„ყველა პაციენტის ლაბორატორიული პარამეტრების კვლევა იდეალური იქნებოდა, მაგრამ“…
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
აჭარა თვეზე მეტია, ახალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოში წითელ ზონად ითვლება. ჩვენს რეგიონში კოვიდინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა შეინიშნებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში აღნიშნული პროცესი მართულია. რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, მედიცინის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის. ინტერნეტსივრცეში ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ისიც, თითქოს უსიმპტომო ინფიცირებულები ვირუსის გადამდები არ არიან. ამბობენ იმასაც, რომ ვირუსის ბავშვებისგან უფროსებზე ან ერთმანეთზე გადატანის ალბათობა 1%-ზე ნაკლებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რა წყაროდან ვიღებთ ინფორმაციას და რჩევებს.
რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კოვიდის მკურნალობისას დაგვიანებამ, არის თუ არა რეალურად ინფიცირებულთა რიცხვი იმაზე მეტი, ვიდრე ოფიციალურადაა ცნობილი და რამდენადაა ჩვენი მედპერსონალი მომზადებული კოვიდთან გასამკლავებლად, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვესაუბრება.
– ქალბატონო მაია, არის თუ არა ინფიცირებულთა მატება მოქალაქეების გაუფრთხილებლობისა და პასუხისმგებლობის ნაკლებობის შედეგი?
– არა, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულთა რიცხვის მატება გარდაუვალი იყო.
– ხომ არ არის გარდაცვალებულთა რაოდენობის ზრდა იმის შედეგი, რომ მომატებული პაციენტებისადმი ყურადღება თითოეულზე იმ დოზით აღარ კონცენტრირდება, როგორც ეს ადრე იყო?
– არა, გარდაცვალებულთა რიცხვი, რა თქმა უნდა, გაიზრდება შემთხვევათა რიცხვის ზრდის პარალელურად.
– რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კოვიდის მკურნალობისას დაგვიანებამ?
– უმრავლეს შემთხვევაში კოვიდის მქონე პაციენტს მკურნალობა საერთოდ არ ჭირდება. არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო, დადასტურებული, მკურნალობა. მთავარია, სისტემატურად მოხდეს შეფასება, ხომ არ მძიმდება პაციენტი, ხომ არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და დამხმარე მკურნალობის ჩატარებას, ანუ იმ გართულებების მკურნალობას, რომელიც ვითარდება.
– რისი ბრალია სუნთქვის გაძნელება და ძირითადად, რა შემთხვევაში ხდება იგი?
– სუნთქვის გაძნელება დაკავშირებულია ფილტვის დაზიანებასთან. ხშირად შეიძლება განვითარდეს სუნთქვის უკმარისობაც.
– არის თუ არა ინფიცირებულთა რეალური რიცხვი იმაზე მეტი, ვიდრე ოფიციალურადაა ცნობილი?
– რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანია ისეთი, ვინც ინფიცირებულია უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით და არ იტარებენ ტესტირებას, ამიტომ არ ხვდებიან სტატისტიკურ მონაცემებში.
– არის თუ არა შედარებით მარტივი ხერხი, რომლითაც ჩვეულებრივი გრიპისგან განვასხვავებთ კოვიდ-19-ს?
– ამ ორ ინფექციას შორის განსხვავების ერთადერთი მეთოდია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
– გავრცელდა აზრი, რომ კოვიდ-19 განკურნების შემდეგ პაციენტს ე.წ. დაბერებულ ფილტვებს უტოვებს? შესაძლოა თუ არა, რომ ეს შეესაბამებოდეს სიმართლეს?
– მძიმედ მიმდინარე კოვიდის შემდეგ შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ორგანოს შორეული გართულებები, მათ შორის ფილტვების.
– თქვენი აზრით, კიდევ რა შეიძლება იღონოს სახელმწიფომ ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ?
– ახლა მთავარია ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაციისთვის, ვისაც აღენიშნება გართულებები. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ექიმების მზადყოფნა იმ პაციენტების დისტანციური კონსულტაციებისთვის, ვინც ბინაზე მოვლის რეჟიმშია.
– ჰიპერტენზიისა და დიაბეტის ყველა შემთხვევაში რთულდება ინფიცირებულის მდგომარეობა?
– არა, ძირითადად, რთულდება არაკონტროლირებადი დიაბეტის და ჰიპერტენზიის დროს.
– არის თუ არა ჩვენი მედპერსონალი სათანადოდ მომზადებული კოვიდთან გასამკლავებლად?
– ყველაზე კარგად მომზადებული უნდა იყვნენ რეანიმატოლოგები, და ამ მხრივ, აშკარად, დეფიციტია ქვეყანაში. ასევე, პრობლემაა პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან დაკავშირებით, მათი მხოლოდ მცირე ნაწილია დატრენინგებული ბინაზე მოვლასთან დაკავშირებით.
– არიან თუ არა ვირუსის გადამდები უსიმპტომო ინფიცირებულები, ასევე ბავშვები?
– დიახ, არიან.
– ამბობენ, რომ ბავშვებისგან უფროსებზე ან ერთმანეთზე გადატანის ალბათობა ერთ პროცენტზე ნაკლებია, თუ შეესაბამება ეს სიმართლეს?
– არა, ბავშვებიც ისევე ავრცელებენ ინფექციას, როგორც მოზრდილები.
– ინფიცირებიდან რამდენ ხანში ხდება ვირუსის გადადება და სადამდე?
– სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღე და სიმპტომების დაწყებიდან 10 დღე.
– გუშინ ახალგაზრდა – 41 წლის ქალი გარდაიცვალა კოვიდით, როგორც ამბობენ, უსიმპტომო იყო და უეცრად დამძიმდა. ისიც ითქვა, რომ თრომბოემბოლიაა სიკვდილის მიზეზი. ეს შემთხვევა თვალსაჩინოს ხდის თუ არა უსიმპტომო პაციენტების გამოკვლევის აუცილებლობასაც?
– ყველა პაციენტის ლაბორატორიული პარამეტრების კვლევა იდეალური იქნებოდა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ამის რესურსის არსებობა.
– მიმართვა მოსახლეობას. . .
ამჟამად, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია პირბადის სწორად გამოყენება და ხალხმრავალ ადგილებზე თავის არიდება. დადგენილი წესები ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და ერთნაირად უნდა ასრულებდეს ყველა, მათ შორის, პირველ რიგში, ექიმები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეეები.