აჭარა ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს მეთერთმეტედ უმასპინძლებს
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, 19-22 სექტემბერს ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება , რომელსაც ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.
19 სექტემბერს ფესტივალი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებით გაიხსნება. დასწრების მსურველთათვის უკვე დაგეგმილია სპეციალური გასვლითი ტურები 20 სექტემბერს – ჭოროხის დელტა, 21 სექტემბერს – პალიასტომის ტბა.
ფესტივალი რეგულარულად 2012 წლიდან იმართება სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს მასზე დასწრების სურვილს. ტრადიციულად, პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე . ესენია: ჭოროხის დელტა, სოფლები ჩაისუბანი და სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური, კოლხეთის ეროვნული პარკი. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებითა და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.
ცნობისათვის: 2008 წელს, გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ბათუმი რაპტორ ქოუნთი’’ პირველად გაასაჯაროვა, რომ ჩვენს რეგიონში 800 000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი დააფიქსირდა. აქედან მოყოლებული, ფრინველებზე დაკვირვების ასეულობით სპეციალისტი თუ მოყვარული სტუმრობს ჩვენს მხარეს.
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების სეზონი 2 თვეს გრძელდება, ოფიციალურად იწყება 16 აგვისტოს და 16 ოქტომბერს იხურება. ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი კი სექტემბერში იმართება, მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ჯერ კიდევ მაღალია, ბუნებასაც არ უცვლია ფერები, ფრინველთა მიგრაციის პროცესი კი ზენიტშია და ყველაზე მეტად მიმზიდველია როგორც ამ დარგის მეცნიერებისთვის, ისე მოყვარულებისთვის. ბათუმის სამიგრაციო დერეფანი ერთ-ერთი უმსხვილესია და სიდიდით მესამე ადგილს იჭერს მსოფლიოში.
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, ფესტივალის შექმნის იდეა კი გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას ,,ბათუმი რაპტორ ქოუნთი’’ ეკუთვნის.