენ. . .
– სოფლისთვის ზოგიერთივით ზურგი არ შემიქცევია. მშობლები წარმატებული ფერმერები არიან. ორ ძმას ბაბუის აგებული ქვითკირის სახლი გვაქვს. ცოლ-შვილით აქა ვართ. გაძლება არ გვიჭირს.
– ამბობთ, რომ სოფელს ზურგს არ აქცევთ, საკუთარი სახლის აშენებას აპირებთ?
– ტერიტორია საკმარისი გვაქვს. სახლისთვის ადგილიც მოვნიშნე. მეუღლე და შვილებიც თანახმანი არიან, რომ სოფელ ჭალაში საკუთარი ჭერი გვქონდეს.
კომენტარი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს და ჭალის მკვიდრთაც ვთხოვეთ.
ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი:
– ნუგზარი ჩემი თაობის შუახეველი, კარგი მეგობარი, ქვეყნის, კუთხის ინტერესების დამცველი პიროვნებაა. მან საკუთარი გრძნობისა და გონების კარნახით, საშვილიშვილო საქმე გააკეთა. რა დასამალია და სოფელ ჭალაშიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. აქციის დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სოციალურად დაუცველი გუგული შარაშიძის ოჯახში ვიყავით. მას 200 კილოვატზე მეტი ენერგია აქვს მოხმარებული. ოჯახს მთლიანი ხარჯი მერიამ აუნაზღაურა.
ზურაბ ვაშაყმაძე, სოფლის მკვიდრი:
– ძნელბედობის ჟამს ასეთი დახმარება სამაგალითოა. სოფელი, თითოეული ოჯახი მადლიან, ქველმოქმედ ბიზნესმენს მადლობას ვუხდით. იმედია, ნუგზარის მაგალითს სხვა სოფლების მკვიდრი ბიზნესმენებიც მიბაძავეენ.