მთის ფილმების ფესტივალი – მესტიაში
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. მაყურებელი ნახავს იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, მთის ფილმების სექციაში კი – იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოტანილ სრულმეტრაჟიან ფილმებს.
ფესტივალს კანადიდან, გერმანიიდან და კორეიდან ჩამოსული ცნობილი კინოპორტალებისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტები აშუქებენ.
მაყურებელმა უკვე ნახა ფილმები: „იაპონური ბუდიზმი“ (იაპონია), „ბლეიზი“ (საფრანგეთი), „მთის ლეგენდები“ (ირლანდია), „ნურ შამსი“ (საუდის არაბეთი), „მთის დედოფალი“ (ყირგიზეთი),მწვერვალზე“ (იტალია),„მთის გზამკვლევები“ (სლოვაკეთი)…
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ზაზა ხალვაშის მხატვრული ფილმით `ლოტო~ – იგავი ზღვისპირა ქალაქზე~ გაიხსნა, რომელიც რეჟისორის ბოლო ნამუშევარია. სამწუხაროდ, ზაზა ხალვაში ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ფილმი ოჯახმა და მეგობრებმა რეჟისორის ჩანაწერების და სცენარის მიხედვით დაასრულეს. „ლოტოს“ მსოფლიო პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ხათუნა ხუნდაძემ აღნიშნა, საქართველოში ეს ფილმი პირველად აჩვენეს და მას ქართული პრემიერა უწოდა.
მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 26 აგვისტოს დასრულდება.