გამომყევი აჭარაში და მოიგე 100 ათასი ლარი
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, 15 აგვისტოდან დაიწყო სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“, რომლის ფარგლებშიც ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და ცნობილ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, იმოგზაურონ აჭარაში, შექმნან საინტერესო კონტენტი, გაუზიარონ გამომწერებს და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100 000 ლარი. პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ჩართვა კამპანიის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
პროექტში მონაწილეობისათვის მისაღებად აუცილებელია ონლაინრეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაწილე, შემთხვევითობის პრინციპით, ირჩევს „სამოგზაურო პაკეტს“, რომელშიც წინასწარ იქნება განსაზღვრული აჭარაში მის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები (არაუმეტეს 7 ადგილი). კამპანიის მონაწილეებისთვის განაწილებული ადგილები შედგენილია „აჭარის ტურისტული ანბანის“ პროექტის მიხედვით. მასში შესულია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი, ცნობილი თუ ნაკლებცნობილი ტურისტული ადგილები, პროდუქტები და ობიექტები
აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ “სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში.
კამპანიის მთავარი პრიზის 100 000 ლარის მოსაგებად, აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური 10 მილიონზე მეტი წვდომა.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ კამპანიის “გამომყევი აჭარაში“ მიზანია, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ – ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირება. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს, ჩაერთოს კამპანიაში, იმოგზაუროს აჭარაში და შექმნას მრავალფეროვანი კონტენტი.
გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეული მიიღებს 20000 – 20000 ლარს.
ამ ეტაპზე, მთავარი პრიზის მოსაგებად 30 – ზე მეტი კონკურსანტი იბრძვის.