საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა სტარტი აიღო
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63
კორონავირუსის პანდემიამ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის წესებში რიგი ცვლილებები შეიტანა.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ცესკომ ეპიდემიოლოგებთან ერთად არჩევნების ჩატარებისთვის სპეციალური წესები შეიმუშვა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 852 საარჩევნო უბანია გახსნილი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცესა და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ამომრჩეველს, მათთვის ცალკე შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრას და შედეგების დათვლას ცალკე სპეციალური ჯგუფი განახორციელებს.
საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა.
დღეს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი ბლოკი.ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.
არჩევნები ძალიან აქტიურად და დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. პოზიციაც და ოპოზიციაც თვლის, რომ გამარჯვების ერთადერთი შანსი სწორედ მას აქვს. მმართველი გუნდი ფრთხილობს, რადგან ელოდება პროვოკაციებს. ეს დადასტურდა გუშინ გაჟღერებული ინფორმაციითაც. კერძოდ: „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა: „პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახან გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი. შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“. კობახიძემ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ.
ამაზე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა დაუფარავად გამოაცხადა, რომ იარაღს ატარებს ყველა, ვისაც ამის უფლება აქვს: „რისთვის ვატარებ, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი. მაქვს უფლება ვატარო იარაღი. ზუსტად აქედან სამ კილომეტრში ჩვენს თავმჯდომარეს, ახალგაზრდას ესროლეს 6 ტყვია. თუ ხართ ობიექტურები, გააშუქეთ ესეც. ჩვენ ყველას, ვისაც გვაქვს კანონიერი უფლება, გადავაადგილდებით იარაღით. გვესვრიან, გვცემენ. დარჩით აქ, ჩვენ ველოდებით პროვოკაციებს, ამიტომაც გადავაადგილდებით იარაღით. გვესვრიან, გვცემენ და რა ვქნათ?“
არჩევნები, მართლაც, დაპირისპირებებით წარიმართა, რაც ამ დრომდე უკვე დაფიქისირდა ქუთაისის #28 საარჩევნო უბანზე, სადაც ერთმანეთს შეეჯახნენ კომისიის წევრები გადასატანი ყუთის წაღების გამო. ესენი იყვნენ „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. „ლელოს“ წევრის თქმით, გადასატან ყუთს, მსგავსი პარტიული შეხედულების მქონე ორი პიროვნება გაჰყვა.
სიტუაციას ძაბავენ „ნაციონალებიც“. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ასეთი აქტიურობა იმის დამადასტურებელია, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში ძალიან მწარედ მარცხდება. უდუმაშვილის თქმით, „ენმ-ს“ დარღვევების კონკრეტული ფაქტები აქვს და მაგალითად მოიყვანა თვითიზოლაციაში მოფი პიროვნების შემთხვევა, რომელმაც ქუთაისის №112 უბანზე მისცა ხმა, ნაცვლად იმისა, რომ ადგილზე სპეცუბნის მიერ გამოყოფილი საარჩევნო ყუთით ესარგებლა. უდუმაშვილი ხაზს უსვამს, რომ ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნულ პიროვნებას თანხა გადასცეს, რის დამადასტურებელ ვიდეოსაც მოგვიანებით გაავრცელებენ.
რაც შეეხება მარნეულის რაიონის №52 საარჩევნო უბანს, იქ ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. არეულობა მას შემდეგ შეიქნა, რაც საარჩევნო კომისიის წევრებმა უბნიდან გააძევეს სამი დამკვირვებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
კომისიის წევრის განცხადებით, დამკვირვებლები იმიტომ გააძევეს, რომ ისინი კენჭისყრის პროცესში ერეოდნენ და ასევე, არ იცავდნენ დისტანციას. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელიც კონფლიქტის მხარეების დამშვიდებას ცდილობს. გარდა ამისა, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ საარჩევნო უბნებიდან აძევებენ იმ მედია-დამკვირვებლებს, რომლებიც „კარუსელის“ საწინააღმდეგო აპლიკაციით არიან აღჭურვილები.
ზაალ უდუმაშვილმა მომხრეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და სთხოვა მათ, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან „დღეს საქართველოს ბედი წყდება“.
საპირისპიროს აცხადებს კახი კალაძე. თბილისის მერმა საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ გააკეთა, საარჩევნო უბანზე ის უფროს ვაჟთან, ლევან კალაძესთან ერთად მივიდა: „ჩვენ ბევრი შეხვედრა გავმართეთ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველა რაიონში ვიმყოფებოდით. 30-ვე ოლქში არის შესაძლებლობა იმისა, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურის გარეშე. ამის საფუძველს მაძლევს ის კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ტელევიზიაში. მთავარი არის საზოგადოების განწყობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს ხედვა, თუ როგორ განავითაროს ქვეყანა, როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა და მოახერხოს ქვეყნის სწრაფი ეკონომკური განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება“ , რომელიც ყველა ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ამის საფუძველს პირველადი მონაცემები და კვლევები იძლევა. რა თქმა უნდა, ამისთვის მოსახლეობის მაღალი აქტივობაა საჭირო“.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩაზე საარჩევნო უბანზე მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა. „საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის არჩევანი განსაზღვრავს მომავალ ოთხ წელს და ქვეყნის პერსპექტივას, მე პირადად, ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსების დაცვას», – თქვა მან.
„მივეცი ხმა ისეთ საქართელოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც. ისიც მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გამოცხადდა, სადაც პრემიერს რიგში დგომა მოუხდა. მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს: „ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ-დასავლურ სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლებისა და ღირსების ფასი. წარსულში დაბრუნება არავის წარმოუდგენია. მე მომავალს მივეცი ხმა“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში, კოტე აფხაზის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე გააკეთა. იქვე განაცხადა: „მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე. ჩვენ ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. დღეს უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ქვეყანაში არის პანდემია, მაგრამ მოვუწოდებ ყველას, აქ მოვიდნენ, რადგან უსაფრთხო გარემოა. დაიცავით დისტანცია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება“.
შეგახსენებთ, რომ არჩევნები განსაკუთრებულ და უჩვეულო გარემოში ტარდება – კორონავირუსის გამო, მოსახლეობის დაცვის მიზნით, საარჩევნო უბნებზე განსაკუთრებული წესები მოქმედებს.
პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ცესკომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კოვიდცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნა. გადასატანი საარჩევნო ყუთი 4 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მოითხოვა.
kovid-19-ის პანდემიის გამო გარკვეული ცვლილებები შევიდა პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით, სადაც სულ 11 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, წელს პატიმრების რაოდენობა, რომელთაც არჩევნებზე ხმის უფლება აქვთ, გაზრდილია, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს, არამედ იმათაც, ვინც მძიმე დანაშაულებისთვისაა გასამართლებული.
არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები მიადევნებენ თვალს, მათ შორის – ონლაინ.
პანდემიის გამო რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების მასშტაბი შეამცირა. ეუთო გეგმავდა ქვეყანაში 250 დამკვირვებლის გამოგზავნას, თუმცა პანდემიის გამო ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ქვეყანაში იმუშავებს 13 ექსპერტისგან და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან დაკომპლექტებული მისია. ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში. აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ასევე, უარი თქვეს საქართველოში სპეციალური სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნაზე – ისინი კენჭისყრის პროცესს შორიდან, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დააკვირდებიან. დამკვირვებლების გარეშე საქართველო მაინც არ დარჩენილა – არჩევნებზე დაკვირვებისთვის 120 ქართული და 48 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა – სულ 47 ათასზე მეტი დამკვირვებელი. დამკვირვებლები ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში 31 ოქტომბრისთვის 28 დამკვირვებელი გამოგზავნა. რაც შეეხება სპეციალისტებს დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესტონეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, არჩევნებს ამ და სხვა ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები აკვირდებიან.
კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. სულ ერთიან საარჩევნო სიაში დარეგისტრირებულია 3 526 032 ამომრჩეველი. აქ შედიან საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ (14 170). ცესკომ გუშინ დააზუსტა ის ქვეყნები, სადაც საარჩევნო უბნები პანდემიის გამო არ გაიხსნება. კერძოდ, უბნები არ გაიხსნება აზერბაიჯანში, ხოლო საბერძნეთში ხუთიდან მხოლოდ სამი უბანი იმოქმედებს. საარჩევნო უბნები არ გაიხსნება რუსეთშიც, რომელთანაც საქართველოს 2008 წლიდან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები.
საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის პარლამენტის წევრებს ბოლოჯერ ირჩევენ შერეული სისტემით, სადაც 150-დან 120 საპარლამენტო მანდატი პროპორციული სისტემით გადანაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. მომდევნო არჩევნები, რომელიც 2024 წელს გაიმართება, იქნება მხოლოდ პროპორციული სისტემით.
პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს მოუწევთ 1%-იანი ბარიერის გადალახვა, ბლოკებისათვის კი იმდენივე პროცენტია, რამდენი პარტიაც შედის მასში. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც საკუთარ ოლქში მისული ამომრჩევლების ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებს.
***
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს.
10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც რაოდენობრივად არის 292 587 ამომრჩეველი.
ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა–ლეჩხუმს და სვანეთს – 11.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში – (7, 3%) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში დაფიქსირდა.
„ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმები და ყველა პირობაა შექმნილი ვირუსის პრევენციისთვის. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნევლყოფილია ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს ათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად ტოვებს საარჩევნო უბანს. ფარული კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ–ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო–საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.