ტარიელ ფუტკარაძე: პიროვნული მეობა ეროვნული მეობის გაგრძელებაა
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
„ . . .მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინა მიტოვებული მშობლების ორწახნაგოვანი საბედისწერო დრამა. ყველას დაანახა, რომ უფრო დაცულია საკუთარ სამშობლოში. დაგვანახა, რომ აუცილებელია გაუაზრებლად მიგდებული ციხე-სიმაგრის, წინაპრების სახლეულის პატრონობა და გაჩანაგებული სოფლის მეურნეობის აღორძინება. რაც მთავარია, დაინგრა მითები უძლეველი სახელმწიფოების შესახებ“
ოთხი ათეული წელია ქართველოლოგიას, ქართულ ენათმეცნიერებას, საქართველოს ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ტარიელ ფუტკარაძის სახით ერთგული მსახური ჰყავს. იგი შუახევის მუნიციპალიტეტის უმშვენიერეს სოფელ ტომაშეთში დაიბადა. დაამთავრა შუბნის საშუალო სკოლა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტიპენდიატი. 26 წლისამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 12 წლის შემდეგ – სადოქტორო. იგი შუახევში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ ასაკში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
დღეს პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ხელმძღვანელობს ორ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, თბილისსა და ქუთაისში – სამაგისტრო პროგრამებს, საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამას და სხვ.
2011 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრს, 2015 წლიდან – ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციას, 1992 – 2012 წლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად იმოღვაწა. 1999 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის პროფესორია.
2015 წლიდან დღემდე არის „ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდის“ დამფუძნებელი და მისი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-პოპულარული გაზეთების „ქუჯისა“ და „ქართულის“ დამფუძნებელი და რედაქტორი, ლიტერატურულ ჟურნალ „განთიადის“ სარედაქციო კოლეგიის წევრია დღემდე. წლების განმავლობაში ცნობილი სამეცნიერო გამოცემების: „ქართველური მემკვიდრეობის“ (გამოქვეყნებულია 23 ტომი), „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემებისა“ და ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის „წელიწდეულის“ მთავარი რედაქტორი.
აჭარიდან პირველს ხვდა ბედნიერება 2009-2010 წლებში ამერიკაში გამომავალი გაზეთ „ერთობის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი ყოფილიყო. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით, დაფუძნდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრები: „ქართველთა (ქართელური) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე“, „იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო სასწავლო ცენტრი“ და „საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაცია“.
იგი საქართველოს პარლამენტთან არსებული დიასპორიისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივი-საკონსულტაციო და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრია.
პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 330-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები) და 300-მდე პუბლიცისტური წერილი. დიდი რეზონანსი მოჰყვა მის წიგნს: „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“. ტარიელ ფუტკარაძის რედაქტორობით გამოქვეყნებულია 60-მდე მონოგრაფია.
1984 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით 30 დიალექტოლოგიური ექსპედიცია განხორციელდა საქართველოს კუთხეებსა და თურქეთის რესპუბლიკაში.
ბოლო მონაცემებით, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხელმღვანელობით, მომზადებულია 23 სადოქტორო დისერტაცია. დღეს იგი ჩვენი სტუმარია.
– ბატონო ტარიელ, სიბრძნის ასაკში ბრძანდებით, როგორ აფასებთ ამ წლებს?- ბევრი მინახავს 40 წლის ბრძენიც და 60 წლის უმწიფარიც. სიბრძნე არ არის მხოლოდ ასაკის შედეგი, მარტო წლების სიმრავლე ვერ იქნება მისი წინაპირობა. რა თქმა უნდა, გამოცდილებაცაა საჭირო, მაგრამ მთავარია: გლობალური აზროვნება, პირადულ ვნებებსა და ემოციებზე მაღლა დადგომა, პატიოსანი განსჯის უზენაესობა, დუმილი იმ შემთხევაში, თუ საკმარის ინფორმაციას ვერ ფლობ და თავგამოდება იქ, სადაც ზოგადადამაინური, ეროვნული თუ სახელმწიფოებრივი ინტერესები ილახება. 60 ბევრია თუ ცოტა? ცოტა არ არის. ბევრია მისთვის, ვისაც გეგმები და ფიზიკური შესაძლებლობები არა აქვს. ჩემთვის 60 კარგი ეტაპია, წარსული რომ შევაჯამო და ძალიან პრაგმატულად დავგეგმო ყოველი მომდევნო წელი. 60 წელი პიკია, რომელიც შეიძლება ათი და მეტწლიანიც გახადო, მაგრამ შეიძლება ხვალვე დაიწყო თავქვე დაშვება. ვფიქრობ, მე პიკს დიდხანს შევინარჩუნებ. კერძოდ: ჩემეულ შინაგან განწყობას ვერაფერი დააკლო იმან, რომ ჩემი ასაკის აღმნიშვნელი სიტყვა ამჟამად ორმოც-ორმოცდაათ-ით კი არა სამოც-ით იწყება. ეს მხოლოდ რიცხვითი სახელის დასაწყისია. ბუნებრივია, ბიოლოგიას თავისი შეუქცევადი კანონზომიერება ახასიათებს, მაგრამ პოზიტიურ ქართულ ხასიათზე დაფუძნებულ ჩემს მეომრულ განწყობას საუკუნეთა ცუნამები ვერ დაანგრევს.
– სტუდენტების იმ თაობის ეკუთვნით, რომელიც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა. რას გაიხსენებთ იმ წლებიდან?
– სტუდენტობის წლებიდან მახსოვს ორი გადაწყვეტილება: კომუნისტური პარტიის ზეობის პერიოდში, როცა მამაჩემი შუახევის რაიკომის ბიუროს წევრი იყო (1979 წ.), გადავწყვიტე დავბრუნებოდი ჩემი წინაპრების რელიგიას და სიონში მოვინათლე. ისეთ სკოლაში (შუბნის საშუალო) ვსწავლობდი და ისეთი კარგი მასწავლებლები მყავდა, რომ იმთავითვე გაცნობიერებული მქონდა ჩემი ეროვნული ვინაობის კუთხით დედაენისა და ქრისტიანული წარსულის როლი – იმხანად, სკოლაში კარგად ისწავლებოდა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. შუბნის საშუალო სკოლის ორიენტირებმა განსაზღვრა ჩემი არჩევანი; 2. 1981 წელს, როცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, გადავწყვიტე არ წავსულიყავი კომკავშირული სულისკვეთების ყამირზე (სმოლენსკში დავყავდით ხოლმე სტუდენტები). ფაკულტეტის ხელმძღვანელობას განვუცხადე, რომ მე და ჩემი მეგობრები „ყამირის“ ალტერნატივად ვთავაზობდით ეკლესიის აღდგენაზე მუშაობას. კონკრეტულად, შევთავაზე ჯგუფის წაყვანა საფარის საეკლესიო კომპლექსის აღდგენით სამუშაოებზე. დეკანატი დამთანხმდა და 1982 წელს მართლაც წავედით ერთი თვით 40 მოხალისე. საფარის კომპლექსზე ჩემი ხელმძღვანელობით, ბევრი სამუშაო ჩავატარეთ. ამ ექსპედიციის დროს გავიცანი ერთი კარგი გოგონა, რომელიც დღემდე ჩემი მეუღლეა.
– მთიანი აჭარიდან პირველი ხართ, ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ქალაქ ბათუმის მერობა (პრეფექტობა) ანდეს. რით დაიმსახურეთ?
– აჭარაში 31 მარტის რეფერენდუმის, ასევე აჭარის ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების უზრუნველყოფისათვის. 1991 წლის მარტის დასაწყისში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის პრეფექტად დავინიშნე. მანამდე ქალაქ ბათუმის პრეფექტის თანამდებობაზე ორი კანდიდატი იყო: აჭარის „მრგვალმა მაგიდამ“ ნოდარ იმნაძის ხელმძღვანელობით, კანდიდატად დაასახელა ექიმი გია ბაჯელიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ ხახვამ – ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე როსტომ დოლიძე, ზვიად გამსახურდიამ კი მე მთხოვა წასვლა ბათუმის პრეფექტად. მთხოვა იმიტომ, რომ სხვებისაგან განსხვავებით, ჩვენ ორივეს კარგად გვესმოდა: ქართველთა ავტონომია საქართველოში გარედან თავსმოხვეული ძალადობის შედეგია, იურიდიულად – ნონსენსი. ბევრი კარგი იდეა გვქონდა, მაგრამ რუსეთის იმპერიამ გარკვეული დროით შეაფერხა ჩვენი ეროვნული გეგმების განხორციელება. . . ყველაფერი მაინც კანონზომიერად დასრულდება: ისე, როგორც ჩვენს ერს, ქვეყანას ესაჭიროება, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს აუცილებელია ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებისათვის.
– უკვე ისტორიის კუთვნილებაა დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევითი ორგანოს – უზენაესი საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეთ. ამ დოკუმენტს როგორ აფასებთ?
– საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველოს ისტორიაში. შეუძლებელია ამ აქტის განხილვა 1989 წლის 9 აპრილისა და 31 მარტის რეფერენდუმის გარეშე. 9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავგანწირვისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. 9 აპრილი საქართველოს ახალი დიდგორია. სამწუხაროდ, ზოგი დღესაც კი ვერ აღიქვამს ამას. მავანს ვერ წარმოუდგენია სამშობლოსათვის თავგანწირვა. არის მეორე ვარიანტიც: უბრალოდ, ზოგს არ უნდა უახლესი ისტორიული სიმართლის აღიარება, რადგან თავად ცუდად გამოიყურება ამ ისტორიაში, ანდა უარესი – დღესაც გარედან იმართება (ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია რუსული აგენტურა). გასაკვირია, ცალკეული ახალგაზრდა ისტორიკოსი რატომ ვერ ხვდება, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები, 31 მარტის რეფერენდუმი, 9 აპრილის აქტი, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაფუძნება, რუსეთის ჯარისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება, მალტის გარიგების წინააღმდეგ წასვლა – ეს იყო ზვიად გამსახურდიას პრაგმატული ნაბიჯები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში სამუდამოდ უზრუნველყოფს საქართველოს დამოუკიდებლობას. მამშვიდებს ის, რომ საქართველოში იყვნენ, არიან და იქნებიან პირუთვნელი ისტორიკოსებიც, რომლებიც მხოლოდ რუსების, ფსევდოლიბერალებისა თუ თუნდაც ქართველი პუტჩისტების სქემებით არ შეაფასებენ 9 აპრილის ეპოქას და მომავალი თაობები სწორი ორიენტირებით გაიზრდებიან.
– ახალგაზრდობისას პოლიტიკურ სარბიელზე გაიბრწყინეთ, მაგრამ მეცნიერება, ქართული ენის კვლევა-ძიება არ მიგიტოვებიათ. მეცნიერულ და პოლიტიკურ საქმიანობას ერთმანეთს როგორ უხამებდით?
– ქართული ენის, ზოგადად, ქართველოლოგიის სფეროში მუშაობა ჩემი მეობის კვლევაა პირველ რიგში. პიროვნული მეობა ეროვნული მეობის გაგრძელებაა. პიროვნული, ადამიანური ცხოვრება ჩვენი წინაპრებიდან, იმ პირველი ქართველიდან იწყება, ვინც საფუძველი დაუდო ქართულ ენას, ქართულ კულტურას. . . შესაბამისად, ქართველური ენობრივი სამყაროს კვლევა ჩემი ცხოვრების არსია. ქართველოლოგობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ზოგადად, ჩემი მეცნიერული და პოლიტიკური ხედვები ერთი ფურცლის ორი გვერდია. ამ ფურცელს ერთი სახელი აქვს – ეროვნული მეობა.
– 60 წელს – სიბრძნის ასაკს წარმატებული მეცნიერის სახელით ხვდებით. რა მიმართულებებს დაუდეთ სათავე?
– ჩემი მეცნიერული პარადიგმები რამდენიმე მიმართულებითაა ახლებური: ქართველთა ენობრივი ისტორიის ახლებური გააზრება, ქართული ენის ფონემატური და გრამატიკული სტრუქტურის შესაბამისი ახალი გრამატიკის საფუძვლების მომზადება (წინა პერიოდის ჩვენი გრამატიკები ინდოევროპული ენების სტურუქტურის მიხედვით იწერებოდა), ქართველთა დედაენაზე ორიენტირებული ქართველოლოგიის აღორძინება და სხვა. წუთისოფელში ყველა სიდიდე პირობითი და ფარდობითია. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდება, ვინ რა მიამატა ეროვნულ, საკაცობრიო თუ კოსმიურ სიცოცხლეს.
– შუახევის მუნიციპალიტეტის შორეული სოფელი ტომაშეთია თქვენი ადგილის დედა. ზოგიერთების მსგავსად ის არ მიგიტოვებიათ. რა განცდა გაქვთ, როცა მშობლიურ სანახებს თვალს შეავლებთ?
– ტომაშეთი და მისი ახალი უბანი, საფუტკრეთი, ჩემთვის ქართველური სამყაროს ცენტრია.
– კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში მრავალი რამ შეცვალა. საზოგადოება სიბრძნის ასაკში მყოფი მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის იუბილის აღნიშვნას სხვაგვარად გეგმავდა, თუმცა. . . თანარაიონელებმა ცოტა მოგვიანებით რომ მოგიპატიჟონ თუ დათანხმდებით?
– „კოვიდ-19“ დიდი თემაა, მე ასე ვიტყვი: „ზოგი ჭირი მარგებელია“. ახალმა კორონავირუსმა ბევრი მითი დაანგრია, ამავე დროს თანამედროვე კაცობრიობის რამდენიმე არსებითი პრობლემა წარმოაჩინა, რომელთა გადაჭრა თუ გამოსწორება აუცილებელია. ამის შესახებ ბევრი დაიწერება. რამდენიმე საკითხს გამოვყოფ: მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინა მიტოვებული მშობლების ორწახნაგოვანი საბედისწერო დრამა. ყველას დაანახა, რომ უფრო დაცულია საკუთარ სამშობლოში. დაგვანახა, რომ აუცილებელია გაუაზრებლად მიგდებული ციხე-სიმაგრის, წინაპრების სახლეულის პატრონობა და გაჩანაგებული სოფლის მეურნეობის აღორძინება. რაც მთავარია, დაინგრა მითები უძლეველი სახელმწიფოების შესახებ და გააქტუალურდა დაცული სახელმწიფოს საკითხი და მრავალი სხვა. ჩემს მშობლიურ რაიონში არასოდეს ვიქნები სტუმარი. დაუპატიჟებლადაც ხშირად ვარ შუახევში.
– ოჯახში ოთხი ძმა გაიზარდეთ. როგორია მშობლისა და ოჯახის როლი თქვენს პოლიტიკურ და მეცნიერულ ასპარეზზე?
– ბაბუაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმები, ჩვენი შვილები, უკვე შვილიშვილები. . . ერთი დიდი სახლეული ვართ („ოჯახი“ მონღოლური სიტყვაა და ნაკლებად ვიყენებ). ერთი დიდი სკა ვართ საფუტკრეთში. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ ჩვენი განუყოფლობით, ერთიანობით. ჩვენი ყველა წარმატება ერთობლივია და არა – მხოლოდ პიროვნული ღვაწლი. ერთმანეთის დაკვალიანებაში ყველას გვაქვს წვლილი, მაგრამ მე ასაკით ყველაზე უფროსი ვარ და მეტი მევალება მამაჩემის შემდეგ. დედაჩემთან ერთად ვმსჯელობთ და ვწყვეტთ პრინციპულ საკითხებს.ძმები დამოუკიდებლები და თავისუფლად მოაზროვნეები ვართ, ამიტომაც ბევრი ჩარევა არ მიხდება ხოლმე.
– 2020 წელი თქვენი ზენიტია, ამბობთ რომ ზენიტს დიდხანს შეინარჩუნებთ. უახლოეს წლებში რა მეცნიერული სიახლეებით გაახარებთ საზოგადოებას?
– ვაპირებ დროში ნათლად დავალაგო ჩემი ყველა ძირითადი იდეა თუ სინამდვილის სიახლოვეს მოფარფატე ოცნებები, რომ განხორციელების რეალური გეგმები მკაფიოდ გამოვკვეთო. რა თქმა უნდა, ბევრი რეალისტური გეგმა მაქვს. მათი დიდი ნაწილი ფიზიკურ, ინტელექტუალურ მემკვიდრეებზე გადავა. მყავს დიდებული შვილები, ჩემზე უფრო ახალგაზრდა თანამოაზრეები და ბევრი ნიჭიერი სტუდენტი. . .
– მომავალ თაობებს რა რჩევებს მისცემთ?
– შვილებს, შვილიშვილებს, ზოგადად შთამომავლობას, რა თქმა უნდა, ჩემს მრავალრიცხოვან სტუდენტებს ვუსურვებ სამ რამეს: შეეცადონ 10 მცნების ორიენტირებით ცხოვრებას. 10 მცნების სრულად დაცვა არავის შეუძლია, მაგრამ როცა ორიენტირებად აქცევ, ნაკლებ შეცდომებს უშვებ ადამიანი; 2. საკუთარი თავი არასოდეს წარმოადგინონ ეულად – სანათესაოსა და საქართველოს გარეშე; 3. ყველა პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდ განწყობაზე თავად მიიღონ, ოღონდ მანამდე ამომწურავი ინფორმაცია თუ სხვადასხვა რჩევა მოისმინონ. შვილებს, ზოგადად, მომავალ თაობას ვურჩევ, ცხოვრების გზა, პროფესია, მეუღლე, მეგობარი აირჩიონ ამ პრინციპების დაცვით. ყველა პროფესია კარგია, თუ პროფესიონალი გახდები. პროფესიონალი მეფუტკრე საშუალო მეცნიერს სჯობია. ყველა პროფესია მშვენიერია, თუკი პატიოსანი შრომით არჩენ შვილებს და, შესაძლებლობისა თუ გარემოების მიხედვით, ემსახურები სოფელს, მუნიციპალიტეტს, ქალაქს, სამშობლოს, მსოფლიოს.