რატომ მოჭამა დრო ტყუილის სიმართლედ შეფუთვის „ხელოვნებამ“ და რისთვის იბრძოლებს სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა?
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
„გულს უნდა მისწვდე, ჩვენი დაღლილი და გაუსაძლისი ყოფით გატანჯული მოსახლეობის გულს“
ქართული პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანია, რაც საარჩევნო მარათონზეც აისახება. თითოეული პარტიისა და თუ გაერთიანების ლიდერი თავის სასურველ ფონს ქმნის და სურს, ის მოსახლეობისთვის ხილული და გასაგები გახადოს. დღეს წინასაარჩევნო განწყობასა და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი ძალის,, ლიდერი, პუბლიცისტი, ამჟამად თბილისში მოღვაწე, ძირძველი ბათუმელი ლაზარე ზაქარიაძე გვესაუბრება.
– ამ საარჩევნო მარათონში რა პოზიციაზე ხართ?
– უკანასკნელ პოზიციაზე ვარ, რომელიც საბოლოო ჯამში პირველი გახდება. ამიტომაც გვქვია ახალი ძალა. როგორც გნებავთ ისე გამიგეთ, გნებავთ – ხუმრობით, გნებავთ – სერიოზულად. ერთი ფილმი მახსენდება – უკანასკნელ პოზიციაზე მორბენალი მარათონელი ფინიშთან პირველი რომ აღმოჩნდება. გახსოვთ?
– როგორია თქვენი პარტიის სლოგანი და რა გზებით მიგაქვთ იგი ამომრჩევლამდე, პროპაგანდის რა მეთოდებს იყენებთ?
– უკანასკნელობაში, პირველ რიგში, ფინანსური შესაძლებლობები ვიგულისხმე და არა აზროვნების პოტენციალი. ის დრო აღარ არის, როცა პიარი და თვითრეკლამა წყეტდა ყველაფერს, ანუ ტყუილის სიმართლედ შეფუთვის „ხელოვნება“, დამერწმუნეთ ამაში. ნამდვილობა წყვეტს ყველაფერს, ანუ ნამდვილი მოქმედების რესურსს რომ ფლობ, აკეთებ კიდეც და არა მხოლოდ დეკლარირებ. ვფიქრობ, ამომრჩველი იგრძნობს ამას, სხვადასხვა საშუალებით იგრძნობს, მათ შორის მასმედიიდანაც, იმ სატელევიზიო -საეთერო დროის შედეგად, რომელიც კანონით გვაქვს გამოყოფილი. ეს საკმარისია. დანარჩენს დრო გამოაჩენს.
– თქვენი აზრით, წარმატების მიღწევაში რა როლის შესრულება შეუძლია სწორ პიარს?
– არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ პიარს, მობეზრდა ხალხს ეს ბანერები და ტყუილები, ხელისუფლების გაუთავებელი, უმიზნო და უაზრო კრიტიკა და ოპოზიციის პოპულისტური დითირამბები. გულს უნდა მისწვდე, ჩვენი დაღლილი და გაუსაძლისი ყოფით გატანჯული მოსახლეობის გულს. როგორ? სიწრფელით, სინანულით, სიმართლით და პოტენციალით. ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ უმოკლეს დროში, სწორედ, ფინიშის სწორზე.
– თქვენი აზრით, რში გამოიხატება ამ არჩევნების განსაკუთრებულობა, რა უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა?
– ამომრჩეველი ნაღდს ელოდება, მართალს, მოქმედს და სამართლიანს, სამართლიანს – პირველ ყოვლის, მოქმედებაში და არა სიტყვებში. ჩვენ კი ვართ ასეთები. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
– რა შეგიძლიათ თქვათ ჩვენს ამომრჩეველზე?
– მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობას, რომ პიარი არ ჭრის, ვიმეორებ – ტყუილის მართლად წარმოჩენის „ხელოვნებაა“. ყველა ყველას იცნობს უკვე და არა მხოლოდ იცნობს, ოცდაათი წლის განმავლობაში უსმენს და უყურებს. კიდევ იგივე? გამორიცხულია! ახალი ძალაა საჭირო, აუცილებელი და გარდაუვალი, ამ ცნების როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამას ყველა გრძნობს და ხედავს.
– პოლიტიკური პარტიების სიმრავლეს საქართველოში რა განაპირობებს და რაზე მეტყველებს?
– ძველი პოლიტიკური პანოსა და პანორამის მსხვრევაზე მიუთითებს, ლენინის სურათი დაარქვით თუ გნებავთ, ლენინური პარტიის, ჩვენ ყველა შინაგანი ნორჩი ლენინელები ვართ. უბრალოდ, ვინც კომუნიზმის მაგივრად „ოცნებას“ ვაშენებთ ,,ქართული ოცნების“ ბრძანებითა და დირექტივებით (ფულითაც). ეს სქემა ირღვევა და ნამსხვრევებიდან აუცილებლად დაიბადება პოლიტიკური მარგალიტი და მას ახალი ძალა ჰქვია.
– მასმედია ამ პროცესში როგორ გამოიყურება, რა იქნება თქვენი სურვილები?
– მასმედია მისდევს პროცესს და ქმნის მას. ძირითადად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ორგანიზაციის ინტერესებს ემსახურება. ასე იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ, ამ გამონაკლისებმა უნდა წარმართონ მასმედიური პროცესი და არა ამა თუ იმ წამყვანი პოლიტიკური ძალის, ორგანიზაციის ანგაჟირებულმა მსახურებმა. ვფიქრობ, ეს მალე მოხდება.
– უკეთესი საქართველო – ამაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ მიზნის მისაღწევად რეალურად რას აპირებენ, ბუნდოვანია ბევრ პროგრამაში. . . თქვენ რას ფიქრობთ?
– ვფიქრობ, გაიმარჯვებს ის, ვინც ღვთისაგან იქნება წარმოგზავნილი _ზეციური პროგრამა დავარქვათ თუ გნებავთ. ცხრა თავი რომ გქონდეს, ამას ვერ შეცვლი. დღეს რაც ჩვენს თავს ხდება, ვერ გამოასწორებ არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში, აქ, უდავოდ, სხვა ძალა უნდა ჩაერთოს, უფრო ტრანსცენდენტური. ეს არაერთგზის მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში (მით უმეტეს საქართველოსი) და მოხდება დღესაც. ჩვენ შესახებ ერთს ვიტყვი მხოლოდ: არასოდეს ვიტყვით იმას, რასაც არ გავაკეთებთ, არ შეგპირდებით, რასაც ვერ შეგისრულებთ. ტყუილი გამორიცხულია ჩვენგან _ ახალი ძალისგან.
– კოვიდსინამდვილეში ცხოვრება სწრაფ ტექნოლოგიურ ადაპტაციას მოითხოვს, როგორ ფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება მზადაა ამისთვის
_კოვიდსინამდვილეც გამოსარკვევია ბოლომდე და მრავალი სხვაც, ჩვენ ამისთვისაც ვიბრძოლებთ, ქართულ მეცნიერ გონს ჩავრთავთ, მკვლევალურს, ქართული სააზროვნო ფესვი ძლიერია, მისი გაცოცხლება-ინტერპრეტირება უნდა მოხდეს და განხორციელდეს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, ეს არის ჩვენი პარტიის (ახალი ძალის) მთავარი არსი და მიზანი.
– ჭირსა შიგან გამაგრება ჩვენი გენეტიკური თვისება იყო, როგორ ფიქრობთ, ახლაც გვახასიათებს?
– ერთეულებს ახასიათებთ და ესეც საკმარისია, ათეულიც, ასეულიც, ხუთიც რომ იყოსო, ერთიცო – ბიბლიიდან ხომ გახსოვთ? იგივეა ყველაფერი. არაფერია ახალი ამ მზისქვეშეთში. სიძლიერე და გამძლეობა ისევე გადამდებია, როგორც სისუსტე, ოღონდ ბევრად უფრო ხანგრძლივმოქმედია, რადგან სიცოცხლე ჰქვია.
– ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ადამიანის განვითარებისთვის რა არის უპირველესი, რასაც არჩევნების შემდეგ ყველამ (ვისაც ჯერ არს) უპირველესი ყურადღება უნდა დაუთმოს?
– ფესვის სიყვარული, სიწმინდის და ამ სიწმინდისგან წარმომავალი ისტორიის, არა მხოლოდ ისტორიის, თანამედროვეობისაც, იქ არის სიცოცხლე, იქ იყო მარად.
– როგორც ჩანს, მკითხველს მოსწონს თქვენი მხატვრული ესეები, გამოცემას აპირებთ?
_კი, რა თქმა უნდა, მრავალტომეული მზად მაქვს და აუცილებლად გამოვცემ.
– და ბოლოს, ახალ პოსტკორონულ დროში გადაინაცვლეთ და გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ძალიან გსურთ, ანუ რაზე ოცნებობთ?
– გულით ვისურვებდი, ქართველი კაცი მიწას დაუბრუნდეს, იქ მოიპოვოს სარჩო-საბადებელი. მკვიდრი გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, ქართველი თუ არაქართველი, თავისი სამშობლოს მკვიდრი ფსიქოლოგიურად, სოციალურად, ეკონომიკურად. ემიგრანტები სახლში დაბრუნდნენ. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ – ახალი ძალა.