ბათუმში 5200 ბენეფიციარს სასურსათო კალათი გადაეცემა
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
ბათუმში 5 200 ბენეფიციარისთვის სასურსათო პროდუქტების დარიგება დაიწყო. პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოციალური დახმარებით ისარგებლებენ შემდეგი ჯგუფების ბენეფიციარები: 100 000 ქულის ჩათვლით – შშმ პირები, სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები , მკვეთრად გამოხატული შშმ პირები , ომში დაზიანებული შშმ პირები , 18 წლამდე ასაკის შშმ პირები , 100 000 ქულის ჩათვლით – მარტოხელა პენსიონერები, 200 000 ქულის ჩათვლით – 3 და მეტშვილიანი ოჯახები, უდედმამო ბავშვები, მარტოხელა მშობლები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, სამამულო ომის ვეტერანები, მუნიციპალური სასადილოს დამატებითი სიის ბენეფიციარები.
მერიის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქტები, ასევე, გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც მითითებულ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესახებ მოკვლევა მუნიციპალური სერვისების სააგენტომ განახორციელა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი პროგრამები მომავალ წელსაც გაგრძელდება.
,,პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის ფინანსური რესურსი, რომლის მობილიზება წლის ბოლოს, როგორც აჭარის მთავრობას, ასევე მუნიციპალიტეტებს შეეძლო, სოციალურ საჭიროებებს მოხმარებოდა. ახალი ბიუჯეტის პირობებში, მომავალ წელს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში პროგრამულ ხასიათს მივცემთ სასურსათო უზრუნველყოფას და ამას დაემატება მედიკამენტების მიწოდებაც. კარგად გვესმის, რომ ეს არის მცირედი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ კონკრეტულ მოცემულობაში მოქალაქეებს და მათ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ, თუმცა ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ არეალი ისე, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სასურსათო კალათების შეძენისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 416 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ბიუჯეტში ხარჯების დაზოგვითაა მიღებული.