აჭარული ორნამენტებით ნაქსოვი და ნაქარგი ნივთები – „მზევინარის ატელიეში“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
ორგანიზაცია „მწვანე სექტორი“ საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს – „ღორჯომის ხეობის მეგზურთა კლუბი“, რომლის მიზანია ღორჯომის ხეობის ტურისტული პოტენციალის ფართოდ წარმოჩენა და პოპულარიზაცია. მოცემული პროექტის ფარგლებში, მედიაორგანიზაციების და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ღორჯომის ხეობაში მოეწყო საინფორმაციო ტური, რომელიც მოიცავდა თემატურ სემინარსა და სადემონსტრაციო ვიზიტებს. მონაწილეები მზევინარ ირემაძის სახელოსნოს ვესტუმრეთ და ღორჯომელი ქალების მიერ შექმნილ ხალხური რეწვის ნიმუშებს – აჭარულ ნაქარგობებს გავეცანით.
ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში მცხოვრებ მზევინარ ირემაძეს თავისი სამკერვალო – „მზევინარის ატელიე“ აქვს, სადაც ადგილობრივი ქალბატონები ჰყავს დასაქმებული. მზევინარი ეტლით მოსარგებლეა, იგი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრია. თავის სამკერვალოში აჭარული ორნამენტებით ნაქსოვი, ნაქარგი ნივთების, ასევე, მათი შეკერილი ტანსაცმლის მცირე საგამოფენო კუთხეც აქვს მოწყობილი და მათი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია. როგორც თავად გვითხრა, ონლაინშეკვეთებსაც იღებს. ასე უფრო მეტ ადამიანს აცნობს აჭარულ ხელნაკეთ ნივთებს, რის შექმნასაც ადგილობრივი ქალები დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ. როგორც მზევინარი ამბობს, ძირითადად, თანამედროვე ტანსაცმლის შეკერვაზე იღებენ შეკვეთებს. მისი სამომავლო გეგმაა საკუთარი მაღაზიის ბათუმში გახსნა, სადაც აჭარულ ნაქსოვ-ნაქარგ ნივთებს გაყიდის.
– პატარა ვიყავი, როცა ქარგვა და კერვა ბებიისგან ვისწავლე. სამკერვალოს გახსნა მუნიციპალიტეტის ცენტრში მომხმარებლების რჩევით გადავწყვიტე. ჯერ საკერავი მანქანების, ქსოვილისა და სამკერვალოსთვის საჭირო სხვა ინვენტარის შესაძენად ფულს ვაგროვებდი. ჩემთან, ღორჯომში, სხვადასხვა ტანისამოსის შესაკერად ბევრი ადამიანი ამოდიოდა. ამიტომ გადავწყვიტე, გამეხსნა ატელიე, რათა მომხმარებელს ადგილზე მოვმსახურებოდით. 2017 წლიდან საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი ვარ. თავიდან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაგვაფინანსა. საწყის ეტაპზე ძაფებით მოგვამარაგეს. ვქსოვდით ვქარგავდით, გამოფენებსაც ვაწყობდით. თბილისში „ეთნო-დიზაინში“ აჭარულ ტრადიციულ ნაქსოვ ხელთათმანებს, ასევე ჩვენ შექმნილ ჩანთებსა და აქსესუარებს ვყიდდით. შემდეგ დაფინანსებაზე განაცხადი დავწერე და ევროკავშირის პროგრამამ და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა ჩემი სამკერვალო, რომელიც 2020 წელს გავხსენით. ამ ეტაპზე 2 ადამიანი მყავს დასაქმებული სამკერვალოში, ქარგვაზე კი 5-6 ქალბატონი. ტანისამოსის შეკერვაზე შეკვეთებს, ძირითადად, ადგილობრივი, ხულოს მოსახლეობისგან ვიღებთ, ნაქარგებს კი უფრო თბილისში ვაგზავნით. შეკვეთებზე ონლაინაც ვმუშაობთ. ნაქარგებისთვის ტილოს ქსოვილს ვიყენებთ, რომლებიც ძირითადად თბილისის ე.წ. ლილოს ბაზრობიდან ჩამოგვაქვს, ძაფებს კი ბათუმში ვყიდულობთ. სამომავლოდ, ჩემი ოცნებაა ბათუმში ჩვენი ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის გახსნა. ადგილობრივი გიდები მეუბნებიან, რომ როცა ტურისტები ჩამოდიან, სამახსოვროდ ბევრ აქსესუარს და სასაჩუქრე ნივთებს ყიდულობენ. ძალიან კარგი იქნება, ასეთი მაღაზია მქონდეს ბათუმში, – გვითხრა მზევინარ ირემაძემ.