„თუ საკუთარი წარსული დაივიწყე“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
როგორ აღადგინეს შინმოუსვლელთა გაძარცვული სტენდები
ხვალ ფაშიზმის დასამარების 75 წლისთავია. კაცობრიობამ ამ ურჩხულის დასამარცხებლად დიდი მსხვერპლი გაიღო. მსოფლიოში, ბელორუსიის შემდეგ, საქართველო მეორე ქვეყანაა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი მეომარი დაკარგა. ფრონტზე გაწვეული 700 ათასი საქართველოს მკვიდრიდან 300 ათასზე მეტმა სხვადასხვა ტერიტორიაზე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი, მრავალი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
საქართველოში იშვიათია სოფელი, გვარი, რომელსაც წილი არ გაეღოს კბილებამდე შეიარაღებული ფაშისტური არმიის დამარცხებაში. ქართველი ხალხის გმირობად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მსოფლიო ჰეგემონობაზე მეოცნებე ნაცისტებმა ჩვენს მიწაზე ფეხი ვერ შემოდგეს – ქლუხორისა და ნახარის უღელტეხილებიდან შემოსეულ მტერს რამდენიმე დღეში კუდით ქვა ასროლინეს.
პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობა სათუთად ინახავს ამ ომში სამშობლოსათვის დაღუპული გმირების სახელებს, მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად გვაჩუქეს გამარჯვების ბედნიერება – 1945 წლის 9 მაისი. გამონაკლისი არც საქართველო და მათ შორის აჭარაა. წონიარისში არსებული მემორიალი, ქედის ცენტრში რესტავრირებული „გამარჯვების ხეივანი“, ცხმორისის, ნენიის, მერისის, ხიხაძირის, ოლადაურის, დაბა ხულოს, შუახევის ცენტრებში – შინმოუსვლელთა სტენდები ამის დასტურია.
ყოველი წლის 9 მაისს საზოგადოების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ომში დაღუპულების ახლობლები, ომის ვეტერანები შინმოუსვლელთა ხსოვნის სტენდებთან იკრიბებიან და გვირგვინებით, ყვავილებით ამკობენ უკვდასაყოფ ძეგლებს.
არც ისაა დასამალი, რომ ერთხანს 9 მაისი დამოუკიდებელი საქართველოს ხელმძღვანელობამ ღირსსახსოვარი თარიღების სიიდან ამოიღო. სწორედ იმ წლებში, ბევრგან, შინმოუსვლელთა სტენდები გაძარცვეს. ეს ბედი ერგო შუახევის ცენტრში არსებულ სტენდსაც. სპილენძის მოკაზმულობა მოიპარეს და სარფის კარს მიღმა გაიტანეს.
1987 წლის 9 მაისს ომის 45 მონაწილის უკვდავსაყოფად ხსოვნის წყარო გაკეთდა შუახევი-უჩამბის საავტომობილო გზის ვერხვანის მონაკვეთზე. ინიციატორი უჩამბის თემის მაშინდელი ხელმძღვანელი შოთა აბუსელიძე გახლდათ. წყაროსთან ძელსკამები გამართეს. უჩამბელები და მათი სტუმრები აქ ისვენებდნენ და ომის მონაწილეების შესანდობარსაც კი მიირთმევდნენ.
ავმა ხელმა ხსოვნის წყაროც კი არ დაინდო. სტენდთან მომდინარე წყალს ადგილი მოუნაცვლეს და ავარიაში დაღუპული ერთი უჩამბელის ხსოვნის წყაროდ გადაქცევა განიზრახეს. უჩამბელებმა და ინიციატორმა ეს არ დაუშვეს. თავის დროზე შოთა, ალიოშა, ანზორ ბერიძეებს მარჯვენას უქებდნენ შესანიშნავი სტენდის გაკეთებისთვის. შოთა აბუსელიძემ საქმის კურსში შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ჩართო. მას დაეხმარნენ ილია, შაქრო ბეჟანიძეები, შოთა კეჟერაძე და სტენდთან წყაროს წყალი ძველ ადგილას დააბრუნეს.
– წყაროს წყლის გარეშე სტენდი რომ ვნახე, გული დამწყდა, – გვითხრა შოთა აბუსელიძემ. ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, დრო გამოვნახე და ჩვენს წარსულს ერთხელ კიდევ პატივი მივაგე.
შოთა აბუსელიძის უჩამბის თემის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში კვირიაულის დასახლებაში, თემისა და საუბნო საავადმყოფოს მიმდებარედ, შინმოუსვლელთა სტენდი გაკეთდა, რომელიც ახლა სავალალო მდგომარეობაშია.
კომენტარი უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში შუახევის მერის წარმომადგენელ ემზარ დავითაძეს ვთხოვეთ: – მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებსა და ომის მონაწილეებს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ. დასამალი არაა, რომ სტენდებს, მემორიალებს ერთხანს ყურადღება მოაკლდა. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით ტბეთის ცენტრის კეთილმოწყობას ვაპირებთ. შინმოუსვლელთა სტენდსაც საპატიო ადგილს მივუჩენთ. სოფელ ცინარეთში ახალგაზრდების ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფი მემორიალური დაფა გააკეთეს. ამ სოფლის ფრონტზე გაწვეული ახალგაზრდებიდან ცოცხალი არავინ დაბრუნებულა. კვირიაულის დასახლებაში არსებული სტენდი მართლაც, სავალალო მდგომარეობაშია და მის შესაკეთებლად თანხებს გამოვნახავთ. ყურადღების გარეშე არც ჯაბნიძეებში, გოგაძეებსა და წაბლანაში არსებული სტენდები დაგვრჩება.