ბათუმში მულტიბრენდული სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ გაიხსნა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
დღეს დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური მულტიბრენდული სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ გაიხსნა. იგი ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 29 ნომერში მდებარეობს. მულტიბრენდული კონცეფციის მოლი ტანსაცმლის, თეთრეულის, აქესესუარებისა თუ ტექნიკის ბრენდმაღაზიებს, ასევე, გასართობ, ფიტნეს და კვების ობიექტებს აერთიანებს.
ადგილზე მისულ მომხმარებლებს ორი დღის განმავლობაში – 6 და 7 ოქტომბერს, ფასდაკლებები, ექსკლუზიური შეთავაზებები და სხვადასხვა აქტივობა ელოდებათ.
„ბათუმი გრანდ მოლთან“ პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს ბანკმა, ასევე, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გააფორმეს.
პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდა. პარტნიორობის ფარგლებში, ენერგოეფექტური დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანიამ დამატებით მიიღო გრანტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორები არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.
– მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გავხსენით, რომლის ფართობი 24 000 კვმ-ია. მოლში 100-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი. მათ შორის, მასიმო დუტი, ზარა, მანგო, სტრადივარიუსი, ტომი ჰელფიგერი, ლაკოსტა, გრანტი, გესი, პოლო, ჯორდანო და სხვა. მოლში განთავსებულია როგორც კვების ობიექტები, ასევე, ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტურია, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35%-მდე შეამცირებს, – განაცხადა „ბათუმი გრანდ მოლი“ ინვესტორმა ამირან დარჩიძემ.
– საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არა მხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, სადაც ამ დროის მონაცემებით 750-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ სვანიძემ.
– მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ბათუმში სავაჭრო ცენტრის გახსნას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც ინვესტიციის შემადგენელი ნაწილია, სავაჭრო ცენტრის მუშაობისას ნაკლები ენერგიის გამოყენებას გულისხმობს, ეს კი მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, – განაცხადა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლენ ჰანსენმა.