მასწავლებელთა ეროვნული დღე დაწესდა
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარის ინიციატივით, 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ დაწესდა. როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რიცხვი საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაუკავშირეს. მინისტრის ბრძანებით, 27 ოქტომბერს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით გადაეცემათ. „ ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათ, როგორც სოციალურ, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას შესთავაზებს. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, განათლების სამინისტრო დაადგენს კრიტერიუმებს, რომლების მიხედვითაც მოხდება მასწავლებელთა ისტორიების შეკრება იმის გათვალისწინებით, თუ რა წვლილი მიუძღვით მათ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში, რის შემდეგაც სპეციალური კომისია წლის საუკეთესო მასწავლებელს გამოავლენს.