ასლან ლორთქიფანიძე: მიუხედავად საგარეო და საშინაო ფაქტორებისა, გვარამია-სააკაშვილის მიერ დაბულინგებული ოპოზიციის ნაწილი „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს“ . . .
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვეა გასული, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არაერთხელ გაიმართა დიალოგი, მაგრამ უშედეგოდ. გაერთიანებული ოპოზიცია აქცენტს კვლავაც ქუჩის აქციებზე აკეთებს და ირწმუნება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.
რა ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში? „აჭარასთან“ პოლიტოლოგმა ასლან ლორთქიფანიძემ ისაუბრა.
– ბატონო ასლან, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა და ამის დასტურად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პოსტიდან მოსალოდნელი გადადგომა სახელდება. რასაც თავის მხრივ, უარყოფს ბატონი პრემიერი.
– სამუდამოდ არავინ არის განწესებული არცერთ თანამდებობაზე. ადრე თუ გვიან ყველა თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას ან ინიშნება. ამ ეტაპზე და არც უახლოეს მომავალში პრემიერის გადადგომა/გადაყენება მმართველი პარტიის დღის წესრიგში არ არის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილიც კი აღიარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეფექტური მენეჯერი და ქარიზმატული ლიდერია. გახარია საუკეთესო კრიზისმენეჯერია მათ შორის, ვინც ოდესმე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოფილა. ამ ჭორებს ავრცელებენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომელთა პარტიების თავმჯდომარეები თანამდებობას ტოვებენ გაურკვეველი ან პარტიაში არსებული უთანხმოების მიზეზით.
– ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს ოპოზიცია, რომლის ნაწილიც კვლავაც უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. არის თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის შანსი?
– პოლიტოლოგიის პირველი კურსის სტუდენტებმაც კი იციან, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკურ კრიზისი მხოლოდ მაშინ არის ამა თუ იმ ქვეყანაში, როცა პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობის ფორმირებას, ან სახელმწიფო ინსტიტუტები არის ქმედებაუუნარო. საქართველოში მსგავსი ფაქტები არ არის. მთავრობა არჩეულია, სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად ფუნქციონირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის და ეს მხოლოდ ოპოზიციის მოგონილია. ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის დიალოგი დასრულდა. ურთიერთკომპრომისების წყალობით ორი ოპოზიციური პარტია ჩაერთო საპარლამენტო საქმიანობაში და უახლოეს ხანში მას მესამე ოპოზიციური პარტია შეუერთდება. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი განეკუთვნება სააკაშვილის პოლიტიკურ კლასტერს. ეს პარტიები ნაციონალური მოძრაობის განაყოფები არიან. მათი ლიდერები სხვადასხვა დროს ატარებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატს, ან იყვნენ ამ პარტიის მხარდამჭერები. სამწუხაროდ, ისინი ვერ ახერხებენ სააკაშვილთან დისტანცირებას და ცალ-ცალკე, თვითკმარ პოლიტიკურ ძალებად ჩამოყალიბებას. თუ ეს ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, შედეგი იქნება ამ სახის პარტიების ან გაქრობა პოლიტიკური ველიდან, ან მათი სრული შერწყმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან ქუჩაში „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურენციას ვერ გაუწევენ.
– ბოლო დღეებში აქტუალურია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პასუხისგებაში მიცემა-არმიცემის საკითხი. თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ეს დიალოგის საბოლოოდ ჩიხში შესვლის მიზეზი ხომ არ იქნება?
– მელია ცდილობს, მოისხას პოლიტიკური გმირის მანტია და სრულიად მიზანმიმართულად მიდის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მას ჰგონია, რომ ამ ქმედებით გამოიწვევს ხალხის პროტესტს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და რევოლუციას ქვეყანაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს, საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთოს, რადგან მას არ აკმაყოფილებს მოპოვებული მანდატები. არჩევნები ამ პარტიისთვის იყო მხოლოდ საბაბი რევოლუციის გამოსაწვევად და ამას დაუფარავად აცხადებდა „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი სააკაშვილი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე. ამიტომ მათ ინტერესში დიალოგის გაგრძელება და არჩევნები არ შედის, რევოლუციას კი ვერ ახერხებენ მოსახლეობის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო. ახლა უკვე მელია უშედეგოდ ცდილობს წამებულის მანტიის მორგებას და პოლიტიკური ტემპერატურის აწევას.
– რატომ არ უწყვეტს ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას მმართველი გუნდი?
– ორი მიზეზის გამო აყოვნებს მმართველი პარტია ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. პირველი მიზეზი გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველთვის ანგარიშს უწევს. მეორე მიზეზი ეს არის სურვილი, რომ საქართველოს პარლამენტი იყოს უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე დღეს არის, ანუ უფრო მეტი ოპოზიციური ელექტორატის ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში. გამონაკლისი არის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა, რადგან მმართველი პარტია ამ არადემოკრატიული პარტიის საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობით დაინტერესებული არ არის. საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში საქმიანობის ინტერესი არც ამ პარტიის არაფორმალურ მმართველ მიხეილ სააკაშვილს აქვს. ეს პოლიტიკური პარტია თავისი საქმიანობით წარმოადგენს არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციას და მისი მოქმედებები ყოველთვის იყო და დღესაც რჩება რუსული ინტერესების საქართველოში გატარების ხელშემწყობი.
-ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს. რა აძლევს ამის თქმის საფუძველს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და აჭარაში რა მოლოდინი გაქვთ ამ კუთხით?
– ND-ის გამოკითხვებით, რომელსაც ენდობიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ოპოზიციური ელექტორატის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ პარტიების ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში. ოპოზიციას ერთმნიშვნელოვნად მოუწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ იმუშაონ საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად საგარეო და საშინაო ფაქტორებისა, გვარამია-სააკაშვილის მიერ დაბულინგებული ოპოზიციის ნაწილი „დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიცურავს“. ასეთ მოძრაობას შედეგი ვერ ექნება და იწვევს ოპოზიციური პარტიების თვითგანადგურებას. ეს კარგად ესმის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს და ამიტომაც არსებობს მოლოდინი საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოცამდე დეპუტატის ჩართვისა ამ პარტიებისგან დამოუკიდებლად. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ერთადერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა ბარიერი და მისი წარმომადგენელი ამ ორგანოში მუშაობს. სხვებსაც თუ ამის სურვილი აქვთ, თვის ბოლომდე შეუძლიათ გაითხოვონ თავიანთი განცხადებები უმაღლესი საბჭოდან, შემდეგ ამის შანსი აღარ ექნებათ. მათი არყოფნა უმაღლესი საბჭოსთვის დანაკლისი არ არის და არც მომავალში იქნება.
– ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან კვლავაც აქტუალურია. არსებობს თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შანსი?
– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო მხარდაჭერა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის აქტიურობა დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებასთან. ყველა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ როგორმე ამოქაჩონ ის ძალიან დაბალი რეიტინგი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიღებული მარცხის შემდგომი უშედეგო მოქმედებებით მიიღეს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნდობით მოსარგებლე -ის კვლევებით, საპარლამენტო არჩევნებში მეორე შედეგის მქონე პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%-იანი რეიტინგი აქვს. ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მმართველი პარტია მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, თუმცა ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კიდევ უფრო დაამძიმებს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ მდგომარეობას. შემოდგომაზე გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
– რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ისინი ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ საქმიანობას. გაერთიანებული ოპოზიციიდან რომელი პარტიის წარმომადგენების ხილვაა შესაძლეელი პარლამენტში?
– მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისათვის ბარიერის დაწევის თემა ყველა პარტიის ინტერესის სფეროში ექცევა გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. “ნაციონალური მოძრაობის” კოალიციიდან „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ეს ინტერესი უკვე გაასაჯაროვა. პარლამენტის ბოიკოტირებამ ძალიან დააზარალა ოპოზიციური პარტიები და რეიტინგების შემცირების პირდაპირპროპორციულად მცირდება მათი რიგები. არ არის გამორიცხული, მათი პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების ნაწილი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის პროცესში ჩაერთოს და კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.
– რა ხდება „ევროპულ საქართველოში“? როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის პარტიას?
– სანამ პარტიები იქნებიან ერთ ადამიანზე ჩამოკიდებულნი, მუდამ ექნებათ კადრების გადინების პრობლემა. „ევროპულ საქართველოს“ ყველა იცნობს როგორც ბოკერიას პარტიას, რომლის თავმჯდომარე მხოლოდ „ლეღვის ფოთლის“ ფუნქციას ასრულებდა. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა აღიარეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა. ისინი დედაქალაქში მე-7 ადგილზე გავიდნენ. ამაზე პასუხისმგებლობა აიღეს და პარტიის მენეჯმენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და პარტიის ფაქტობრივი ხელმძღვანელის გიგა ბოკერიასგან განსხვავებით. პარტია და მათ მიერ კონტროლირებული ტელევიზია „ფორმულა“ ძირითადად, ფინანსდება სააკაშვილის მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ, რომელიც მინისტრის პორთფელის დატოვებიდან რამდენიმე თვეში ბიზნესმენი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა საქართველოში. კეზერაშვილის ანგარიშებზე იყრიდა თავს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „ობშიაკის“ თანხები. ამ პარტიის ბირთვი ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან შედგება, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალია.
– აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციებს არ წყვეტს ოპოზიცია . . . რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?
– საქართველოში გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია არა მარტო კონსტიტუციითა და სხვა სახის კანონმდებლობით, არამედ ქმედებებითაც. თუ ოპოზიცია კანონის ჩარჩოებში ჩაჯდება, მას სრული უფლება აქვს, პროტესტის ნებისმიერი ფორმა გამოიყენოს განუსაზღვრელი ვადით. ეს ქართული დემოკრატიის ნაწილია. საზოგადოების მიმართ გამოხატული ცინიზმია, როცა ამ ადგილს ყოფილი არადემოკრატიული სახელისუფლებო პარტია „თავისუფლების კვარტალს“ ეძახის და ითხოვენ, რომ ყველა მომიტინგეს სათითაოდ შეხვდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, როცა ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრის პრობლემა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებსაც კი ჰქონდათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფისის წინ მიმდინარე აქციები ოპოზიციის საუკეთესო თვითლუსტრაციაა. მთელი ქალაქი ხედავს იმას, თუ რა ავტორიტეტის მატარებელი ადამიანები იყრიან თავს და რა მეთოდებს იყენებენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების პროვოცირებისათვის. ამიტომაა, რომ იქ მდგომთა რიგები დღითი დღე მცირდება და სრული მობილიზების პირობებშიც კი რამდენიმე ასეულ მომიტინგეს არ აჭარბებს. რახან მათი რაოდენობა მცირეა, არ მგონია, პროტესტის გასაგრძელებლად ქუჩის გადაკეტვის აუცილებლობა იყოს. კანონიც ამას ამბობს. ტურისტული სეზონი ახლოვდება და აჯობებს, ვარშალომიძემ კარვები აალაგოს.
– დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა. მართალია, თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერევა, მაგრამ შემოდგომაზე ისევ არჩევნებია . . .
– მმართველი პარტიის რეიტინგი მარტივად იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოიპოვებს უმრავლესობას. ოპოზიციის წარმომადგენლობაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება. მისი ძირითადი მიმართულებები უკვე გადაეგზავნა არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას. საკანონმდებლო ცვლილებები 1 მარტამდე წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ისტორიული მისია შეასრულა და ქვეყნის მართვას ჩამოაცილა ავტორიტარული ხელისუფლება, გაიღო კოლოსალური პირადი სახსრები ქვეყნის განვითარებისთვის, შეუქცევადი ხასიათი მიიღო ქართული დემოკრატიის განვითარებამ. ის მმართველი პარტიის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.