პაატა აროშიძე: თუ პირი ივნისში დაბრუნდება სამუშაო ადგილზე და მიიღებს სრულყოფილ ანაზღაურებას, ნიშნავს, რომ კრიზისმა გადაიარა და რაში დასჭირდება დახმარება?
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
24 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო. გიორგი გახარიას თქმით, ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს. ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ მოხვდა (ვინაიდან ისინი იურიდიულად დამოწმებულ რაიმე სახის დოკუმენტს ვერ წარადგენენ) ამ გეგმაში. ესენი არიან: გარე მოვაჭრეები, მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები და ა. შ. თვითდასაქმებულების უკმაყოფილებაც ამ გარემოებამ გამოიწვია. ჩვენ ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ეკონომისტ პაატა აროშიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ეს არის გეგმა, რომელიც კრიზისის შემსუბუქებას გამოიწვევს.
-კარგია, რომ სახელმწიფომ მიიღო გეგმა, რომელიც უნდა იყოს ორიენტირი მომავალ 6 თვეში. ეს არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, ეს არის გეგმა, რომლითაც შეეცდებიან, შეამსუბუქონ ის პრობლემები, რაც მოსდევს რეცესიას და რასაც მოიტანს კრიზისი, ანუ უნდა შევეცადოთ გარდაუვალ კრიზისს მეტ-ნაკლებად მომზადებულნი შევხვდეთ. აი, ამ თვალსაზრისით, გეგმის არსებობა აუცილებელი იყო. ეს გეგმა პირობითად შეიძლება დაიყოს 3 ნაწილად: 1 – სოციალური პაკეტი; 2 – ბიზნესის სტიმულირება; 3 – ჯანდაცვის სიტემა და საბანკო სფერო. თუ განვიხილავთ თითოეულს, ფაქტია, რომ მოქალაქეებს მისი პირველი ნაწილი აინტერესებთ, ანუ ის, თუ რა „მოუწევს“ მას საერთო გეგმიდან. ისიც ფაქტია, რომ მთელი თანხა თანაბრად რომ გადანაწილებულიყო მოქალაქეებზე, მაშინაც უკმაყოფილება იქნებოდა, არათუ 1200 ლარის შემთხვევაში. ზოგადად, სოციალური დახმარებები ყოველთვის უკმაყოფილების საფუძველია. ფაქტია, 1200 ლარი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ადამიანის არსებობას, მით უმეტეს, როცა ფასები იზრდება, მაგრამ ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ამ მოცემულობაში შეიძლებოდა სოციალურ დახმარებად გაცემულიყო. ერთბაშად გაცემული დაიხარჯებოდა მაშინვე და რეალურად ადამიანი „კაპიკის გარეშე“ დარჩებოდა.
– ბატონო პაატა, თვითდასაქმებულები ვერ წარადგენენ ვერაინაირ საბუთს, რომ ისინი მუშაობდნენ, ფაქტობრივად, დარჩნენ სოციალური პაკეტის მიღმა. ამის შესახებ რას გვეტყვით?
– რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც ვერ წარადგენენ ვერანაირ დადასტურებას თავიანთი შემოსავლისა, ისინი დარჩნენ გეგმის მიღმა, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც გამოინახება მათთვის, ეს მხოლოდ ვარაუდია. გეგმაში უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრივ მიმართული აქტივობები. კერძოდ ის, რომ ქვეყანას მიეცა შანსი, მომხმარებლის სტატუსიდან გადავიდეს მწარმოებლის სტატუსზე, ანუ ფინანსები მიიმართება არა, ვთქვათ, ტურიზმის სარეაბილიტაციოდ, არამედ სოფლის მეურნეობისათვის, რაც საფუძველია გადამამუშავებელი მრეწველობისა. ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია დღგ-ის დაბრუნების მექანიზმის გაიოლება, თუმცა გაურკვეველია საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები. დღემდე დაისმის კითხვა 750 ლარამდე მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლოს განულებასთან და 1500 ლარამდე შემოსავლის შეღავათთან დაკავშირებით. ზოგმა ეს ისე გაიგო, რომ ეს არის დაქირავებული პირის შეღავათი, რეალურად, ეს არის დამქირავებლის სუბსიდირება, ანუ მას 750 ლარამდე გაცემულ ხელფასზე გადარიცხული საშემოსავლოს (150 ლარი) სუბსიდირება მთლიანად მოხდება, ხოლო 1500 ლარამდე – ნაწილობრივ, რასაც ის გამოიყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში. კარგი იქნებოდა, ეს ნათლად ყოფილიყო განმარტებული.
– სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ვინც დროულად დაბრუნდება სამსახურში, ვერ მიიღებს სრულად მისთვის გამოყოფილ 1200 ლარს.
– თუ პირი ივნისში დაბრუნდება სამუშაო ადგილზე და მიიღებს სრულყოფილ ანაზღაურებას, ნიშნავს, რომ კრიზისმა გადაიარა და რაში დასჭირდება დახმარება? მაგრამ გეგმას თან ახლავს ეკონომიკის გახსნის ვადები. ამის მიხედვით, ვინც დაბრუნდება სამსახურში, ძალიან მცირეა. მაგალითად, სასტუმროების გახსნა ჯერ არ იგეგმება და რომც გაიხსნას ივნისში, ივლისში, აგვისტოში, მას უბრალოდ მომხმარებელი არ ეყოლება. ფაქტია, რომ კომპანიების დიდი ნაწილი მომავალ კრიზისს ვერ გადაიტანს, ამიტომ დახმარება შენარჩუნდება, ისინი კი ვინც დაიწყებს მუშაობას, ძალიან მცირე იქნება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დაანგარიშებით, გეგმის ღირებულება ასეთია: მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა 1.35 მილიარდი ლარი; ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეობის მხარდაჭერა – 2.11 მილიარდი ლარი; ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მეწარმეობის მხარდაჭერა – 350 მილიონი ლარი.