ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი – აჭარაში
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მთავრობის ხელშეწყობით, ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფისთვის რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა. იგი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ გახსნეს.
– არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის ხელშესაწყობი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის გარდა უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესში. ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი შესრულების კონტროლი, მანდარინის ჩაბარების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფა, არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა და შესაბამისი რეაგირება, – განაცხადააჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შტაბმა მუშაობა 17ოქტომბრიდან დაიწყო და 1 თებერვლამდე გაგრძელდება. იმუშავებს ცხელი ხაზიც – 1501 ან 0422 27-96-05, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. 25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10-თეთრიანი თანადაფინანსება მოხდება, ხოლო 10 თეთრს საწარმო გადაიხდის. შესაბამისად, სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
მიმდინარე წელს არასტანდარტული მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს განახორციელებს. საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. რაც შეეხება საექსპორტო მანდარინს, 30-მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო მიიღებს. წელს, წინასწრი პროგნოზით, ციტრუსის მოსავალი 35-40 ათას ტონამდე იქნება. შტაბის გახსნას სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.
შტაბის გახსნის შემდეგ გიორგი სურმანიძემ, თანამშრომლებთან ერთად, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. აგროსერვისცენტრის სადედე-სადემონსტრაციო ნაკვეთში 5 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება. აღებული მოსავალი გაიყიდება და შემოსული თანხა მოხმარდება ციტრუსის სანერგე მეურნეობის შემდგომ განვითარებას.