„ღამის სერენადები“ მალე კვლავ ბათუმში ახმიანდება
წელს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადები“ მეთხუტმეტე სეზონია. იგი 22 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალაკონცერტით გაიხსნება, სადაც მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან: საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია), ეილიკა ვუნში (სოპრანო, გერმანია), გიორგი ონიანი (ტენორი, საქართველო), რიკარდო მარინელო (ტენორი, იტალია). ფესტივალის პირველ დღეს, ჩასულ სტუმრებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი – გიორგი ბუგიანიშვილი), გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი, საქართველო); მარიამ კიკალეიშვილი (მეცოსოპრანო, საქართველო). სოლისტებს თანხლებას გაუწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისტერი – ლელა მჭედლიძე).
გალაკონცერტზე შესრულდება არიები ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებიდან, ნეაპოლური სიმღერები, ინსტრუმენტული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შედევრები: იოანეს ბრამსის „უნგრული ცეკვა N № 5“, დიმიტრი შოსტაკოვიჩის „ვალსი№N2“ და ა.შ. ასევე აჟღერდება ქართული მუსიკა – „ასე ჩონგური“ და ,,კუჩხიბედინერი“ ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ციკლიდან „მეგრული სიმღერები“.
ჩვენი ქალაქი „ღამის სერენადებს“ 24 და 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უმასპინძლებს. 24 აგვისტოს თეატრის სცენას დაამშვენებენ ეილიკა ვუნში და რიკარდო მარინელო. ისინი ცნობილ საოპერო არიებს, დუეტებს, ნეაპოლურ სიმღერებს შეასრულებენ, ხოლო საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი ქართველ პიანისტ თამარ ლიჩელთან ერთად სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატათი გაგვახარებს.
25 აგვისტოს საღამოზე ჰეიონ პარკი ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“ თანხლებით შეასრულებს ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს, ასევე შესრულდება ინგლისელი კომპოზიტორის რალფ ვოან უილიამსის („ტოროლას აფრენა“), თამარ ლიჩელთან ერთად .
ფესტივალის შემდეგი სამი კონცერტი სექტემბერში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.
XV საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადები“ დახურვა 24 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება.
ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.
„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).
ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, დააარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა, 2002 -2009 წლებში ფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“ აღდგენა და მან შავიზღვისპირეთის ჩვენს ულამაზეს ბათუმში გადმოინაცვლა. „ღამის სერენადებმა“ არსებობის განმავლობაში არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს უმასპინძლა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.
„ღამის სერენადების“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” -ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ 25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Gjorjia Tudei“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „mMesenjer“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი