სოფიო გარაყანიძე: პროფესია ჩემთვის საკუთარი თავის განცდის შესაძლებლობაა
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
ბათუმელი სოფიო გარაყანიძე არის ბიოლოგიის დოქტორი, თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი, სამეცნიერო სტატიების ავტორი და არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე-მომხსენებლი. თავის დროზე, გაცვლითი პროგრამით პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში სწავლობდა. მასში გურული გენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრიორი, ოპტიმისტია, სიცოცხლე უყვარს და მიზანს ხშირად აღწევს. დღეს იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია
– რას ნიშნავს ბათუმი თქვენთვის?
– ზაფხულის ერთ დღეს სწორედ ამ ქალაქში დავიბადე და ასე დავუკავშრიდით მე და ის ერთმანეთს. შემდეგ, გარკვეული დროით მომიხდა მისი დატოვება, თუმცა სტუდენტობამ ისევ აქ მომიყვანა. სწავლების სამივე საფეხური ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე. ეს იყო სიახლეების, უამრავი გამოწვევის, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობისა და თავგადასავლებით სავსე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. იმ დღეების კვალი არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.
– საინტერესო პროფესია გაქვთ, გენეტიკის სფერო რატომ აირჩიეთ?
– პროფესია ჩემთვის საკუთარი თავის განცდის შესაძლებლობაა და სრულად არის შერწყმული ჩემს პიროვნებასთან. გენეტიკით ჯერ კიდევ ბაკალავრიატის პერიოდში დავინტერესდი, რაც ჩემი პროფესორ-მასწავლებლების პროფესიონალიზმმა განაპირობა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ვიწრო სპეციალობად კი გენეტიკა დოქტორანტურაში ჩაბარების დროს ავირჩიე. ზოგადად, მეცნიერებით დაინტერესება რთული არ არის, მით უფრო გენეტიკით, რომელსაც აქვს პასუხები ნიშან-თვისებების მემკვიდრეობაზე, სხვადასხვა დაავადების თაობიდან თაობაზე გადაცემისა და დაავადებების გამომწვევი რისკფაქტორების და მემკვიდრეობის შესახებ.
– საკუთარ გენეტიკაზეც ხომ არ გვეტყოდით რამეს, რა არის ისეთი, რასაც არასდროს შეცვლიდით, რაც გაძლიერებთ?
– მემკვიდრეობითობა წარსულის აწმყოში გაცოცხლების შესაძლებლობაა. მადლიერი ვარ წინაპართა გენების, რომლებმაც ჩემი გენეტიკა განსაზღვრა. ხასიათის სიმტკიცე და მომავლის იმედი არის, რაც მაძლიერებს, სირთულეებთან გამკლავებაში მეხმარება და მათ არასოდეს შევცვლიდი.
– წარმატებისკენ მიმავალი გზა არც ისე მარტივია, თქვენ რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
– პროფესიული წარმატებისკენ მიმავალი გზა პიროვნულ განვითარებასთან თანხვედრაშია. მუდმივად უნდა იყო თვითდაკვირვებისა და თვითშეცნობის პროცესში. ამ გზაზე დაბრკოლება და წინააღმდეგობა, ყოფითი თუ ადამიანური, ბევრია. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, თუმცა თვითრწმენამ, შრომისმოყვარეობამ, ენთუზიაზმმა, სხვათა მხარდაჭერამ და სიყვარულმა აქამდე მომიყვანა.
– პორტუგალიაში როგორ აღმოჩნდით?
– დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პორტოს უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. დისერტაციის კვლევითი კომპონენტი ფარამაციის ფაკულტეტის, ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორიაში შევასრულე. ეს იყო საუკეთესო გამოცდილება, როგორც პროფესიული, ასევე კულტურული თვალსაზრისით.
– რა საერთო ან განსხვავება აღმოაჩინეთ პორტუგალიელ ხალხსა და ქართველებს შორის?
– ქართველების მსგავსად. პორტუგალიელები უშუალო ურთიერთობით გამოირჩევიან და უცხოელთა მიმართ კეთილგანწყობილნი არიან.
– როგორ დაახასიათებდით თანამედროვე ქართველებს?
– თანამედროვე ქართველები თვითმყოფადობისთვის აუცილებელ კულტურულ ღირებულებებს ინარჩუნებენ, მაგრამ არც განვითარებაზე ამბობენ უარს. ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისება გასაჭირში ერთად დგომის საოცარი უნარია. ვისურვებდი, ლხინის დროსაც შევძლოთ გაერთიანება.
– ვიცით, რომ ბიოლოგია ცოცხალი ბუნების, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებაა. იგი იკვლევს ყველა იმ თვისებას, რომელსაც ცოცხალი არსება ამჟღავნებს. შეიძლება, საქართველოს მაგალითზე გვითხრათ, რატომ იქცევა ესა თუ ის ერი ისე, როგორც იქცევა?
– ცოცხალ ორგანიზმთა თვისებებს მათი გენეტიკა განსაზღვრავს, მაგრამ როცა ერის ქცევაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანთა თავისუფალი ნებით შექმნილი სოციალური და კულტურული მემკვიდრეობა, როგორც განწყობების, სურვილებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ერთიანობა, რომელიც ბიოლოგიური მემკვიდრეობის კარნახით იქმნება და თაობებს გადაეცემა. ამდენად, ეროვნული მახასიათებლებისა და ქცევის თავისებურებების საწყისები გენეტიკაში უნდა ვეძებოთ.
– ახალმა კორონავირუსმა ყველას ცხოვრების სტილი შეცვალა, თქვენთან როგორაა საქმე, რა სირთულეებს აწყდებით პროფესიული თვალსაზრისით?
– კოვიდპანდემიამ ყველაფერი შეცვლა სამყაროში. ცხოვრების სტილი, სამუშაო სივრცე, სასწავლო პროცესი, არ დატოვა თავისუფალი დრო განტვირთვისათვის. ვფიქრობ, მასწავლებლებმა საქმის სიყვარულით, ერთგულებითა და პასუხისმგებლობით უჩვეულო გამოწვევას თავდაუზოგავი შრომით ვუპასუხეთ და მყისიერი ადაპტაციით სირთულეებსაც გავუმკლავდით. აქვე უნდა აღვნიშნო მოსწვალეთა მიერ დღევანდელი სკოლის გამოწვევის სწორად გაანალიზება და სასწავლო პროცესში სათანადო ჩართულობა. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად იგრძობა მშობელთა მხარდაჭერაც.
–როგორ უნდა გახდე საუკეთესო თუ არა, კარგი მასწავლებელი მაინც?
– მასწავლებლის პროფესია იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყველას აქვს სურვილი, იყოს კარგი მასწავლებელი , თუმცა ამისთვის მხოლოდ საგნის ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა არ არის საკმარისი. ვფიქრობ, მასწავლებლისთვის მთავარი იარაღი ემოციური ინტელექტია – საკუთარი და სხვების განცდების ამოცნობა-გაანალიზების უნარი. მნიშვნელოვანია თვითკრიტიკაც, რაც განვითარების აუცილებლი პირობაა. მასწავლებლი უნდა იყოს თავისუფალი და თანასწორი ურთიერთობებში. საჭიროების დროს მოსწავლის სიხარულის, წარმატების ან დამარცხებით გამოწვეული განცდების თანამოზიარე და ბოლოს, უნდა უყვარდეს ბავშვი, ადამიანი!
– რომელ საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს ასწავლით და გრძნობთ თუ არა მათ დაინტერესებას ბიოლოგიის მიმართ?
– სამივე საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს ვასწავლი. ბუნებისმეტყველება და ბიოლოგია მოსწავლეებში ინტერესს მართლაც იწვევს, თუმცა სამომავლო პროფესიად ცოტა თუ ირჩევს. ბოლო პერიოდში, კოვიდინფექცია უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა მსოფლიოსთვის და ყველამ დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერთა როლი პრობლემის დაძლევაში. ვისურვებდი, რომ მეცნიერებით მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს, რომლებიც მომავალში ღირსეულ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.
– რა კითხვას ისურვებდით, რომ თქვენთვის დამესვა?
– სიამოვნებით ვუპასუხებდი ასეთ შეკითხვას: – რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლების არსის გააზრება მოსწავლეობის პერიოდში?
– ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა სწორად გაიაზრონ თავისუფლების არსი. მასწავლებლის თავისუფლება მოსწავლეთა უფლებებში გამოიხატება. ვინაიდან თავისუფლება ქმედებების შესაძლებლობაა, ზრდასრულთა ნაბიჯებში მოზარდი მუდმივად უნდა ხედავდეს პატივისცემას სხვათა უფლებების მიმართ, თუმცა მოვალეობების გააზრებაც ამავე ასაკში უნდა მოხდეს. მიმაჩნია, რომ ასე შევძლებთ თავისუფლების მიმართ პასუხისმგებლობით სავსე საზოგადოების ჩამოყალიბებას.