რატომ მალავდა ლექსებს ლაზი პოეტი?
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
იაშა თანდილავა -70
ცნობილ პოეტს, ფილოლოგს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს იაშა თანდილავას 24 თებერვალს საიუბილეო თარიღი შეუსრულდა. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი სერიოზული მდგომარეობის გამო, ამ თარიღის აღნიშვნა (ჯერჯერობით) სათანადოდ ვერ მოხერხდა. გაზეთი „აჭარა“ შეეცადა დისტანციურად მაინც მოფერებოდა ადამიანს, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. არაერთ თანამდებობაზე მუშაობდა, სადაც ყველას გამორჩეული შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით დაამახსოვრა თავი.
. . . დაიბადა საზღვისპირა სოფელ სარფში. სწავლობდა ჯერ სარფის რვაწლიან, შემდეგ გონიოს საშუალო სკოლაში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კავკასიურ ენათა, შემდეგ თეოლოგიის ფაკულტეტები. იყო სარფის სასოფლო ბიბლიოთეკის გამგე, 1974-1995 წლებში- გონიოს საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შვიდი წელი ამავე სკოლის დირექტორად იმუშავა, 1996-2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბათუმის წარმომადგენლობის მეორე მდივნად, 2004-2008 წლებში -საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დიასპორებთან ურთერთობათა ქართველოლოგიის ცენტრში, ასევე იყო ევროპული უნივერსიტეტის ქ.ბათუმის ფილიალის ლექტორი, ძველი ქართული მწერლობის სპეციალისტი. 2010 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ქართული ენის კონსულტანტ-სპეციალისტია, პარალელურად, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი ქართველოლოგიის ცენტრში და სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი.
– ბატონო იაშა, სარფის გარდა სად არიან დასახლებული ლაზები?
– თითქმის მთელ საქართველოში: გურია (სუფსა, ურეკი), ქობულეთი, მახო, თხილნარი, ჭარნალი, გონიო, სიმონეთი. . . მეტი რაოდენობით, აფხაზეთშიც არიან.
– რამდენი იქნება ლაზი მოსახლეობა მთლიანად?
– მე და ჩემი მეუღლე 1985 წელს თურქეთში ვიყავით და მაშინ იქ ნახევარ მილიონზე იყო საუბარი, ახლა 4-5 მილიონს ამბობენ. . . ასეთი განსხვავება იმიტომაა, რომ ადრე მალავდნენ, ახლა აღარ მალავენ თავის წარმომავლობას.
– ლაზები ხომ ჩვეულებრივი ქართული თემია?
– რა თქმა უნდა. ლაზებს ბერძნები უწოდებდნენ, თორემ ისტორიიულად ეგრისია. ოსმალოები რომ შემოვიდნენ, ლაზები მერე გახდნენ და მთლიანად ეწოდებოდა ბათუმ-ლაზისტანის სანჯაყი. სხვათა შორის, ბათუმში ძალიან ბევრი ლაზი ცხოვრობდა, ასევე ზუგდიდში, ანაკლიაში, ოჩამჩირეში.
– სად და როგორაა შემორჩენილი ლაზური ენა?
– ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იბერიულ-კავკასიური ენის, ქართველურ ენათა ოჯახის მჭიდრო, მკვიდრი ერთსულოვანი ნათესაობაა. საქართველოში მცხოვრებ ლაზს რომ შეეკითხოთ მისი იდენტობის შესახებ, გეტყვით, რომ ქართველია, თურქეთში მცხოვრები კი ამბობს, რომ ის ლაზია და ლაზურად ლაპარაკობს.
– სარფში ხშირად ლაპარაკოთ ლაზურად?
– ახლა ნაკლებად. ჩემს ბავშვობაში ლაზურთან და ქართულთან ერთად, სხვა ენაც იცოდნენ, მათ შორის, თურქული, მაგრამ დიდიც და პატარაც სულ ლაზურად ლაპარაკობდა. საინტერესო კი ისაა, რომ რამდენიმე ხნის წინათ, თავად საქართველომ კარგად არ იცოდა, ვინ იყვნენ ლაზები, არადა, ძველქართულ ერთ-ერთ საეკლესიო წყაროში ასე იხსენება ლაზეთი, როგორც ქვეყანა „. . .მივიდა ანდრია ქვეყანასა ტრაპიზონს ქვეყანასა მეგრელთა“.
– ლაზებს რაიმე გამორჩეული ტრადიცია გაქვთ?
– არა, ჩვეულებრივი ქართული ტრადიციებით ვცხოვრობთ. გამორჩეული იყო და არის მეთევზეობა, ზღვის გარეშე ვერ ვძლებთ.
– ახლაც ასეა?
– ახლა თევზს თურქები იჭერენ და სადღაა თევზი?
– ბატონო იაშა, პოეზიაზე, თქვენს შემოქმედებაზე ვისაუბროთ.
–ბავშვობაში ცელქი კი ვიყავი, მაგრამ ლექსი, მხატვრული კითხვა მიყვარდა. მეც ვქმნიდი თითო-ორ სტროფს. მერვე კლასში კი დავწერე დასრულებული ლექსი სახელწოდებით „სარფი“ და გაზეთ „ნორჩი ლენინელში“ გავგზავნე. რამდენიმე ხანში პასუხიც მომწერეს: „თქვენი ლექსის დონე არ შეეფერება ჩვენი გაზეთის დონესო“. ამის შემდეგ ფარხმალი არ დამიყრია. ლექსებს მაინც ვწერდი, თუმცა , მალულად, არავის ვუკითხავდი. ვწერდი იმაზე, რაც მტკიოდა და რაც მიხაროდა. მერე დიდობაში, სარფის ბიბლიოთეკიდან წიგნები გამომქონდა და ბევრს ვკითხულობდი. ჩემთვის ეს ბიბლიოთეკა მეორე უნივერსიტეტი გახდა. განსაკუთრებით ისტორიული ნაწარმოებები მიტაცებდა.
– მაგრამ მაინც იხილეს თქვენმა ლექსებმა „სამზეო“.
– 30 წელს უკვე გადაცილებული ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ და ერთმა ნათესავმა მომპარეს ლექსები და აჭარის მწერალთა მიიტანეს, სადაც მოგვიანებით საღამოც მომიწყვეს.
– თქვენ „გადაღმა“ საქართველოს პოეტსაც გიწოდებენ.
– ჰო, ასეა. 2003 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით „კოლხური კულტურის ცენტრი“ გავხსენით. უწმინდესთან ერთად გადავედით თურქეთში. ამ ცენტრის ეგიდით საქართველოში ჩამოვიყვანეთ მომღერლები ქაზიმ კოიუნჯი, ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) და ანსამბლი „ზღვის შვილები“. თბილისის ოპერის თეატრში დიდი კონცერტი ჩავატარეთ. მახსოვს მაშინ ზურაბ ქაფიანიძემ როგორ დაიჩოქა და თქვა: „დიდი ბოდიში, ლაზებო, რომ აქამდე არ გვახსოვდით“.
– იქაურ ლაზებს პირველად როდის შეხვდით?
– ბიძაჩემი რომ ჩამოვიდა სტამბოლიდან.
– ბატონო იაშა, თქვენ ხშირად ხვდებით თურქეთის ჩვენებურებს, მაინტერესებს, იქ როგორაა შემორჩენილი ლაზური ენა?
– დიდებულად. თუმცა, თანდათან თურქულსაც ურევენ. ბავშვებმა არ იციან. ამ ბოლო დროს უფრო მიუბრუნდნენ, შეიქმნა და გამოიცა ლექსიკონები. ერდოღან ამაშიში ჩამოვიყვანეთ, საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ამ მხრივ უწმინდესი ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა, მაგრამ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა შეგვაჩერა. ხელს გვიშლიდნენ იმაში, ჩვენებურებისთვის გვეთქვა, რომ ქართული ფესვები ჰქონდათ. თავად თურქები კი მათ ეუბნებოდნენ, რომ „კაი თურქები ხართო“.
– ბატონო იაშა, ხასან ჰელიმიშს როგორ გაიხსენებთ
– სტუდენტობის დროს თბილისში, სტუდქალაქში ცხოვრობდა, ერთ პატარა ოთახში. ხშირად დავდიოდით მასთან, ხატავდა, ლექსებს წერდა. იმ დროიდან ვმეგობრობდით. ლაზ სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო სურათიც გვაქვს გადაღებული. ქართველ მეცნიერებთანაც ვმეგობრობდით. ერთხელ ბიძაჩემმა ჩვენთან არნოლდ ჩიქობავა ჩამოიყვანა, მერე სხვებიც ჩამოდიოდნენ. ციალა არდაშელიამ დაწერა, თანდილავების ოჯახი ქართველ მეცნიერთა სავანედ იქცაო. . . ეს ცოტაოდენი ბიძგი იყო იმისკენ, რომ უნივერსიტეტმა სარფიდან რამდენიმე ახალგაზრდა წაიყვანა სასწავლებლად. . .
– თქვენი წიგნის „სახლი ზღვის პირად“ შესახებ ამბობთ, რომ მასში გააერთიანეთ ყველაფერი ის, რაც გტკიოდათ, რა იყო ეს ტკივილი?
– დედა გაღმა სოფლიდან იყო, მარტო ერთი დეიდაშვილი ჰყავდა, მუჰამედ ვანილიში, მეტი სხვა ნათესავი მას აქ არ ჰყავდა. მისი ტკივილი იყო ის, რომ საზღვარს იქით ახლობლებს ვერ ხვდებოდა.
– ერთი თქვენი წიგნი „100 ლექსის“ სერიითაც გამოვიდა.
– ფრიდონ ხალვაშის და ზურაბ გორგილაძის შემდეგ, ამ სერიით გამოცემული ჩემი წიგნი რიგით მესამე იყო და ვფიქრობ, კარგადაც გააკეთეს, არა იმიტომ, რომ ჩემი იყო, არამედ იმიტომ, რომ აჭარაში უნდა ჩანდეს მისი პატარა ლაზეთი. რაც შეეხება ლექსებს, გამომცემელმა თავად შეარჩია.
– ადამიანში ყველაზე მეტად რას აფასებთ?
– სიკეთეს. ბევრი გადავიტანე, მაგრამ ყველაფრის გადატანაში სიკეთე დამეხმარა.
– ვინ არის მოწოდებით იაშა თანდილავა – პოეტი, მეცნიერი, პედაგოგი. . .
– პირველ რიგში პედაგოგი ვარ. მიყვარს თითოეული ჩემი მოსწავლე თუ სტუდენტი და სასიხარულოა, რომ ეს არ არის ცალმხრივი. უკვე ზრდასრულები მიხსენებენ, მოდიან, გულით მომიკითხავენ, ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს.
– უფრო როდის და როგორ წერთ ლექსს?
– ერთი ვიცი, შეკვეთით დაწერილ ლექსს ძარღვი აკლია.
– რას შესთავაზებთ მკითხველს საიუბილეოდ?
– მალე გამოვა ჩემი რიგით მეშვიდე ლექსების კრებული, რომელშიც შევა როგორს ძველი, ისე ახალი ლექსები.
– ალბათ, კორონავირუსმა გარკვეულად თქვენზეც იმოქმედა?
– ქართველებს ისეთი გენი გვაქვს, რომ ვერავითარი ვირუსი ვერ მოგვერევა. გაიხსენეთ, საქართველო რამდენჯერ გადარჩა, ახლაც გადავრჩებით. ახლა სოფელში ვარ. მგონი ეს ვირუსი ჩემმა მეუღლემ ისე გადაიტანა დეკემბერში, რომ არ ვიცოდით, რადგან ზუსტად ისეთი სიმპტომები ჰქოდა, როგორსაც ახლა ამბობენ.
– როგორ საქართველოს ნატრობთ?
– მინდა, რომ ახალგაზრდებმა კარგად შეისწავლონ საქართველოს ნამდვილი ისტორია, მისი წარსული. ამის გარეშე აწმყო არ იქნება.
ვულოცავთ იაშა თანდილავას საიუბილეო თარიღს. კიდევ არაერთხელ გაეხარებინოს მკითხველი მისი შემოქმედებით. დიდხანს ეხაროს მის დიდ და ლამაზ ოჯახთან ერთად.