გადაადგილდი გამონაბოლქვის გარეშე – ბათუმი მობილობის კვირეულს შეუერთდება
მანანა ტაკიძე 577 10 15 17 –
16-22 სექტემბერს ევროკავშირი მობილობის კვირეულს აღნიშნავს. ეს არის კამპანია, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მასში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მდგრადი მობილობის განვითარებისკენაა მიმართული. ამ დღეს უამრავი ქვეყნის მოქალაქე უარს ამბობს მანქანით გადაადგილებაზე და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებებს ირჩევს.
მობილობის კვირეულში 44 ქვეყნის 2 136 ქალაქია ჩართული. მათგან გამორჩეული ადგილი უკავია ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ზალცბურგი, ბრიუსელი, პრაღა, კოპენჰაგენი, ჰელსინკი, ჰამბურგი, ბუდაპეშტი, დუბლინი, რომი, ლისაბონი, ბარსელონა, სტოკჰოლმი და სხვები.
კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს გადაადგილებას გამონაბოლქვის გარეშე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი ველოსიპედითა და ფეხით სიარულით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო ხშირი გამოყენებით ან ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებით გადაადგილებით. კვირეულის ფარგლებში, ადამიანები გადაადგილების ჯანსაღ და ეკო-მეგობრულ გზებს იყენებენ და პოპულარიზაციას უწევენ მათ. ველოსიპედი, მოპედი თუ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტი, გარდა იმისა, რომ ქალაქში უფრო სწრაფად და მარტივად გადაადგილებაში გვეხმარება, ხელს გვიწყობს თავიდან ავირიდოთ გარემოს მეტად დაბინძურება, ხმაურიანი, გამონაბოლქვით სავსე ქუჩები და გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.
ევროპული მობილობის კვირეულს შეუერთდება თბილისი და ბათუმი. კვირეულის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს, ბათუმის მერის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, მელაშვილის, კოსტავას, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩებზე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 18 სექტემბრიდან აღდგება.