კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 პირი.
დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან აჭარაში 212 გამოვლინდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, კლინიკის კოვიდცენტრში 174 ინფიცირებული მკურნალობს. მისი განცხადებით, 47 პაციენტი რეანიმაციაშია, მათგან 11 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა, 33 პაციენტს კი სჭირდება ჟანგბადის მუდმივ რეჟიმში მიწოდება. ამ დროისთვის კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში 40-მდე ადგილია თავისუფალი. დღეს კლინიკიდან 20 გამოჯანმრთელებული გაეწერა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 50-დან 72 წელია. გარდაცვლილთა შორის არის ქობულეთის საკრებულოს წევრი მალხაზ რომანაძე. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფილტვების ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. ის მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ბათუმის ,,სამედიცინო ცენტრის” კოვიდმიმღებ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მალხაზ რომანაძე 2017 წლიდან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის საკრებულოს წევრი და ასევე ქობულეთის ცენტრალური ბაზრის მფლობელი იყო.
როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა ბოლო დღეებში შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა. მისივე თქმით, ორკვირიანი პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების კლებისა, ვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა: „ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის, რადგან, ძირითადად, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება, მისი ხელმისაწევდომობა და დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანებისა, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების დროსაც, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.