ღამის დროებითი თავშესაფრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება
ბათუმის მუნიციპალური, ღამის დროებითი თავშესაფრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძე და ბათუმის საკერბულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ადგილზე გაეცნენ.
არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, ღამის დროებით თავშესაფარში, კომფორტულ გარემოში ღამისთევას 70 ბენეფიციარი შეძლებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის სერვისები მიეწოდებათ. ბენეფიციარებს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევათ პირველადი სამედიცინო დახმარება, შეძლებენ ორჯერადი კვების მიღებასა და სხვა საჭირო სერვისებით სარგებლობას. პროექტი ოთხსართულიანი შენობის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. სამუშაოები, რომლისთვისაც 2 მილიონ 500 ათასი ლარია გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
.-