გრანტის მფლობელი პირველკურსელი სტუდენტების მხარდასაჭერად
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ის სტუდენტები, რომლებიც 70 და 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში, სასწავლო გრანტს მიიღებენ. კერძოდ, სტუდენტი, რომელსაც მოპოვებული აქვს 70 პროცენტი სასწავლო გრანტი, მიიღებს 1000 ლარს, ხოლო 100-პროცენტიან სასწავლო გრანტზე – 2000 ლარს. სტუდენტებზე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური დახმარება ერთჯერადად გაიცემა.
– გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, ასევე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოიპოვეს 70 ან 100 პროცენტის სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
დოკუმენტების მიღება დღეიდან, 15 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს, – აცხადებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.