რა გამოწვევების წინაშე დააყენა კულტურა და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები პანდემიამ?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო. თითოეული ქვეყანა ფიქრობს, როგორ გამოვიდეს არსებული სიტუაციიდან. საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას უკვე წარუდგინა ანტიკრიზისული გეგმა. საინტერესოა რა ადგილი უჭირავს მასში კულტურას, რომელიც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დადგა დაზარალების საფრთხის წინაშე.
რა კეთდება კულტურასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში კრიზისის დასაძლევად, რამდენად არის გათვალისწინებული და დაცული ამ სფეროში მომუშავე ადამიანების ინტერესები? – ამ საკითხებში უკეთ გარკვევისთვის არტმენეჯერს, ფესტივალ B UP – ,,გალერეა ქუჩაშის” დამფუძნებელსა და „შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის” თანადამფუძნებელ ლევან გელიაშვილ ერედელს მივმართეთ.
– პანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა კულტურა. თუ გაეცანით, მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში რა ადგილი უჭირავს კულტურის მიმართულებას, როგორ აპირებს ქვეყანა ამ კუთხით კრიზისების დაძლევას?
– რა თქმა უნდა, გავეცანით. მასში აღნიშნულია, რომ ბოლო, მე-6 ეტაპზე ანუ 1 ივლისიდან შემოქმედებითი საქმიანობა განახლდება. თუმცა, კულტურის სფეროში კრიზისის დასაძლევად სახელმწიფოს ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, არც წერილობითი ფორმით და არც ზეპირსიტყვიერად, ჩვენ არ ვიცით, რას გეგმავენ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ დაიწეროს კრიზისის დაძლევის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები და მათ შედგენაში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა, მოქმედმა არტმენეჯერებმა და სხვადასხვა პროექტის ორგანიზატორებმა, მარკეტერებმა, ანალიტიკოსებმა, მერიისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. გასაგებია, რომ 2 თვის წინ ძალიან რთული იყო იმის პროგნოზირება, რა სიტუაცია გვექნებოდა ივნისში ან ივლისში, თუმცა კულტურის ამოქმედების და ხელშეწყობის ზოგადი გეგმა, რასაც შემდეგ დაემატებოდა კონკრეტული პროექტების თუ აქტივობების ჩამონათვალი, აქამდეც უნდა დაწერილიყო. იმის კვლევა მაინც უნდა ჩატარებულიყო, თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების წარმომადგენლები და რამდენად შეძლებენ ახალ რეალობაზე მორგებას. ონლაინშეხვედრების ორგანიზებაც შეიძლებოდა, სადაც ისინი გაცვლიდნენ შემოქმედებით ინფორმაციას, გაუზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ ხედვას, საერთაშორისო პრაქტიკას და ერთად იფიქრებდნენ გამოსავლის გზებზე. ამის ინიციატორი, პირველ რიგში, სამინისტრო უნდა ყოფილიყო, შედეგად კი, ძალიან შეიმსუბუქებდა იმ ტვირთს, რაც ახლა აწევს. ამ პერიოდში, განსაკუთრებით საჭიროა სექტორთაშორისი თანამშრომლობა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, ტურიზმის დეპარტამენტის და შესაბამისი ორგანოების თანამშრომლობა მეტად ორგანიზებული და კოორდინირებული უნდა გახდეს. დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კულტურის (აქ არ იგულისხმება მხოლოდ კულტურული ტურიზმი) და ტურიზმის დაახლოება, რათა ერთობლივი ძალებით, მეტად ორგანიზებულად იმოქმედონ ტურისტისთვის საინტერესო, მიმზიდველი და რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
– ის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს 2020 წლის ივლისამდე არ გაქვთ შემოქმედებითი საქმიანობის უფლება, ხომ არ დააზარალებს სფეროს, მასში მოღვაწე ადამიანებს, ორგანიზაციებს და კონკრეტულად თქვენ?
– მოდით, დავაკონკრეტოთ, რა არ არის ნებადართული. პირველ ივლისამდე აკრძალულია მხოლოდ ისეთი გასართობი და შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ბევრი ადამიანის შეკრებას, მაგალითად, საკონცერტო დარბაზებში, თეატრებში, მუზეუმებში, კონცერტებს ღია ცის ქვეშ, ანუ ისეთ ადგილებში, სადაც კოვიდ-19-ით დაინფიცირების რისკი მაღალია. მარტის დასაწყისიდან ბევრი ორგანიზაცია და კომპანია, მათ შორის, შემოქმედებითი ჯგუფები, ძალიან სწრაფად გადაერთო მუშაობის ონლაინრეჟიმზე, ონლაინკონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებებიც ჩაატარეს. დასანანია, რომ შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით ძალიან ცოტა ვებინარი და ტრენინგი ჩატარდა, ამ მიმართულებით სფეროში აშკარა უმოქმედობა ინგრძნობოდა. თუმცა, ონლაინრეჟიმზე გადაწყობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სფერო არ დაზარალდა, ამის სტატისტიკასაც მოვიყვან ქვემოთ. როგორც კი პანდემია დაიწყო, შევქმენით პლატფორმა „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები”, სადაც თითქმის ყველა არტმენეჯერი, კულტურის ლიდერი და აქტიური ხელოვანია გაერთიანებული. ამ ჯგუფის მიზანია კულტურის სფეროში კოვიდ19-ის შედეგად არსებული გამოწვევების გაზიარება, კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, საერთაშორისო პრაქტიკის და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების გაცნობა. ასევე, განვიხილავთ ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის გზებს.
30 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით, ჩავატარეთ შემოქმედებით ინდუსტრიებში/კულტურის სექტორში ჩართული ადამიანების გამოკითხვა, კოვიდ 19-ის ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ რთულ სიტუაციაში არსებული რეალობის ანალიზისა და საჭირო რეკომენდაციების / გეგმის შემუშავებისთვის. კვლევამ დაგვანახა, რომ სიტუაცია უკიდურესად რთულია. კერძოდ, 46.9%, რომელიც შემოსავალს შემოქმედებითი საქმიანობით იღებს, აცხადებს, რომ პანდემიამ მათზე ფინანსური კუთხით ძალიან ცუდად იმოქმედა და შემოსავლის გარეშე დარჩა. ამავდროულად, 45.7% ამბობს, რომ სახელოვნებო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გარდა, სხვა ალტერნატიული წყარო არ აქვთ. ჩაღრმავებულ კითხვაში, სადაც გამოკითხულებს სთხოვეს, დაესახელებინათ იმ გადადებული ან გაუქმებული პროექტების კონკრეტული მაგალითები, რომლებიც მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, ორი ძირითადი შემოქმედებითი მიმართულება გამოიყო: ფესტივალები (27.9%) და მუსიკოსები (14.7%), რომლებიც კლუბებში და ბარებში მუშაობდნენ. გამოკითხვის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს, ქვემოთ მითითებულ პლატფორმაზე. თქვენი კითხვის ბოლო ნაწილზე პასუხი მგონი ცხადია – კულტურის ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანები უკიდურესად დაზარალდნენ და მათ დასახმარებლად ან/და დასასაქმებლად სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები.
– სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა თუ შესთავაზეთ კულტურაზე პასუხისმგებელ უწყებებს კრიზისიდან გამოსვლის თქვენეული გზები და თუ გამოთქვეს თქვენი მოსმენის სურვილი?
– სამწუხაროდ, ძალიან ჭირს კოორდინაცია კულტურის სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და ამ სფეროზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის. მაქსიმუმი გავაკეთეთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში – შევქმენით შესაბამისი ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად, ძალიან აქტიურად განვიხილავდით არსებულ გამოწვევებს. სხვათა შორის, ამ ჯგუფის წევრები არიან აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლებიც. მათ იცოდნენ, რომ ჩავატარეთ კვლევა, მოვაწყვეთ პრეზენტაცია, თუმცა ფაქტია, რომ არ დაინტერესებულან არც ჩვენთან კომუნიკაციით და არც კვლევის შედეგებით. მხოლოდ ერთხელ დაგვიკავშირდნენ სამინისტროდან და გვამცნეს, რომ ფესტივალების კონკურსი, რომელშიც ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, იცვლებოდა, მცირდებოდა ბიუჯეტი და კონკურსს ან გადაავადებდნენ ან ახალს გამოაცხადებდნენ, თუმცა არც ეს მოხდა. ისევ არ ვიცით, რა ბედი ეწევა აჭარაში გასამართ ფესტივალებს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ 45-წუთიან შეხვედრაზე, რომელსაც 8 ადამიანი ვესწრებოდით, მხოლოდ ინფორმაცია მოგვაწოდეს, არავითარი მსჯელობა იქ არ გამართულა. ამას მოჰყვა ჩვენი ერთგვარი პროტესტი, წერილობითაც მივმართეთ სამინისტროს, სადაც ვეცადეთ აგვეხსნა, რომ ფესტივალების კონკურსზე წარდგენილი განაცხადების გაუქმება კი არა, პროექტების სწრაფად ადაფტირების შესაძლებლობა მოეცათ. სამწუხაროდ, ამის შესახებ წერილობითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
–კონკრეტულად, როგორია თქვენი ხედვა კრიზისული და პოსტ-კრიზისული მდგომარეობის დაძლევის მიმართულებით?
– ვფიქრობ, რომ ადგილობრივ დონეზე უნდა შეიქმნას სექტორთაშორისი თანამშრომლობის საბჭოები – ტურიზმი, კულტურა, კერძო ბიზნესი ძალიან ახლო კონტაქტში უნდა იყვნენ სახელმწიფო უწყებებთან და მუდმივად მიდიოდეს მსჯელობა იმაზე, თუ რა გაკეთდეს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის და კულტურის ასამოქმედებლად. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კერძო ბიზნესს, რათა ნელ-ნელა დასტაბილურდეს და შექმნას სამუშაო ადგილები. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNOრეკომენდაციებს. რაც შეეხება უშუალოდ კულტურის მიმართულებას, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ჯგუფი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების, არტმენეჯერების, პროექტების / ფესტივალების ორგანიზატორების, კერძო სახელოვნებო ორგანიზაციების, მარკეტერების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რათა დავიწყოთ მსჯელობა მინიმუმ, მოკლევადიან სეზონის გეგმაზე. იგივე შეეხება პოსტკრიზისულ გეგმასაც და ეს უფრო გრძელვადიანი პროცესი უნდა იყოს.
– რას გვეტყვით თქვენი პროექტის შესახებ, რომელიც შემცირებული ბიუჯეტით უნდა განახორციელოთ?
– პირადად მე, უკვე ვიცი, როგორ შეიძლება გადაკეთდეს და არსებულ რეალობას მოერგოს ყოველწლიური ფესტივალი B თანაც ისე, რომ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ტურიზმის სექტორსაც და ახალგაზრდა მუსიკოსების წარმოჩენასაც. ასევე, დიდ ყურადღებას დავუთმობთ ონლაინსწავლებას სხვადასხვა წარმატებული ადამიანების ჩართულობით. მეორე პროექტი, , ძალიან მალე ამუშავდება და ვიხილავთ გამოფენებს ბათუმის ქუჩებში, თბილისსა და ტალინში. დაგეგმილი გვქონდა გამოფენები იტალიასა და ესპანეთში და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა ურთულესი დრო გამოიარეს, უკვე მუშაობენ კულტურის ამოქმედების გეგმაზე.
– რას იტყვით სამოქმედო გეგმაზე, „კულტურის სტრატეგია 2025“, რამდენად მორგებულია სფეროს საჭიროებებს?
– უშუალოდ თანამედროვე ხელოვნების მიმართულებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ჩემი პროექტები ციფრულ და სხვადასხვა თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებს მოიცავს. თანამედროვე ქართული ხელოვნების მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო წლებში გაძლიერდა და ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს დამტკიცებულმა სტრატეგიული დაგეგმვის გრძელვადიანმა დოკუმენტმა „კულტურის სტრატეგია 2025”, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა ვალდებულებებმა. უშუალოდ დოკუმენტი, ვფიქრობ, ყველა იმ საკითხს და სფეროს ეხება, რომლის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მთავარი მაინც მისი იმპლემენტაციაა. ის სახელმწიფო უწყებები და თანამდებობის პირები, ვისაც ევალებათ გეგმის შესრულება, კარგად უნდა იაზრებდნენ დოკუმენტის სულისკვეთებას და ყველა მიმართულების თანაბრად, პირადი გემოვნების და პრეფერენციების გარეშე შესრულებაზე უნდა ზრუნავდნენ. ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, თანამედროვე ხელოვნება ვითარდება და უნიჭიერესი თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრების პოპულარიზაცია ან მათი ხელშეწყობა იმ დოზით ხდება, როგორც სხვა მიმართულებებში. ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვინ არის გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი და რაც მთავარია, სათანადოდ წარიმართოს მისი აღსრულების მონიტორინგიც.