„ბათუმი ყველაზე მწვანე ქალაქად ვაქციოთ“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
როგორ მუშაობდა კოვიდპანდემიისა და ქალაქში არსებული შეზღუდვების პირობებში ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში მისი დირექტორი დავით დიასამიძე.
– ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვითა და მაქსიმალური სიფრთხილით ვმუშაობთ თითქმის 1 წელია. ზამთარში 20 000 ათასამდე ხემცენარის გასხვლა – ფორმირების, შეკვრისა და პატარა მცენარეების ბამბუკის ჭიგოებზე გამაგრების სამუშაოები განვახორციელეთ. სკვერებში, პარკებში, წრიულებსა და გზაგამყოფებზე დაირგო 600 ათასამდე შემოდგომა-ზამთრის მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილი, სხვადასხვა ფერის ვიოლები.
– რეაბილიტირებული ქუჩების გამწვანება თუ მოხერხდა?
-2020 წელს შეზღუდულად, მაგრამ მაინც გავამწვანეთ რეაბილიტირებული ქუჩები. ფაქტობრივად, ამ წელს დავიწყეთ ბათუმში ე.წ. ჭაობის დასახლების გამწვანება. გ. ბრწყინვალის, ბესიკის, მარუხისა და სოხუმის ქუჩებზე სხვადასხვა სახეობის ხემცენარეები (ცაცხვი, მაგნოლია, ცხენისწაბლა და ა.შ ) დაირგო. ეს პროცესი, რასაკვირველია, წელსაც გაგრძელდება. 2020 წელს 30-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები გამწვანდა ( მაგალითად: თამარ მეფის გამზირი, ახმეტელის, ხიმშიაშვილის, ინასარიძის, რურუას, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მაიაკოვსკის ქუჩები).
– ძირითადად, რა სახის სამუშაოებს ახორციელებთ?
– ყველა სახის სამუშაოს, რომელიც გამწვანებას, ქალაქის იერსახის მოწესრიგებას, ხეების გასხვლა-ფორმირებას, ლანდშაფტის, პარკების, სკვერების მოწყობას გულისხმობს. ჩვენს დიზაინერებთან ერთად, ადგილზე ვსწავლობთ ახალ, რეაბილიტირებულ ქუჩებსა და ეზოებს, შემდეგ სპეციალისტებთან ვმსჯელობთ, სად რა სახის ხემცენარე თუ ყვავილი დავრგოთ. წელიწადის ყველა სეზონის შესაბამის სამუშაოებს ვახორციელბთ აგრონომებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვრეაგირებთ მოქალაქეთა ნებისმიერ განცხადებაზე თუ ზეპირ თხოვნაზე.
– თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა გაკეთდა 2020 წელს?
– როგორც, უკვე გითხარით, გასულ წელს ქალაქში დაახლოებით 3000-მდე ხემცენარე დაირგო. სხვადასხვა სახეობის ხე დაირგო თამარ მეფის გზატკეცილზე (განთიადი), გორგილაძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში (იუსტიციის სახლის მიმდებარედ), გიორგი ბრწყინვალის, ვაჟა ფშაველას, ბესიკის, ორბელიანის, მარუხის, სოხუმის, ახმეტელის, ნონეშვილის, ქუთაისის, ბახტაძის, კ.გამსახურდიას, ჩკალოვის, დ. აღმაშენებლის, პეტრე მელიქიშვილის (ყინულის სასახლის მიმდებარედ), რურუასა და მამია ვარშანიძის ქუჩებზე. მწვანე სივრცე მოეწყო დაბა ჩაქვში, ბერიძის ქუჩაზე, სადაც დაირგო ტუიას, ნეკერჩხლის, ღვიის, ცხენისწაბლას, ნანდინასა და კამელიას ხეები. ქალაქში რამდენიმე ხეივანიც გაშენდა. განხორციელდა ძველი ბათუმის მასშტაბური გამწვანება, პროექტის ფარგლებში ზვიად გამსახურდიას ქუჩას 220 ძირი ხე შეემატა. 2020 წელს, ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში, სკვერებში, საყვავილე კლუმბებსა და წრიულებში სულ დაირგო სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების 978 200 ჩითილი. ასევე, წლის განმავლობაში 1 500 ძირი ხის გასხვლა-ფორმირების სამუშაოები შესრულდა. მცენარეთა დაცვის მიზნით, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ხე-მცენარეებს ჩაუტარდა პროფილაქტიკური ღონისძიება, წამლობა. გეგმიურად ხორციელდებოდა ეზოების, სკვერების, ასევე, ზღვის სანაპირო ზოლისა და სხვა მწვანე საფარის მოწესრიგება.
– წელს რა პრიორიტეტები გაქვთ?
-2021 წელს „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ მთავარი ამოცანა ახალშემოერთებული ტერიტორიების გამწვანებაა. კვლავ პრიორიტეტად რჩება „ჭაობის დასახლებისა“ და შიდა ეზოების გამწვანება, მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობა და განახლება.
წელს 4000 -მდე (მარადმწვანე, ფოთოლმცვენი, წიწვოვანი, ბუჩქოვანი) ხემცენარის დარგვაა დაგეგმილი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– რა სახის ყვავილების დარგვა მიგაჩნიათ უფრო მიზანშეწონილად, ანუ რომელი უფრო უხდება ბათუმს?
– სეზონურად მოყვავილე ყვავილებს არჩევენ ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ზაფხულში უპირატესობა ენიჭება სალვიას, ტაგეტეს, ცელოზიას, პეტუნიას, გაზანიას, ხოლო ზამთარში ვრგავთ ვიოლასა და პრიმულას.
– ჩითილები სანერგე მეურნეობაში გამოგყავთ?
– ჩვენი სანერგე მეურნეობა ახალსოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. სანერგეში გამოყვანილი ჩითილები ირგვება ქალაქში. აქვე ხდება მცენარეების დაკალმებაც. სანერგე მეურნეობა ულამაზესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნახევარ მილიონზე მეტი სხვადასხვა ფერის ყვავილი ერთდროულად ყვავილობს.
– საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადებას როდის იწყებთ?
– სამუშაოებს კლიმატური პირობების შესაბამისად დავიწყებთ. იმ შემთხვევაში, თუ კარგი ამინდებია, თებერვლის შუა რიცხვებიდან.
– როდის არის რენტაბელური მცენარის დარგვა ან გადარგვა, რომ კლიმატურ პირობებს შეეგუოს?
– მცენარეთა დარგვა მიზანშეწონილია გაზაფხულზე, ზაფხულის პერიოდში, თებერვალში, მარტში, აპრილში და საშემოდგომოდ, თუ თბილი ამინდები იქნება, ნოემბრის ჩათვლითაც კი. გადარგვა დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე.
– ხემცენარეთა რა სახეობები შემოვიდა უცხოეთიდან და ჩაკეტილი საზღვრების გამო ხელი ხომ არ შეგშლიათ?
– ქალაქის გამწვანებისთვის მცენარეებს ჩვენ, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, ტენდერის საშუალებით ვყიდულობთ, ჩაკეტილ საზღვრებს ამ მიმართულებით სამსახურისთვის პრობლემა არ შეუქმნია.
– რამდენია ბიუჯეტი?
2021 წელს ჩვენი სამსახურის ბიუჯეტი 2 799 600 ლარია.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– მინდა საოცრად ლამაზი გარემო შევქმნა ჩვენს ქალაქში და ბათუმი ყველაზე მწვანე ქალაქად ვაქციოთ. ბათუმის მერიისა და ახალი ხელმძღვანელის არჩილ ჩიქოვანის ინიციატივთ, წელს აქტიურად დაიწყო ქალაქში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა.