ნინო ნიჟარაძე: სიტუაციის სტაბილიზაცია შესამჩნევია, თუმცა მკაცრად უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ზომა
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა აჭარაში და რა ვითარებაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი – აღნიშნულ საკითხებზე ანგარიშით აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი წარსდგა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში შეიმჩნევა სიტუაციის დასტაბილურება:
-დღეს კოვიდ-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 200-ით ნაკლებია. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა მაჩვენებელს აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და შეადგენს 563-ს. თუმცა საყურადღებო პერიოდი გრძელდება, რა თქმა უნდა და ისევ მკაცრად უნდა დავიცვათ სიფრთხილის ზომები. მოქალაქეებმა ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა დაიცვან, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად აჭარაში მკურნალობის კურსს 7779 ინფიცირებული გადის, მათგან 15%-ია ჰოსპიტალიზებული, დანარჩენი კი კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობს :
– პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულია 13 სამედიცინო დაწესებულება. კლინიკებში კოვიდპაციენტებისათვის გამოყოფილია 1070 საწოლი. საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი ცვალებადია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში კარგი ტენდენცია შეინიშნება – უკვე ყოველდღიურად გვაქვს თავისუფალი თერაპიული საწოლები, რაც კავშირშია ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირებასთან, თუმცა თითქმის დაკავებულია ინტენსიური თერაპიის საწოლები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, არ დავტოვოთ არცერთი პაციენტი სტაციონარული სერვისის გარეშე თუ ის ამას საჭიროებს. კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართულია 26 სასტუმრო. განთავსების სფეროში კოვიდპაციენტებისათვის არის საკმარისი ადგილები, თუმცა მოქალაქეთა 68% მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ამჯობინებს. აჭარაში ონლაინკონსულტაციის პროცესში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის ხუთი ცენტრი. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, იგი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის გაკეთებულია 132 241 ვაქცინა, ორი დოზით აცრილია 39 601 მოქალაქე. პროცენტული მაჩვემებელი ასე ნაწილდება – აჭარაში ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26,3%, ორი დოზით აცრილია 11,3%. გუშინ ვაქცინაციის პროცესი დავიწყეთ სოფლებში. აჭარაში ვაქცინაცია ტარდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ორ სავაჭრო ცენტრსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღეს სოფლად ვაქცინაცია ტარდება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში. ხოლო ხვალ ვაქცინაცია ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის თემში და შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია ბინაზე მწოლიარე პაციენეტებისათვის. ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა სახლში მყოფ 52 მოქალაქეს, პროცესი გრძელდება, – თქვა ნინო ნიჟარაძემ. მოხსენების შემდეგ მინისტრმა ჯანდაცვის კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და დასძინა, რომ რთული გამოწვევის მიუხედავად, რეგიონში არსებული ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურადაა მობილიზებული და მუშაობს, რათა პანდემია და მისგან შექმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.