„ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იღბალი და შემთხვევითობა არ ყოფილა, ეს ჩვენი დიდი შრომის შედეგი იყო!“
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
დღეს ჩვენი სტუმარი საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ხატია ჭყონიაა. ის ქალთა საფეხბურთო გუნდ „ლანჩხუთში“ თამაშობს, რომელიც ახლახან ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო ქალთა გუნდს შორის მოხვდა. „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უდიდესი სენსაციის მიზეზი გახდა და ორი შესარჩევი ეტაპი ძლიერ გუნდებთან ბრძოლაში გადალახა. ყაზახეთის „ოკჟეტპესი“ დამატებულ დროში 2:1 დაამარცხა, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონ „ოლიმპია კლუჟს“ გასვლითი მატჩი 1:0 მოუგო. ორივე მატჩში სამივე გოლი სწორედ ხატია ჭყონიამ გაიტანა. ამით „ლანჩხუთისა“ და საქართველოს ნაკრების 31 წლის თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგაზე ბომბარდირთა შორის მოხვდა.
ეს წელი ხატია ჭყონიას სპორტულ კარიერაში ყველაზე წარმატებულია. უეფას საკვალიფიკაციო მატჩებზე მიღწეული წარმატების გარდა, იგი წელს საუკეთესო ქართველი ბომბარდირი ფეხბურთელი ქალია. 2020 წელს, ამ დრომდე, მან 36 გოლი გაიტანა, მათგან 15 – მხოლოდ ერთ მატჩზე, რაც ერთგვარი რეკორდია.
რუმინეთში გოლის გატანის შემდეგ მოედანზე ხატიამ სპორტული ზედა აიწია და შიდა მაისურზე დატანილ სურათზე მიუთითა, რომელზეც ხატიას 5 წლის გარდაცვლილი დისშვილი იყო გამოსახული. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, უკვე ერთი წელია, ხატია ფორმის ქვეშ მისი გამოსახულებით მაისურს ატარებს და ყველა გოლს მის ხსოვნას უძღვნის.
„ოლიმპია კლუჟთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ლანჩხუთში დაბრუნებულ გუნდს მთელი ქალაქი ავტომანქანების გაბმული სიგნალებით, სიხარულის შეძახილებით და ფეიერვერკით დახვდა.
– ხატია, თქვენს ბავშვობაზე და ოჯახზე გვიამბეთ.
– ძალიან პატარა ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე. დედას არ მოსწონდა ჩემი გატაცება. თვლიდა, რომ ფეხბურთი ქალმა არ უნდა ითამაშოს. სულ მეუბნებოდა, რომ სპორტის ეს სახეობა ქალისთვის ძალიან რთულია. . . ვერ ავიტანდი იმ ტკივილებს, რასაც ბიჭები უძლებენ თამაშის დროს მიღებული ტრავმების გამო. თუმცა ბოლოს შეეგუა იმ აზრს, რომ ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ გატაცება კი არა, ყველაფერია და ასე თუ ისე, ჩემს არჩევანს გაგებით მოეკიდა. მამას პირიქით, ძალიან მოსწონდა, თავიდანვე ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. თავიდან ფეხბურთის ვარჯიშებზე მას დავყავდი და ყოველთვის ყველა თამაშს ესწრებოდა. დღემდე გვერდში მიდგას და მამხნევებს.
– რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ფეხბურთი და არა სპორტის სხვა სახეობა?
– რატომღაც მხოლოდ ფეხბურთი მიზიდავდა პატარაობიდან. სპორტის სხვა სახეობები არც მომისინჯავს, არც ვიცი და ინტერესიც არ მაქვს. ბურთი მიყვარდა უზომოდ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სხვა ბავშვების ბურთებით ვთამაშობდი. მშობლებმა პირველი ბურთი რომ მაჩუქეს, სასწაულად გამიხარდა. ისიც მახსოვს, საწოლში ბურთით რომ მეძინა. . . მხოლოდ ფეხბურთი! სულ ასე იყო და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ასე იქნება.
– პირველი შეხება ფეხბურთთან. . .
– ყველაფერი ეზოში ბურთის თამაშით დაიწყო. ყოველთვის ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. შემდეგ სასკოლო ტურნირებში გოგონების ფეხბურთში ვმონაწილეობდი. 11 წლის ვიყავი, როცა ქობულეთში ბატონმა ზურა კახიძემ გოგონათა სამოყვარულო გუნდი ჩამოაყალიბა, რითაც აქ ქალთა ფეხბურთს ჩაუყარა საფუძველი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ისე მოსწონებია ჩემი თამაში, რომ ქალთა გუნდის ჩამოაყალიბება მოუნდა. მადლობა მას, რომ მომცა ამ გუნდში თამაშის შანსი. შემდეგ ბათუმის გოგონათა გუნდში გადავედი, 13 წლისა კი საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს, სადაც ძალიან კარგი პირობები დამხვდა: დიდი მოედანი, კარგი ბურთები, ხარისხიანი ბუცები, სწორი კვება, დისციპლინა. . . მაშინ შევიგრძენი თუ რა იყო ნამდვილი ფეხბურთი.
– როგორც ვიცით, უცხოეთშიც თამაშობდით. . .
– დიახ, 2009 წელს თურქეთში წავედი, ჩემი მეგობარი თამაშობდა და მითხრა, რომ გუნდში თავდამსხმელი სჭირდებოდათ. ათი წელი თურქეთში ვთამაშობდი, ჯერ „ტრაბზონ სპორტში“, ბოლო წელს კი იზმირის „კონაკში“. თურქეთში ამ მხრივ სულ სხვა დონე იყო. პირველად იქ აღვიქვი, რომ მოედნის საფარი მწვანე უნდა იყოს და არა – ქვიშისფერი. დიდი გამოცდილება მომცა იმ გუნდებში თამაშმა. მაშინ საქართველოში ჩემპიონატი არც იმართებოდა. მხოლოდ ორიოდე გუნდი გვყავდა. რეალურად, მაშინ ჩვენთან ქალთა ჩემპიონატი კი არა, ფეხბურთიც არც იყო. ბოლო ხუთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა და დონეც რადიკალურად ამაღლდა. მიკვირს და მიხარია, ახალბედა გუნდების უმრავლესობაც კი წინააღმდეგობას გვიწევს, ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა და აშკარაა, რომ ქალთა ფეხბურთმა განვითარება დაიწყო. თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება შარშან ოჯახური პრობლემების გამო მომიწია. „ლანჩხუთში“ თამაში დავიწყე. გუნდს კარგი რეიტინგი ჰქონდა, თან ჩემი მხარეა, ახლოს არის ქობულეთთანაც და უკვე ერთი წელია, რაც ლანჩხუთის გოგონათა გუნდში ვთამაშობ.
– ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პირველი გოლები გაიტანეთ, როგორი ემოცია დაგეუფლათ?
– ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ სასწაული შეგრძნება იყო. ტანში ჟრუანტელი მივლიდა. პირველად ყაზახეთში ვითამაშეთ, შემდეგ კი რუმინეთში. „ოლიმპია კლუჟთან“ გატანილ გოლს გამოვყოფდი. . . მსგავსი ემოცია არასდროს მქონია, რადგან მასთან მოგება იოლი არ ყოფილა. გუნდი რუმინეთის ქალთა ფეხბურთის ჩემპიონატის თასის არაერთგზის მფლობელია. მიუხედავად „ოლიმპია კლუჟის“ მაღალი რეიტინგისა, ჩვენს გუნდში თავი არავის დაუხრია და არ უფიქრია, რომ ყველაფერი მორჩა. ჩვენი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე ყოველთვის გვიმეორებს, რომ მოედნიდან ღირსეულად უნდა გამოვიდეთ! ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იღბალი და შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა. ეს ჩვენი დიდი შრომის შედეგი იყო! ისეთი ბედნიერი ვიყავი, დღემდე ვერ ვიაზრებ, რომ ასეთი რამ მოხდა.
– ყველაზე რთული რომელი გუნდის მეტოქეობა იყო?
– ყაზახეთში რომ ვითამაშეთ, რადგან ჩვენი პირველი მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, დაძაბულები ვიყავით. ორივე თამაში რომ შევაჯამოთ, რუმინელები უფრო ძლიერები იყვნენ და მათთან უფრო გაგვიჭირდა. ყაზახეთის გუნდთან პირველი მატჩი რომ მოვიგეთ, ბევრად მეტი ადამიანი დაინტერესდა გუნდით, მაგრამ რუმინეთთან მოგების შემდეგ დამოკიდებულება ისე შეიცვალა, გამიკვირდა კიდეც. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცოდა ქალთა გუნდის არსებობის შესახებ, რაც გულსატკენია. მიხარია, რომ ხალხმა რაღაც დოზით ჩვენს შესახებ გაიგო. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერც წარმოვიდგენდით. ჯერ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით გვინდოდა სახელის მოხვეჭა, მაგრამ, სამწუხაროდ, ადგილობრივ ჩემპიონატს გამოვეთიშეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი.
– ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს ფინანსურად ძალიან უჭირს, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამაზე რას გვეტყვით?
– დიახ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან რთული პერიოდები გამოვიარეთ, დახეული ბუცებითაც გვითამაშია, მაგრამ გვპირდებიან, რომ უკეთ იქნება ყველაფერი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ცდილობს ხელი შეგვიწყოს, თანხაც გამოგვიყვეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც საკმაოდ სოლიდური დაფინანსება გვაქვს. ჯერ ლანჩხუთში არ ჩავსულვართ, მაგრამ იმედია, ამის შემდეგ უფრო მოგვაქცევენ ყურადღებას.
– როგორია თქვენი გუნდი მოედანს მიღმა?
– ლანჩხუთში გუნდს ბინა აქვს ნაქირავები, რომელშიც რამდენიმე გოგო ერთად ვცხოვრობთ. ისევე, როგორც მოედანზე, სახლშიც შეკრული გუნდი ვართ. ერთს ყველაზე კარგად საჭმლის კეთება გამოსდის, მეორეს სახლის დალაგება და ჭურჭლის დარეცხვა ურჩევნია, მესამეს – ჩვენი ფორმების გარეცხვა. . . ერთი ოჯახი ვართ და ასე ვინაწილებთ საქმეებს. პირადად მე საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ მოედანზე ძალიან მოტივირებული და პასუხისმგებლობით სავსე ვარ.
– ის, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ. . .
– გოლის გატანა. . . ამ დროს საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. ყველაზე საოცარი შეგრძნებაა.
– წინა წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე ქალთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი გახდით, როგორ მიიღეთ ეს ამბავი?
– რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ვთვლი, რომ არ ვიმსახურებდი, რადგან სულ ნახევარი სეზონი ვითამაშე და ჩემზე გაცილებით კარგი ქალი ფეხბურთელებიც არიან.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ძალიან მინდა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გავხდე. ვავარჯიშო ჯერ პატარები, შემდეგ დიდებიც. ამჟამად მწვრთნელის с კატეგორია მაქვს და მინდა в კატეგორია ავიღო ( უფრო მაღალი კატეგორიებიც არსებობს). ისევ ამ სფეროში მინდა დავრჩე და ჩემი გამოცდილება სხვებს გავუზიარო.
– ანუ ოჯახის შექმნას არ აპირებთ?
– ჯერ არა. 31 წლის ვარ და ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, თუმცა ოჯახის შექმნას, ბუნებრივია, ორსულობა და ბავშვი მოსდევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 9 თვე ვერ ვივარჯიშებ. შესაბამისად, ფორმიდან ამოვვარდები და დიდი ხანი მომიწევს საკუთარი თავის მწყობრში ჩაყენება. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვარ დაინტერესებული ოჯახის შექმნით, ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. ახლა მთლიანად ფეხბურთს ვუთმობ ჩემს დროს. არ მინდა ამ სპორტს გამოვეთიშო. სანამ დრო მაქვს, მინდა მაქსიმალური გავაკეთო, ბევრს მივაღწიო და როცა უკვე საფეხბურთო კარიერას დავასრულებ შემდეგ ვიფიქრო ოჯახზე. თუ გვიანი იქნება და არ გამოვა, არც ეგაა პრობლემა. ამჟამად ჩემთვის მთავარი მხოლოდ ფეხბურთია და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.