მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის N 5 საჯარო სკოლას ეწვია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სრულად რეაბილიტირებული N 5 საჯარო სკოლიდან მიულოცა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები, თითოეულ მასწავლებელს კი შესაძლებლობა, მაქსიმუმი გააკეთოს განათლებული მომავალი თაობის აღსაზრდელად.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მიხარია, რომ ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში გააგრძელებთ ცოდნის მიღებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანაბარი პირობები ცოდნის მისაღებად და ყველაფერი გაკეთდება, რომ სამინისტროს პროგრამები იყოს ორიენტირებული წახალისებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დარწმუნებული ვარ აქ მიღებული ცოდნით იამაყებს როგორც თქვენი რაიონი, თქვენი მშობლები და ჩვენი ქვეყანა,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ქობულეთის N5 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა შენობის ფასადის, შიდა სივრცის რეაბილიტაცია. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს 7 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო.
წელს, რეგიონის მასშტაბით, კერძო და საჯარო სკოლებში რეგისტრირებულია 6520 პირველკლასელი.