„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ – ახალი ჯილდოს მოლოდინში
ელენე ნავერიანის მხატვრულმა ფილმმა „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით არცთუ ისე დიდი ხნის წინ გადაიღო, უკვე არაერთი ჯილდოს მოპოვება შეძლო, რომლებზეც ვწერდით „აჭარის“ ფურცლებზე. სხვათა შორის, ფილმის პრემიერაც სწორედ, ბათუმში, კინოფესტივალ ,,ბიაფის” ფარგლებში, დიდი წარმატებით გაიმართა.
ამჯერად, ქართველი კინომოყვარულები და მათ შორის ბათუმელები, რომლებიც განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ ამ ფილმს მასში ჩვენი თანაქალაქელი ეკა ჩავლეიშვილის მონაწილეობის გამო, კვლავ გაგვახარა საინტერესო სიახლემ – „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის 2023 წლის ჯილდოს პრეტენდენტთა გრძელ სიაში მოხვდა.
დაჯილდოებამდე ჯერ კიდე თვენახევარია, 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება, მაგრამ კიდევ ერთი წარმატების მოლოდინიც გვახარებს.
ვფიქრობთ, არც ფილმის, არც ეკა ჩავლეიშვილის მიერ შესრულებული მთავარი გმირის ღირსებები დარჩება შეუმჩნეველი ევროპულ კინოაკადემიას და „შაშვი, შაშვი მაყვალი“ კიდევ ერთი ჯილდოთი გაიმდიდრებს წარმატებების ხურჯინს.