საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ერისიონის“ გრანდიოზული კონცერტით დაიხურა
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
სექტემბრის ბოლოს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ჩვენმა ქალაქმა 8 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლა. ფესტივალი ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მეათე წელია ტარდება. აღნიშნული ფონდი ცნობილმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა.
საიუბილეო ფესტივალმა მსმენელს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა (თუმცა თავისი შინაარსით ეს ფესტივალი ყოველ წელსაა გამორჩეული). ჩვენს ქალაქს ცნობილი ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვივნენ.
პროგრამაში, გარდა შესანიშნავი კონცერტებისა, შეტანილი იყო მასტერკლასები, სადაც ნიჭიერ ახლგაზრდებს პროფესიონალებმა მოუსმინეს. ამ მოსმენებზე ყოველწლიურად ჩამოდის ცნობილი მუსიკოსი მიშელ სონი და წელსაც ასე იყო.
ფესტივალისთვის მაესტრო დავით მუქერიამ ნიჭიერი მუსიკოსებისგან საფესტივალო ორკესტრი შექმნა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა რამდენიმე მუსიკოსმაც უდირიჟორა.
ფესტივალში არაერთი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რაც მნიშვნელოვანია. დიდი დოზით იყო წარმოდგენილი საგუნდო მუსიკაც და ერთი შესანიშნავი საღამო სწორედ მას მიეძღვნა.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ეს ფესტივალი უკვე მეექვსე წელია ,იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება – ბათუმით იუნესკოს დაინტერესება ქართული კულტურის პოპულარობას, ჩვენი ქალაქის პრესტიჟულობას უსვამს ხაზს და ის, რომ ასეთი სოლიდური სტატუსის მქონე ფესტივალი ბათუმში ტარდება, უთუოდ დიდი მონაპოვარია.
ფესტივალზე როგორც უცხოური, ასევე ქართული კლასიკური, ფოლკლორული მუსიკა იყო წარმოდგენილი. ამასთან, საესტრადოც, რაც აქამდე არ ყოფილა. ამიტომ პროგრამამ ყველა გემოვნების მაყურებელი დააკმაყოფილა.
ფესტივალის ბოლო დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრის მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში ქართული-ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური, ერთ-ერთი უძველესი ანსამბლი „ერისიონი“ წარსდგა. მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებულმა
„ფერხულმა“, „ხორუმმა“, აფხაზურმა“, „სვანურმა“, „ქართლ-კახურმა საზეიმომ“, „აჭარულმა“, „ჩაკრულომ“ „ოსურმა“, „მარულამ“ და ბევრმა სხვა ნომერმა მოხიბლა დარბაზი, ამიტომაც თითოეულ მათგანს მხურვალე ტაშით ეგებებოდა.
– ძალიან პოპულარული გახდა ფესტივალი, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა როგორც მის ორგანიზატორს, ისე მხარდამჭერებს – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტროს, აჭარის მთავრობას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. . . არაერთ მხარდამჭერსა და თანამდგომს, ამით ძალიან დიდი საქმე კეთდება. მადლობა ფონდ „ლირას“, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა – ბევრ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსს უკვალავს გზას. დღეს გამორჩეულად მინდა მოვეფერო ჩემს მსახიობებს, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ასეთი კმაყოფილები დარჩენილიყავით, მადლობა თქვენ ასეთი გულთბილი მიღებისთვის, – აღნიშნა „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ (ედიშერ) ჭკუასელმა. მან სცენაზე ხელმეორედ გამოიყვანა ანსამბლის სოლისტი თორნიკე გელაშვილი, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია, ანსაბლში მოღვაწეობს და თავისი სურვილით დაასრულა კარიერა. მოცეკვავე-მსახიობს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დარბაზმა შესანიშნავი ხელოვნებისთვის. „მიხარია, რომ „ერისიონში“ ჩემს კარიერას ხელოვნების ქალაქში დავემშვიდობე. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემთვის აპლოდისმენტები არ დაიშურა“, – გვითხრა მან.
– ფოლკლორის არაჩვეულებრივი საღამოთი დასრულდა ბათუმის მეათე საიუბილეო შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელმაც გააერთიანა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე სხვა ქვეყნების ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება. ფესტივალის ფარგლებში აღმოჩენილია არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანონ ქართული ხელოვნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სიახლე, რომელსაც ფესტივალი გვთავაზობს და ესაა მრავალფეროვნება. ვფიქრობ,ფესტივალი ამ ქალაქში თავის ისტორიას უკვე წერს. ამიერიდან, ახალი ათწლეულის ათვლა იწყება, – აღნიშნა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.