„სახლი ღრუბლებში“ – პრემიერა დრამატულ თეატრში
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორ პეტრე ჩარგეიშვილის სპექტაკლის – „სახლი ღრუბლებში“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და მამა-შვილის ურთიერთობასა და ოჯახურ დრამაზე მოგვითხრობს. მათი დიალოგები იუმორით არის გაჯერებული, რაც მაყურებელს უადვილებს სათქმელის სწორად აღქმასა და გააზრებას. შინაარსის მიხედვით, სოფელში სტუმრად ჩასული შვილი ცდილობს, ალცჰაიმერით დაავადებულ მამას მდგომარეობა შეუმსუბუქოს იმით, რომ გადაწყვეტს, მამის ცხოვრების წესით იცხოვროს, რაც ნამდვილად არ აღმოჩნდება ადვილი. უწევს, ახირებები აიტანოს, თამაშ-თამაშით დააბრუნოს სახლში ჩემოდნით ხელში უმისამართოდ არაერთხელ წასული მამა. სპექტაკლის დასასრულს ჩანს, როგორ უმტყუნებს შვილს ნერვები და შენიშვნას აძლევს მამას, რომელიც მალევე გარდაიცვლება, შვილს კი სინდისის ქენჯნა არ ასვენებს. ნანობს, მამასთან მეტი დრო რომ არ გაატარა. სპექტაკლი გვასწავლის, რომ მეტად მომთმენები და ყურადღებიანები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რადგან არავინ ვიცით, ხვალ რას გვიმზადებს ბედისწერა.
– ჩემთვის ამ სპექტაკლში თამაში იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ორი მსახიობი ვიდექით სცენაზე და მთელი დატვირთვა ჩვენზე მოდიოდა. სათქმელი სწორად უნდა მიგვეტანა საზოგადოებამდე. ორმაგად სასიამოვნო და ამავე დროს საპასუხისმგებლო იყო ის ფაქტიც, რომ ვითამაშე ძალიან გამოცდილ მსახიობთან, ბატონ ნოდარ ძიძიგურთან, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. ვფიქრობ, პრემიერა შედგა, რადგან მაყურებლისგან ზღვა ემოცია წამოვიდა, – გვითხრა სპექტაკლში მონაწილე მსახიობმა ზურაბ გორგილაძემ.