ბათუმის თოჯინების თეატრი – საერთაშორისო ფესტივალებზე
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წელსაც წარმატებით გამოდის სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, რამდენიმე ხნის წინ კი მსოფლიოს თოჯინების თეატრების ყველაზე პრესტიჟულ, შარლევილის ფესტივალზე იმყოფებოდა. საფრანგეთიდან დაბრუნებული თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრა, სადაც სპექტაკლით „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ (რეჟისორი – იოსებ ბაკურაძე) წარსდგა და ისევ წარმატებით გამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლმა ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც წელს თებერვალში პირველად გაიმართა, ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“ გაიმარჯვა (კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე). სხვათა შორის, აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა გასული წლის დეკემბერში შედგა და ბილეთების გაყიდვის რაოდენობით, ბოლო ათი წლის რეკორდი მოხსნა.
ბათუმის თოჯინების თეატრმა თბილისის მოძრაობის თეატრში ერთი საფესტივალო და ერთიც არასაფესტივალო ჩვენება გამართა.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომელიც ფესტივალზე ბათუმის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარეხ ტუღუშმა ჩვენი გაზეთის თხოვნით ჩაიწერა.
იოსებ ბაკურაძე, „მოძრაობის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი:
– თბილისის ფესტივალი წლებია ტარდება და სხვადასხვა დასს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც მასპინძლობს. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ ისევ გრძელდება პროცესი. გვიხარია, რომ ბათუმის თეატრი სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ თოჯინურ ჟანრში, ფაქტობრივად, ერთადერთი სპექტაკლი მათ წარმოადგინეს. წარმოდგენამ უცხოელ სტუმრებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
იმედა თავდგირიძე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი:
– თბილისის ფესტივალი მნიშვნელოვანია და ძალიან გაგვიხარდა მიწვევა – საშუალება მოგვეცა, ჩვენი სპექტაკლი ორჯერ წარგვედგინა. ეს ფესტივალი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს და ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. რაც შეეხება „მოძრაობის თეატრს“, ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და ვფიქრობ, ეს მეგობრობის საუკეთესო მაგალითია. ვიმედოვნებ, რომ ამ ორ თეატრს ერთმანეთთან კიდევ მრავალი შემოქმედებითი კავშირი ექნება.
როჯერ მაკკანი, -ს საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების დირექტორი (ბრიტანეთი):
– სპექტაკლში გადმოცემულია ისტორია, რომელიც მულტფილმებიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით და რთულია, იგი ისე შესთავაზო მაყურებელს, რომ არ გაიმეორო უკვე არსებული ხაზები. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ისაა, რომ ამ ისტორიის ორიგინალური ხედვა შემოგვთავაზეს. საინტერესოა ისიც, თუ როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს თოჯინები და ადამიანები (რეალური მსახიობები). ვიჯექი პატარა ბავშვის უკან და რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ მეც ამ ბავშვივით ვიყავი ჩართული სპექტაკლში. ეს ძალიან კარგი შერძნება იყო.
აცუში კაკუმოტო, იაპონიის თეატრის წარმომადგენელი:
– მინახავს თოჯინების თეატრის ბევრი სპექტაკლი, რომელშიც მსახიობებიც თამაშობენ და საკმაოდ კარგადაც. აქ ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ის, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს თოჯინისა და ადამიანის ხასიათი და როგორ იმეორებს ერთი – მეორეს. ეს გაძლევს შესაძლებლობას, ჩაწვდე ისტორიის სიღრმეებს. მე ვიცი საბავშვო სპექტაკლების რამდენიმე ფესტივალი და ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლის რეკომენდირება ასეთი ფესტივალებისთვის აუცილებელია.