მსოფლიო ვარსკვლავ მია ვასიკოვსკას ეკა ჩავლეიშვილის ეთერომ საკუთარი მამიდა გაახსენა
მარინა მითაიშვილი 593 31 73 90 –
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაციაში – ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გამარჯვებული ეკა ჩავლეიშვილი (ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ მთავარი გმირის, ეთეროს, განსახიერებისთვის) დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, თბილისში 20 აგვისტოს დაბრუნდა. „მეშინია, არ გავგიჟდე“, – ასე გამოხატა ეკამ ჩვენთან თავისი ემოცია ამ დიდ წარმატებასთან დაკავშირებით დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, რომელიც სარაევოს დრამატული თეატრის უძველეს და ულამაზეს შენობაში 18 აგვისტოს გაიმართა.
სანამ უცვლელად გადმოგცემდეთ მის შთაბეჭდილებებს, მხოლოდ ერთ ძალიან საინტერესო გარემოებას გავუსვამთ ხაზს – ეკასი და მთლიანად ფილმის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ცნობილმა ავსტრალიელმა მსახიობმა მია ვასიკოვსკამ, რომელსაც ძალიან მოეწონა ელენე ნავერიანის ეს ფილმი და ბედნიერი დამთხვევის წყალობით, სწორედ ის აღმოჩნდა კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე. ამ მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა ფილმში „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მთავარი როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა.
– ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ვსეირნობდით საღამოს სარაევოს ულამაზეს ქუჩებში, როცა გამაჩერა ერთმა ქალმა, რომელსაც ორი თანმხლები ჰყავდა და მითხრა, – გილოცავთ გამარჯვებას, ეთეროს თამაშის დროს თქვენი თვალების გამომეტყველებით უსიტყვოდაც მივხვდი, რას განიცდიდა ეს გმირიო. მეხუტნენ და მეფერნენ. ასე მგონია, მამიდაჩემის ამბავს ვუყურებდი ეკრანზეო, მითხრა ქალმა, რომელიც უცებ ვერ ვიცანი, მია ვასიკოვსკა ყოფილა. დედა და დეიდა ახლდნენ. თურმე სარაევოს ფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარეობდა.
ძალიან ლამაზი და კოხტაა სარაევო. მთელ ქალაქში ფესტივალის ბანერებია გაკრული. ძალიან კარგად ორგანიზებული ფესტივალია.
სურათზე: (მარცხნიდან მარჯვნივ) მია ვასიკოვსკას დედა, პროდიუსერი ქეთი დანელია, ეკა ჩავლეიშვილი, მია ვასიკოვსკას დეიდა
სადაც კი შევედით, მაღაზიაში, მუზეუმში, ფულის გადასახურდავებელ ჯიხურში, აფთიაქსა თუ სხვა სივრცეში, აბსოლუტურად ყველგან მცნობდნენ, მილოცავდნენ და მეხუტებოდნენ. ცრემლებით ევსებოდათ თვალები… სულ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მეუბნებოდნენ, -ეთეროს ისტორია ძალიან ჰგავს ჩემი ბებიის, დეიდის თუ მამიდის ისტორიასო. მართლაც, ძალიან სამართლიანი, ძლიერი და ამავდროულად, უსაყვარლესი პერსონაჟია ეთერო.
სამწუხაროდ, ფესტივალზე სხვა საკონკურსო ფილმების ნახვა ვერ მოვახერხე, ამიტომ არც კი ვიცი, ვის ვეჯიბრებოდი. ვიყავი ჩემთვის მშვიდად და უცებ არ გამოაცხადეს ჩემი სახელი!. . პატარა ოცნება მქონდა სულ – ოდესმე წითელ ხალიჩაზე თუ გავივლი, თუ დამაჯილდოებენ და სამადლობელ სიტყვას ვიტყვი, ნეტავ, ისე არ დავიბნე, რომ ჩემს ორ ცალ შვილს მადლობა არ გადავუხადო-მეთქი. ძალიან გამიხარდა, რომ მოვახერხე და კესანე და ლილინო ვახსენე. მადლობა ჩემს შვილებს, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით დგანან. მადლობა ელენეს, პროდიუსერებს ქეთი დანელიას და თომას რაიხლინს, გადამღები ჯგუფის თითოეულ წევრს. არანორმალური შრომა გავწიეთ ყველამ და დაგვიფასდა კიდევაც. კარგ ფესტივალებზე მოგზაურობს ჩვენი ფილმი, წინ ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი. უფრო მეტი ადამიანი ნახავს ამ ქართულ კინოსურათს და იმედი მაქვს, საინტერესო როლებს შემომთავაზებენ, – თქვა „აჭარასთან“ საუბარში ეკა ჩავლეიშვილმა, რომელიც პირობას არ არღვევს (ამ შეთანხმებაზე ადრე ვწერდით) და ჩვენს გაზეთს ყოველთვის ექსკლუზიურად აძლევს ინტერვიუს.
ეკას ნაამბობიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის მონაკვეთი, სადაც ამბობს, როგორ ცნობდა და ეფერებოდა სარაევოში ყველა. ეს, მართლაც, ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის. ვისურვებდი, ბათუმური კინოფესტივალიც, „ბიაფი“, ისეთი პოპულარული გამხდარიყოს, უპირველეს ყოვლისა, თავად ბათუმელებს შორის, რომ მთავარი ნომინაციების მფლობელებს ქუჩასა თუ ნებისმიერ დაწესებულებაში ყველა ცნობდეს. . .
თანაქალაქელების საყურადღებოდ, რომლებიც მოუთმენლად ელიან „შაშვი, შაშვი, მაყვალის“ ნახვას – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ „ბიაფის“ ორგანიზატორები ფილმის ჩვენებას ამ კინოფორუმის ფარგლებში გეგმავენ.