ძველი ლიფტები ახლით ჩანაცვლდება
მანანა ტაკიძე 27 48 93 –
ბათუმის მერია ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორისაა ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროგრამა. ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლით შეცვლის პროგრამა მერიამ ამხანაგობებს 2018 წელს შესთავაზა და დღემდე სხვადასხვა პროცენტის შეღავათით სარგებლობდნენ. 2021 წლამდე ლიფტების შესაცველად ამხანაგობებს 8 %-ის გადახდა უწევდათ, 92 %-ს კი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო აფინანსებდა. 2021 წლიდან თანადაფინასების პროცენტი შეიცვალა და ამხანაგობებს მხოლოდ 1 %-ის გადახდა ევალებათ.
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორ აკაკი ბერიძის განმარტებით, 2018 წლიდან დღემდე, შეიცვალა 117 ლიფტი, რისთვისაც 9 176 589 900 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები მიმდინარეობს 56 ლიფტზე, რისთვისაც 4 938 603 ლარია გათვალისწინებული.
ამ ეტაპზე, ტენდერი დასრულდა კიდევ 59 ლიფტის მოწყობაზე, სამუშაოებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. აღნიშნული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, სამუშაოების დასრულების ვადად კი 2024 წლის 10 დეკემბერი განისაზღვრა.
ძველი, ამორტიზებული ლიფტების ახლით შეცვლის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები, ამ ეტაპზე, ახმეტელის პირველ, ტაბიძის 19-ში და აღმაშენებლის ქუჩის 5, 7,16 და 24 ნომრებში მიმდინარეობს. აკაკი ბერიძის განმარტებით, პროგრამა მომავალშიც გაგძელდება.