15 დეკემბრიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა იცვლება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ხვალიდან, ჩვენს ქალაქში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი გახდება. ბათუმის მერიის ცნობით, გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობა გაცალმხრივდება ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე, ამავე მონაკვეთზე მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს საწინააღმდეგო მიმართულებით ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე – BU. მერიის ინფორმაციით, ახალი სქემით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თბილისის მოედნიდან 26 მაისის ქუჩის კვეთის ჩათვლით, შენარჩუნდება ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა. ჭავჭავაძის ქუჩიდან თბილისის მოედნის მიმართულებით, BULANE იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსი.
ბარათაშვილის ქუჩაზე, გორგილაძის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩის მიმართულებით მოწყობილ BU იმოძრავებს ავტობუსები. საავტომობილო მოძრაობა კი, ორმხრივი იქნება.
პუშკინის ქუჩაზე შენარჩუნდება ორმხრივი მოძრაობა შავშეთის ქუჩის კვეთიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში მოძრაობა გაცალმხრივდება.
ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, კვეთამდე.
,,პროექტის მიხედვით, გრიბოედოვის ქუჩის გაცალმხრივებაც იგეგმებოდა, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, დროებით ცვლილება შევიდა. ამ ეტაპზე ორმხრივი მოძრაობა რჩება. რაც შეეხება პუშკინის ქუჩას, აქაც იგეგმებოდა, რომ 26 მაისის ქუჩამდე ყოფილიყო ცალმხრივი მოძრაობა, მაგრამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ეს შეგვეცვალა” – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ახალი სქემის მიხედვით, ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე – BU შესაძლებელია ველოტრანსპორტით მოძრაობა.